LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენებს ევროპაში ისევ გააქვთ: ზოგს მეშვიდედ, ზოგს პირველად

70

ქართველი ლეგიონერებს ბოლო პერიოდში კარგი დროება უდგათ. ჩვენებმა თავი მორიგ ევროპულ ტურშიც გამოიჩინეს.

ავსტრიაში გიორგი ქვილითაიას “რაპიდმა” საკუთარ მოედანზე აუტსაიდერი “სენტ პოლტენი” მიიღო და მინიმალური სხვაობით – 2:1 გაიმარჯვა. ქართველმა ფორვარდმა 90 წუთი ითამაშა და გოლი გაიტანა. მე-5 წუთზე სწორედ მან გამოიმუშავა პენალტი და თავად შეძლო მისი რეალიზება. ამ სეზონში ეს ქართველის მეშვიდე გოლია.

 

ჰოლანდიის ერედივიზიონის 30-ე ტურში მორიგი მარცხი განიცადა “ვიტესმა”, რომელიც სტუმრად “ბრედასთან” ვერას გახდა (0:1). გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო.

 

ესპანეთის ლა ლიგა 2-ის 34-ე ტურში “სარაგოსამ” “უესკა” დაამარცხა (1:0). გიორგი პაპუნაშვილი 55-ე წუთზე ჩაერთო თამაშში.

 

უკრაინის ჩემპიონატში ლიდერმა დონეცკის „შახტარმა“ სტუმრად 2:0 მოუგო „ვერესს“. მატჩი 25 წლის ქართველი მცველისთვის დავით ხოჭოლავასთვის გამორჩეული იყო, რომელმაც „შახტარის“ მაისურით უკრაინის ჩემპიონატში თავისი პირველი გოლი გაიტანა. ხოჭოლავამ 79-ე წუთზე ახლო მანძილიდან ზუსტად დაარტყა. მან 90 წუთი ითამაშა.

 

სლოვაკეთში უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო ვახტანგ ჭანტურიშვილის ტრნავას “სპარტაკმა“, რომელმაც ბრატისლავის “სლოვანს“ 1:0 სძლია. ჭანტურიშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ბოლოს გაფრთხილებაც მიიღო. ტრნაველები 10-ქულიანი უპირატესობით ლიდერობენ და ჩემპიონობას მიუახლოვდნენ.

 

პოლონეთში, “არკა” გდანსკში დამარცხდა “ლეხთან” 2:4. ლუკა ზარანდია ძირითად შემადგენლობაში იყო და ისევ გაიტანა გოლი (წინა შეხვედრაში, თასზე გამოიჩინა თავი). ეს ჩემპიონატში მისი პირველი გოლია.

ლაშა დვალის “პოგონი” ვარშავაში, “ლეგიასთან” უშანსოდ დამარცხდა (0:3). ქართველმა მცველმა 77-ე წუთამდე ითამაშა.

“პლოცკმა“ სტუმრად 3:1 სძლია “იაგელონიას“ და მეოთხე ადგილზეა. გიორგი მერებაშვილს მცირე ტრავმის გამო არ უთამაშია. განაცხადშიც არ იყო.

ნიკა კაჭარავამ 58-ე წუთიდან ითამაშა “შლიონსკი“-“კორონას“ მატჩში (1:1). კაჭარავას “კორონა“ მეექვსეზეა.

 

გოლით გამოიჩინა თავი ჯაბა კანკავამაც. ყაზახეთში, “ტობოლმა” შინ “ატირაუ” ანგარიშით 3:2 დაამარცხა. გამარჯვების გოლი კი სწორედ კანკავამ გაიტანა. “ტობოლის” შემადგენლობაში ასევე ითამაშა ნიკა კვეკვესკირმა, რომელიც მოედანზე 46-ე წუთზე შევიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები