LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩვენ შევქმნით ქართულ სახელმწიფოს, რომელიც არ იქნება არავის მონა”

47

ე.წ. ქართველთა მარშის ორგანიზატორებმა აქციაზე ახალი ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ჩამოყალიბების შესახებ ამცნეს შეკრებილ საზოგადოებას. აღმაშენებლის გამზირიდან მარჯანიშვილის მოედნისკენ გადანაცვლებულმა აქციის მონაწილეებმა, ორგანიზატორების გამოსვლები მოისმინეს.

მათ მოუწოდეს ხალხს, რომ საქართველოს მტრების წინააღმდეგ გაერთიანებულიყვნენ. აღნიშნულ განცხადებას, აქციის მონაწილეები ოვაციებით შეხვდნენ.

“ჩვენ შევქმნით ქართულ სახელმწიფოს, რომელიც არ იქნება არავის მონა. ეს ქვეყანა იქნება ქართული-საქართველოსთვის, სადაც იქნება ქართული ზნეობა, მორალი და ტრადიციები. ეს არის ჩვენი წინაპრების ოცნება. ეს არის ეროვნულ – გამათავისუფლებელი მოძრაობის დასაწყისი. ეს არის ილიას გზა. ჩვენ ვართ ილიას გზის გამგრძელებლები. ეროვნული მოძრაობა არასდროს ჩაცხრება. ჩვენ გავიმარჯვებთ”, – განაცხადეს მათ.

აქციაზე განსაკუთრებული ოვაციები მოჰყვა გია კორკოტაშვილის (კორკოტას) გამოსვლას, რომლებმაც აქციის მონაწილეებს მიმართა:

“ჩემო დებო, ძმებო, შვილებო, გემრიელო ხალხო… ჩვენ ვართ კაცმოყვარე, ძალიან მაღალი ზნეობის ხალხი. ჩვენ მშვიდობიანად ჩავიარეთ და ვუთხარით ბოლოჯერ: ცოტა გონს მოეგეთ… ჩვენ გავიარეთ ჩვენს აღმაშენებელზე.

არაფერი გაგვაჩნია, მარტო ღირსება გვაქვს და ამ ღირსებას ვერავის გავათელინებთ რა”, – აღნიშნა მან და შემუშავებული პეტიცია წაიკითხა, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი აპროტესტებენ უცხო ეროვნების წარმომადგენლების მასიურ და კომპაქტურ დასახლებას საქართველოში.

კორკოტაშვილის თქმით, თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, ქართველები მალე უმცირესობაში აღმოჩნდებიან.

მან რამდენჯერმე გაუსვა ხაზი იმას, რომ აქცია მშვიდობიანია, თუმცა ეს ბოლო გაფრთხილებაა. კორკოტაშვილმა აღნიშნა, რომ თუ მათი მოთხოვნები ერთ კვირაში არ შესრულდება “ქართველთა მარში” რადიკალურ ზომებს მიმართავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები