LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენთვის არ არსებობს დახურული ტენდერები და დახურული ინფორმაცია – მაია ცქიტიშვილი

54

სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს ხვდება საქართველოს ვიცე პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი.

როგორც უწყებაში აცხადებენ, მინისტრი კომპანიების წარომადგენლებს მინისტრის პირველი მოადგილესთან, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი ქარსელაძესთან ერთად ხვდება და მათ დაგეგმილ პროექტებზე გამოსაცხადებელ ტენდერებთან დაკავშირებით ინფორმაციას წინასწარ აწვდიან.

ცქიტიშვილის განცახდებით, წინასწარ მიწოდებული ინფორმაცია საშუალებას აძლევს კომპანიებს უკეთ მოემზადონ და დაგეგმონ თავიანთი საქმიანობა.

“ასეთი ფორმატის შეხვედრები არის უკვე პრაქტიკა, რომელიც სამინისტროში დავნერგეთ. ჩვენ წინასწარ ვაწვდით კომპანიებს ინფორმაციას იმ ტენდერების თაობაზე, რომლის გამოცხადებასაც ვგეგმავთ. ამჯერად, ეს შეხვედრა საგზაო დეპარტამენტის მიერ არის ინიცირებული, თუმცა, სამინისტროს სისტემაში შემავალი სხვა საქვეუწყებოებიც იგივე პრაქტიკას მისდევენ. წინასწარ მიწვდილი ინფორმაცია საშუალებას აძლევს კომპანიებს უკეთ მოემზადონ და დაგეგმონ თავიანთი საქმიანობა. ტენდერები გახდება უფრო კონკურენტუნარიანი და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ჩვენ უზრუნველვყოფთ თანაბარ წვდომას ყველა დაინტერესებული პირისთვის. ჩვენთვის არ არსებობს დახურული ტენდერები, დახურული ინფორმაცია, გვინდა რომ ეს პროცესი კიდევ უფრო გამჭვირვალე გავხადოთ და უზრუნველვყოთ უფრო აქტიური ჩართულობა ჩვენი კომპანიების მხრიდან,“ – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მან რამდენიმე მსხვილი პროექტი გამოყო, რომლებზეც ტენდერი უნდა გამოცხადდეს.

,,ამ პაკეტში, რომელსაც ჩვენ კომპანიებს ვთავაზობთ არის, დაახლოებით, 186 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები, ეს საორიენტაციო თანხაა, რომელიც იმედი გვაქვს, რომ ტენდერის შედეგად დაიკლებს. გამოვყოფდი რამდენიმე საკმაოდ საინტერესო ტენდერს: ეს არის ბარისახო-შატილის დამაკავშირებელი 55 კმ-იანი გზა და საჩხერე-ონის დამაკავშირებელი გზის 2 ლოტი, რომლის საერთო სიგრძე 8.5 კმ-ია. ამ მიმართულებებით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტებისთვის კომფორტულ გადაადგილებას და რეგიონების განვითარებას. ასევე, რეაბილიტირდება ოკაცეს კანიონთან მისასვლელი- გორდი-ძეძილეთის დამაკავშირებელი გზა. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ისეთ მონაკვეთებსაც, სადაც აქამდე ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა,“ – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები