LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჭყონდიდის მიტროპოლიტი ხელისუფლებას დეკანოზ გიორგი მამალაძის თავდებით გათავისუფლებას ურჩევს

100

ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე ცაავა ხელისუფლებას მიმართავს, დეკანოზი გიორგი მამალაძე თავდებით გაათავისუფლონ. ამის შესახებ მეუფე პეტრე ცაავამ ”რუსთავი 2”-ის გადაცემაში ”არჩევანი” განაცხადა.

მისივე თქმით, ეს იქნება ჰუმანური და ქრისტიანული გადაწყვეტილება.

”მე მინდა შემთხვევით ვისარგებლო და ჩემი თამამი აზრი გამოვთქვა. მე არ ვიცი, რამდენად უწყობს კანონი ხელს და რამდენად შესაძლებელია ეს ამ მძიმე ბრალდებიდან გამომდინარე, მაგრამ მე მიაჩნია, რომ გონიერება უნდა აღმოაჩნდეს ხელისუფლებას, რომ დეკანოზი გიორგი, ამ მძიმე ბრალდებით დაკავებული, თავდებით უნდა გათავისუფლდეს. რა თქმა უნდა, გამოძიება უნდა გაგრძელდეს მაღალპროფესიონალურად. რა თქმა უნდა, მას არ უნდა მიეცეს საქართველოს დატოვების უფლება. ის, რომ მამა გიორგის გარეთ ყოფნა რაიმე საფრთხეს წამოადგენდეს, ამას გამოვრიცხავ.

ეს იქნება ძალიან დიდსულოვანი, ძალიან ჰუმანური, ძალიან ადამიანური და ქრისტიანული გადაწყვეტილება, თუ, რა თქმა უნდა, ჩემს ამ თამამ აზრს და რჩევას გაითვალისწინებენ”, – განაცხადა მეუფე პეტრემ.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ფაქტზე დააკავეს. გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც საქართველოს პროკურატურას მიმართა და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ”ციანიდის” მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, იყო თუ არა ეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი.