LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცხოვრება გაძვირდა – რატომ იმატებს ადგილობრივი პროდუქციის ფასი?

რატომ ძვირდება ქართულ ბაზარზე პროდუქცია

და სად გაქრა ადგილობრივი საკვები?

 

ცხოვრება გაძვირდა – საქსტატის მიერ გამოქვეყნებულმა ბოლო კვლევამ, ამაში კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა.

2017 წლის იანვარში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით 2,9 პროცენტი შეადგინა. წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სამომხმარებლო ფასების ინდექსი 3,9 პროცენტით. გაიზარდა,სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ფასები გაიზარდა 4,2 %-ით. ამ ჯგუფმა საერთო ინფლაციაში 1,27 პროცენტული წვლილი შეიტანა.უფრო მეტად, 6,2 პროცენტით, გაძვირდა ალკოჰოლური სასმელები და თამბაქოს პროდუქცია. ფასები 22 პროცენტზე მეტად გაიზარდა ბოსტნეულისა და ბაღჩეულის ქვეჯგუფში. გაძვირდა, ასევე, ხილი და ყურძე ნი თითქმის 9 პროცენტით; რძის, ყველისა და კვერცხის ფასმა 3 პროცენტზე მეტად მოიმატა; ამგვარადვე გაძვირდა ზეთისა და ცხიმის ქვეჯგუფი; თითქმის 3-პროცენტიანი ზრდა აღინიშნა თევზეულსა და ხორცპროდუქტებზე.

ალკოჰოლური პროდუქტებისა და საწვავის ფასების განსაკუთრებულად შესამჩნევი ზრდა, აქციზის გაზრდილი გადასახადის დამსახურებაა.

ხოლო სურსათზე (განსაკუთრებუთ ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე, ასევე ხილზე) ფასების ზრდას სოფლის მეურნეობის სამინისტრო სეზონურობას უკავშირებს.

„ფასების ზრდა თუნდაც ბაღჩეულსა და ბოსტნეულზე სეზონურია. ასე ხდება ყოველ წელს და განსაკუთრებული ამაში არაფერია“, – განაცხადეს სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

 

პირდაპირი კონტაქტი გლეხებთან

„ფორტუნა“ ამ თემაზე ერთ–ერთ პორტალ SOPLIDAN.GE-ს დამფუძნებელ ნათია ნინიკელაშვილს დაუკავშირდა. პორტალი მსურველების სოფლის პროდუქტებით მომარაგებას უზრუნველყოფს.

როგორც ნათია ნინიკელაშვილმა განაცხადა, ბოსტნეულზე ფასები დეკემბრიდან გაიზარდა და თებერვალშიც შენარჩუნდა იგივე დონე. თუმცა, მან „ფორტუნასთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ მათი მიმწოდებლები (ანუ გლეხები, რომლებთანაც ურთიერთობა აქვთ) მაქსიმალურად ცდილობენ ფასები არ გაზარდონ და მომხმარებლები არ დაკარგონ.

შესამაბისად, ნათიამ განაცხადა, რომ ბოსტნეულზე ფასები კატასტროფულად არ გაზრდილა. თუმცა ფასების ზრდა მათთვისაც შესამჩნევია ხორცპროდუქტებზე.

„ზოგადად, გაძვირდა სხვადასხვა პროდუქტები, გლეხებს გაუძვირდა ცხოვრებაც და პროდუქტების მოყვანაც, შესაბამისად ისინი უფრო მაღალ ფასში ყიდიან პროდუქტებს. თუმცა, განსაკუთრებული ფასების ზრდა არ დაგვიფიქსირებია. ზამთრის პერიოდში ფასები იზრდება. ჩვენი ბიზნესი დეკემბრის, იანვრის და თებერვლის მონაცემებით, დასკვნებს ვერ გამოიტანს. მარტშიც თუ არ დაიწია ფასებმა, შემდეგ უკვე შეიძლება გარკვეული ანალიზის გაკეთება“, – განაცხადა ნათია ნინიკელაშვილმა „ფორტუნასთან“.

 

ხორცპროდუქტების დეფიციტი

ხორცპროდუქტების ნაკლებობას მის დეფიციტს უკავშირებენ ფერმერთა ასოციაციაში. დეფიციტი კი ასოციაციის თავმჯდომარის ნინო ზამბახიძის განცხადებით, გაზრდილმა ექსპორტმა გამოიწვია.

„აქამდე თუ მხოლოდ აზერბაიჯანში გადიოდა ცოცხალი პროდუქტი, ახლა გადის ქუვეითში, ირანში. მოთხოვნა ცოცხალ პროდუქტზე მზარდია. ეს ერთის მხრივ კარგია, რადგან ქვეყნის ეკონომიკას აძლიერებს. გლეხები შემოსავალს დოლარში იღებენ თანაც იმაზე მეტს, ვიდრე ადგილობრივ ბაზარზე. მეორე მხრივ, რეალურად ქვეყანაში ხორცპროდუქტების დეფიციტი ნელ–ნელა შეინიშნება“, – განაცხადა ფერმეთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძემ „ფორტუნასთან“.

ის ვარაუდობს, რომ მარხვის პერიოდში 2–3 ლარით გაძვირებული ხორცპროდუქტების ფასი ისევ დასტაბილურდება.

„მარხვის პერიოდში ფასები ყოველთვის კორექტირდება, გაზაფხულზე კი შინაური ცხოველების გამრავლების პერიოდია, შესაბამისად ვიმედოვნებ, რომ ეს დეფიციტი ამოივსება“, – განაცხადა ნინო ზამბახიძემ.

აღსანიშნავია, რომ 2016 წელს საქართველოდან განხორციელებული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი 13.1%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. 2016 წელს 12.1 მლნ აშშ დოლარით (5.8%) გაიზარდა ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტირებული აგროსასურსათო პროდუქციის ღირებულება

 

 

საზოგადოებას გაზრდილი ფასები აშინებს

მომხმარებელთა უმრავლესობა გაზრდილ ფასებზე პროტესტს გამოთქვამს. ისინი ამბობენ, რომ პროდუქტების ფასების ზრდა თითოეული მათგანის ჯიბეზე აისახა.

„თამბაქოს გაძვირება ძალიან კარგია. აქამდეც უნდა მომხდარიყო ეს. თუმცა საწვავზე და საკვებ პროდუქტებზე ფასების ზრდა კატასტროფულია. ეს თითოეულ მოქალაქეზე აისახება. ისედაც შემოსავლის უდიდესი ნაწილი კვებაზე იხარჯება, ახლა ეს წილი კიდევ უფრო გაიზარდა, რადგან პროდუქტები ოჯახში არ შემიმცირებია, თუმცა ამას ხომ რაღაცის დანაკლისის ხარჯზე ვაკეთებ?“, – განაცხადა „ფორტუნასთან“ თემურ ჯაოშვილმა.

„ორ ვარიანტს გეტყვით: მაგალითად, ერთ-ერთ უდიდეს სუპერმარკეტში (სადაც ხშირად დავდივარ), გარკვეულ პროდუქტებზე ფასები ნამდვილად გაიზარდა, თუმცა არა კატასტროფულად და არა ყველაფერზე. მეორე: ხილს და ბოსტნეულს ძირითადად საკოლმეურნეო ბაზარში ვყიდულობ და აქ თუ არის სხვაობა, ეს უფრო სეზონურობიდან გამომდინარე. თუნდაც მწვანილი ზამთარში ყოველთვის ბევრად ძვირია. იგივე ითქმის ყველზეც. აი ხილი ისევ ძველებურია ფასია და მცირედი სხვაობა იმის მიხედვითაა თუ როგორია მოთხოვნა-მიწოდება იმ კონკრეტულ დღეს“, – განაცხადა ნინომ.

„ბოლო ერთ თვეში ფასები განსაკუთრებით გაიზარდა. ნავთლუხის ბაზარში დავდივარ ძირითადად ან სუპერმარკეტებში. ზოგიერთი პროდუქტის რაოდენობა ამის გამო შევამცირე და ნაკლებს ვყიდულობ ხოლმე. სხვანაირად ვერ გაწვდება ჩემი ბიუჯეტი“, – განაცხადა ერთ–ერთმა დიასახლისმა  ჩვენთან.

 

ქართული პროდუქტის დეფიციტი

ფასების ზრდის ერთ–ერთი მთავარი მიზეზი – ადგილობრივ ბაზარზე ქართული ხილ-ბოსტნეულის დიდი დეფიციტია.

დღესდღეობით საქართველოს ბაზარზე ბოსტნეულის ძირითადი მომწოდებლები თურქეთი, ირანი, სომხეთი და აზერბაიჯანი არიან. ამ ქვეყნებიდან პროდუქციის იმპორტი განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში აქტიურდება.

ზამთრიდან განსაკუტრებით შეიმჩნევა ქართული პროდუქტის დეფიციტი, რაც განსაკუთრებით ბოსტნეულ კულტურაზე აისახება.

 

როგორ და რითი იკვებება საქართველო?

რთულია ჯანსაღ კვებაზე ვისაუბროთ მაშინ, როცა ხალხი მშიერია. ყოველ მესამე ოჯახს საქართველოში სურსათის საყიდლად საკმარისი ფული არა აქვს.

გამოკითხული ოჯახების უმრავლესობა (58%) აცხადებს, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში რომელიმე ჯგუფის სურსათის ნაკლებობა განიცადეს , – ამის შესახებ OXFAM-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში ”საქართველოში კვების ეროვნული კვლევა” არის ნათქვამი. კვლევა 2016 წლის მონაცემებს მოიცავს.

კვლევის მიხედვით, საქართველოში საკმაოდ ხშირია ხორცის დეფიციტი. საკვები პროდუქტების დეფიციტის თვალსაზრისით ყველაზე მძიმე პერიოდია ზამთრის მეორე ნახევარი და გაზაფხულის პირველი ორი თვე.

 ”სურსათის ნაკლებობის მთავარი მიზეზი ეკონომიკურია. საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ნახშირწყლოვან საკვებს მოიხმარს და განიცდის ხორცეულის და თევზეულის ნაკლებობას, რომელიც მდიდარია ცილებით, რკინით და A ვიტამინით. მოსახლეობის მხოლოდ 1/3 მოიხმარს რკინით მდიდარ საკვებს, რომელსაც ძირითადად იღებს ცხოველური წარმოშობის პროდუქციიდან. რკინით მდიდარი საკვების მოხმარება განსაკუთრებით დაბალია ქალებსა და ბავშვებში და წარმოადგენს 33-34%-ს,” – ნათქვამია კვლევაში.

OXFAM-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში შინ ყველაზე ხშირად სამ კერძს მიირთმევენ. ესენია – შემწვარი კარტოფილი, ლობიო და აჯაფსანდალი. აღსანიშნავია, რომ არცერთი ზემოთ აღნიშნული კერძი არ არის ხორციანი.

 

 

ჯაჭვური რეაქცია

7 მარტს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის სხდომა გაიმართება, სადაც შესაძლოა რეფინენსირების განაკვეთი კიდევ ერთხელ გაზარდონ.

ინფლაციის რეგულირება საქართველოს ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობაა. შესაბამისად, ინფლაციური მოლოდინების გაღრმავების თავიდან ასაცილებლად ეროვნულმა ბანკმა უკვე გაზარდა რეფინანსირების განაკვეთი, რომელიც ლარში გაცემული სესხების პროცენტის ზრდასაც იწვევს.

ამავდროულად აღსანიშნავია, რომ მთავრობა ლარიზაციის გეგმას ახორციელებს, რომელიც დოლარში გაცემული სესხების შემცირებას ითვალისწინებს.

მთავრობა ამ პროექტის განსახორციელებლად 65-მილიონიან სუბსიდიას გასცემს…

ეკონომისტების უდიდესი ნაწილი მთავარ პრობლემად ეკონომიკური ზრდის დაბალ მაჩვენებელს ასახელებს. ისინი „ფორტუნასთან“ საუბრისას აღნიშნავენ, რომ მთავრობა მხოლოდ ლოკალურად ცდილობს პრობლემების მოგვარებას, მთავარ პრობლემას კი უყურადღებოდ ტოვებს, რაც ფატალურ შედეგებს იწვევს.

 

თამთა უთურგაშვილი

პოპულალურები