LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ მივდივართ მილანში

60

მადრიდის ”ატლეტიკო” ჩემპიონთა ლიგის ფინალშია. ”ატლეტიკო” არ თამაშობს ევროპაში ყველაზე თვალსასეირო ფეხბურთს, მაგრამ ენა არავის მოუბრუნდება ამ გუნდის დიდ წარმატებებს ვინმემ უსამართლო უწოდოს. მეტიც, ხარ თუ არა ამ ისტორიული და მაგარი წარსულის მქონე გუნდის გულშემატკივარი, დღევანდელი ”ატლეტიკო” მის მიმართ ყველას პატივისცემით განაწყობს.

”ატლეტიკომ” ჩამოიშორა ის ”ბარსელონა”, რომლის გაჩერება თითქოს ამქვეყნად არავის შეეძლო. ახლა კი ”ატლეტიკომ” გაიარა ურთულესი ბარიერი, გერმანული გიგანტი, რომელიც დომინანტურ ფეხბურთს თამაშობს და გზად ყველაფერს თელავს. ცოტა დააკლდა რეკორდმაისტერს ამ ციხესიმაგრესავით აღმართული მადრიდული ბარიერის დასაძლევად, მაგრამ საბოლოოდ მაინც არ გამოუვიდა. რატომ? ძნელია ერთი კონკრეტული მიზეზი თქმა, რამდენიმე კი ალბათ ასე გამოიყურება – ბრძოლის ჟინი, გამარჯვების წყურვილი, გუნდური სულისკვეთება და… დიეგო სიმეონე. რა თქმა უნდა, არ უნდა დავივიწყოთ ფეხბურთელების კვალიფიკაცია, შეთამაშება, ტაქტიკა და იღბალიც კი, რაც საერთო ჯამში ”ატლეტიკოს” ბოლო წლების სტაბილურ წარმატებას განაპირობებს.

მიუნხენში იყო დიდი ფეხბურთი, ყველაფერი ის, რითაც ლამაზია და მიმზიდველი ეს თამაში: დრამა, ნერვები, დაძაბულობა, სახიფათო შეტევები, პენალტები (ორი და ორივე გაფუჭებული), გაგიჟებული ტრიბუნები და დაუვიწყარი ემოცია. ორივე გუნდმა ნამდვილი ფეხბურთი აჩუქა გულშემატკივარს და ამისთვის ორივეს მადლობა ეკუთვნის.

”ატლეტიკო” დამსახურებულად გავიდა ფინალში და ვინც არ უნდა შეხვდეს, უკვე აქედანვე შეიძლება იმის თქმა, რომ ეს გუნდი იმსახურებს უმაღლეს ტიტულს.

”ატლეტიკოს” ოფიციალურ საიტზე მოკლედ წერია: ჩვენ მივდივართ მილანში!

ბაიერნი-ატლეტიკო 2:1 (0:1)

გოლები: 1:0 ჩაბი ალონსო (31), 1:1 გრიზმანი (53), 2:1 ლევანდოვსკი (74)

ბაიერნი: ნოიერი – ლამი, ხავი მარტინესი, ბოატენგი, ალაბა – ჩაბი ალონსო – დუგლას კოშტა (73. კომანი), ვიდალი, მიულერი, რიბერი – ლევანდოვსკი

ატლეტიკო: ობლაკი – ხუანფრანი, ხიმენესი, გოდინი, ფილიპე ლუიში – გაბი, ფერნანდესი (46. ფერეირა-კარასკო), კოკე (93. სავიჩი), ს. ნიგესი – გრიზმანი (82. თომასი), ფ. ტორესი

შენიშვნა: მიულერმა ვერ გაიტანა პენალტი (34), ტორესმა ვერ გაიტანა პენალტი (84)

გაფრთხილება: ხავი მარტინესი – ხიმენესი

კუთხური: 12-2 ჯარიმა: 14-9 თამაშგარე: 3-2 კარში დარტყმა: 35(12)-7(4) ბურთის ფლობა: 67%-33%

მაყურებელი: 70 000

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები