LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩვენ არ ვეთანხმებით ამ განაჩენს” – პროკურატურა ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეს გაასაჩივრებს

42

მთავარი პროკურორი ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე გამოტანილ განაჩენს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მისთვისაც გაუგებარია სასამართლოს გადაწყვეტილება. როგორც ირაკლი შოთაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მიუხედავად გამამტყუნებელი განაჩენისა, პროკურატურა ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

„ჩვენთვის, როგორც ბრალდების მხარისთვის, ძალიან მნიშვნელვოანია, რომ სასამართლომ დამნაშავედ ცნო ორი ბრალდებული, ერთი გამტყუნდა მკვლელობაში, მეორე მკვლელობის მცდელობაში. მიუხედავად იმისა, რომ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, ჩვენ მაინც არ ვეთანხმებით ამ განაჩენს. გაუგებარია რაზე დაყრდნობით მიიღო მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება და არა სხვაგვარი. როგორც ბრალდების მხარე, ვერ ვსაუბრობ დეტალებზე და ველოდები განაჩენის სამოტივაციო ნაწილს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ კითხვები, რომელიც არსებობს, არ დარჩეს პასუხგაუცემელი,“ –  აღნიშნა შოთაძემ.

მთავარი პროკურორი ზაზა სარალიძეს სთავაზობს ამ საქმესთან დაკავშირებით გარკვეულ ღონისძიებებს. საქართველოს მთავარი პროკურატურის გადაწყვეტილებით, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის გამოძიებაში საერთაშორისო უცხოელი პროკურორები ჩაერთვებიან. ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ისაუბრა.

„ჩვენ უკვე გვქონდა კომუნიკაცია შვეიცაერიის ერთ-ერთი ქალაქის სასამართლო საექსპერტო ბიუროსთან, რომელიც არის მსოფლიოში ერთ -ერთი სახელგანთქმული ბიურო. ვხედავთ, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კითხვის ნიშანი სწორედ ამ საექსპერტო დასკვებთან აქვს ზაზა სარალიძეს. ჩვენ არ ვხდით საეჭვოდ სამხარაულის არცერთ ექსპერტიზას. მათ გადაეგზავნებათ ყველა ნიმუში. ჩვენ დაზარალებულს ვთავაზობთ ასევე, მის ადვოკატთან ერთად, შესაძლებლობა მიეცემა დაუსვას შვეიცარიის საექსპერტო ბიუროს. გარდა ამისა, ზაზა სარალიძეს კითხვის ნიშნები აქვს გამოძიებასთანაც. გადავწყვიტეთ ამ სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაში ჩავრთოთ უცხოელი პროკურორები, რომლებიც ჩაერთვებიან უშუალოდ გამოძიების პროცესში. ზაზა სარალიძეს მიეცემა შესაძლებლობა, უშუალოდ იმუშაოს ამ უცხოელ პროკურორებთან,“ – აღნიშნა შოთაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები