LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ სულმოუთმენლად ველით, რომ ერთ დღეს საქართველოს ნატოში ვიხილავთ – ჰიზერ ნაუერტი

102

ჩვენ სულმოუთმენლად ველით, რომ ერთ დღეს საქართველოს ნატოში ვიხილავთ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ჰიზერ ნაუერტიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკლ პომპეოსა და საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს შორის გამართული შეხვედრა შეაჯამა და აღნიშნა, რომ აშშ-მა საქართველოს მისი მხარდაჭერა დაუდასტურა.

“სახელმწიფო მდივანი მაიკლ პომპეო შეხვდა საქართველოს პრემიერმინისტრს და აშშ-საქართველოს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების სიმტკიცე დაუდასტურა.

ათი წლის წინ რუსეთი თავს დაესხა საქართველოს და აგრძელებს მისი რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის – ოკუპაციას. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული და მისი მიმდინარე ოკუპაციის პირობებში ადგილი აქვს ადამიანების მკვლელობებს, გატაცებებს და სხვა სამართალდარღვევებს, საქართველო მაინც განაგრძობს დემოკრატიული ინსტიტუტების რეფორმას და ეკონომიკის განვითარებას. აშშ დგას საქართველოს გვერდით, ამერიკელი და ქართველი ჯარისკაცები გვერდიგვერდ იბრძვიან ავღანეთში, სადაც ამ ქვეყნის მონაწილეობა ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე დიდია ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილე ქვეყნებს შორის. ჩვენ სულმოუთმენლად ველით, რომ ერთ დღეს საქართველოს ნატო-ში ვიხილავთ. აშშ აგრძელებს ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და აშშ გააგრძელებს საქართველოს ძალისხმევის ხელშეწყობას სამართლის უზენაესობისა და ანგარიშვალდებული მმართველობის გასაძლიერებლად,” – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები