LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენი ხელისუფლების დიდი შეცდომა, რაც რუსეთის თავგასულობაში ვლინდება – ოპოზიცია სირიის გადაწყვეტილებას აფასებს

142

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, რომან გოცირიძე სირიის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის „დამოუკიდებლად აღიარებას“ რუსეთთან წარმოებული უსუსური პოლიტიკის შედეგად მიიჩნევს.

ამასთან, გოცირიძე ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ იმუშავა ირანთან, რომელსაც სირიაზე გარკვეული გავლენა აქვს.

„რუსეთთან რბილი, მომრიგებლური პოლიტიკის შედეგია ის, რომ რუსეთი არასდროს იხდის არც პოლიტიკურ და არც ეკონომიკურ ფასს საქართველოსთან დაკავშირებით. არასდროს მომხდარა სანქციების დაწესება რუსეთის წინააღმდეგ საქართველოსთან მიმართებაში და ეს არის საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი დიდი შეცდომა, რაც რუსეთის თავგასულობაში ვლინდება,“ – განაცხადა გოცირიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, ეს იმის არაპირდაპირი შედეგიცაა, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, რუსეთს, გასული წლების განმავლობაში „არცერთხელ არ მოუწია პოლიტიკური ფასის გადახდა ყველა იმ დარღვევაზე, რასაც ადგილი ჰქონდა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და ანექსიასთან მიმართებაში.“

სამადაშვილის განცხადებით, იქიდან გამომდინარე, რომ სირია რუსეთის მოკავშირეა, ახლა მთავარია საქართველომ მთელი სართაშორისო ასპარეზი გამოიყენოს იმისთვის, რომ სირიის მსგავსად, სხვა ქვეყნებმაც არ „აღიარონ“ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ „დამოუკიდებლობა“.

„ევროპული საქართველო“ სირიის მიერ დე ფაქტო აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობისგან პასუხს ითხოვს და ამ მიზნით, საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის პარლამენტში დაბარებას აპირებს. პარტიის ერთ-ერთი წევრის, პარლამენტის ვიცე სპიკერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ დიპლომატიური მუშაობა ახლო აღმოსავლეთში გაააქტიუროს.

„ჩვენ პასუხები უნდა მივიღოთ მთავრობისგან, რის გაკეთებას აპირებს და რა ნაბიჯები იგეგმებოდა,“ – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები