LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩუტყვავილისგან გარდაცვლილი ბავშვის ოჯახი ექიმებს უჩივლებს

120

იაშვილის კლინიკაში ჩუტყვავილის ვირუსით გარდაცვლილი 3 წლის ბავშვის ოჯახის წევრები აპირებენ, სასამართლოში იჩივლონ. „ფორტუნას“ ბავშვის მამიდამ განუცხადა, რომ გარდაცვალების მიზეზი იაშვილის კლინიკისა და ინფექციური საავადმყოფოს ექიმების გულგრილობა გახდა.

ბავშვის მამიდის ინფორმაციით, 3 წლის გოგონას ჩუტყვავილა გასულ კვირას, ხუთშაბათს დაუდგინდა. ბინაზე გამოძახებულმა პედიატრმა მას შესაბამისი მკურნალობა დაუნიშნა და მშობლებს უთხრა, რომ მდგომარეობა რთული არ იყო.

მოგვიანებით, გოგონას მუცლის ქვემოთ შეშუპება შენიშნეს და ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. გარდაცვლილის მამიდის თქმით, ბავშვი ვერ შარდავდა და კათეტერის ჩადგმა იყო საჭირო, თუმცა, საავადმყოფოში განუცხადეს, რომ არ ჰყავდათ უროლოგი და ვერც გამოიძახებდნენ. ბავშვის მამიდა „ფორტუნასთან“ ამბობს, რომ მისი ძმიშვილი ექვსი საათის განმავლობაში ექიმების ყურადღების გარეშე იყო დარჩენილი, ამის შემდეგ კი ისინი იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაამისამართეს.

პაციენტის მამიდის თქმით, ექიმებმა ბავშვის მიმართ ყურადღება არც იაშვილში გამოიჩინეს და მისი მიღება არც სურდათ, რადგან მიიჩნევდნენ, რომ ის ინფექციური საავადმყოფოს პაციენტი იყო და არა მათი, თუმცა საბოლოოდ მისი დაწვენა მოხერხდა და გაუკეთეს გადასხმაც, თუმცა ბავშვი გარდაიცვალა.

ოჯახი გეგმავს, მიმართოს კონსულტაციისთვის იურისტებს და ორივე კლინიკის ექიმებს გულგრილობისთვის უჩივლოს.

რადიო „ფორტუნა“ დაუკავშირდა იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, თუმცა თამარ ჩეჩელაშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს, ჯერ-ჯერობით, ვერ გააკეთებენ.

ბავშვის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გუშინ პორტალმა „კვირამ“ გაავრცელა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები