LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ციპრასი კვირიკაშვილს-“მოხარული ვარ, რომ საქართველოსათვის ამ უმნიშვნელოვანეს დღეს გმასპინძლობთ”

91

“მოხარული ვარ, რომ საქართველოსათვის ამ უმნიშვნელოვანეს დღეს საბერძნეთი გმასპინძლობთ. გილოცავთ ვიზალიბერალიზაციას! დარწმუნებული ვარ საქართველო მაქსიმალურად გამოიყენებს ვიზალიბერალიზაციით მიღებულ შესაძლებლობებს,” – ამ სიტყვებით შეეგება საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ქართველ კოლეგას.

პირისპირ გამართულ შეხვედრაზე ალექსის ციპრასმა გიორგი კვირიკაშვილს საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის ამოქმედება მიულოცა და ხაზი გაუსვა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ალექსის ციპრასს საქართველოს მხარდაჭერისთვის. მან ბერძენ კოლეგას საბერძნეთის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და საბერძნეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე წლისთავის მნიშვნელობაზე.
პრემიერ-მინისტრებმა გამოთქვეს მზაობა, გააძლიერონ თანამშრომლობა საერთო მიზნების მისაღწევად და კიდევ უფრო განამტკიცონ ორ ქვეყანას შორის არსებული ისტორიული კავშირები.

მხარეებმა გაფართოებული ფორმატის შეხვედრაზე გადაინაცვლეს, სადაც განიხილეს საქართველოსა და საბერძნეთის პარტნიორული ურთიერთობების ძირითადი საკითხები და იმსჯელეს ეკონომიკის, ვაჭრობის, ტურიზმის, კულტურის, განათლების სფეროებში თანამშრომლობის კუთხით არსებულ პოტენციალზე. ყურადღება გამახვილდა საინვესტიციო ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე. აღინიშნა, რომ ახლო მომავალში დაგეგმილია ბერძნული ბიზნესდელეგაციის ვიზიტი თბილისში, რაც ბერძენ ბიზნესმენებს საქართველოს საინვესტიციო გარემოს უკეთ შესწავლის შესაძლებლობას მისცემს.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა კიდევ ერთხელ გამოხატა სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესებისადმი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები