LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილები უცნობის საეკლესიო პერფორმანსზე – „ზუსტად ეგეთი ყალბია ეკლესიის „ძალას და მადლს“ ამოფარებული სელებრითების 99%“

242

გია გაჩეჩილაძის, იმავე უცნობის პერფორმანსმა ქანდაში მდებარე ერთ-ერთ ეკლესიაში, სამღვდელო პირების მუსიკალური თანხლებით, საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. საზოგადოების ნაწილმა მისი „აღსარება“, რომელიც უცნობმა ეკლესიაში შესრულებული ლექსით გამოხატა, მოიწონა, ნაწილმა კი – დაიწუნა. ზოგი ამ ვიდეომ აღაშფოთა კიდეც და წერენ, რომ ეკლესიაში ამგვარი მუსიკალურ-თეატრალური პერფორმანსები მიუღებელია.

ვიდეომ სოციალური ქსელი ელვის სისწრაფით მოიარა და დიდი განხილვის საგნად იქცა. აზრს ცნობილი და საზოგადოებრივად აქტიური, ასევე საეკლესიო პირებიც გამოთქვამენ. გთავაზობთ რამდენიმე მათგანის მოსაზრებას.

ნიკა ქავთარაძე, იუმორისტი:

„უცნობის ვიდეოზე:

  1. ზუსტად ეგეთ შვილებს ზრდიან ამ ქვეყანაში მშობლები – უაზრო ლექსების პათეტიკურად თქმას ვგულისხმობ.
  2. ზუსტად ეგრე კითხულობენ „ლექსების მაგრად წამკითხველი“ მსახიობები ლექსებს – საგალობლების ფონზე.
  3. ზუსტად ეგეთი ყალბია ეკლესიის „ძალას და მადლს“ ამოფარებული სელებრითების 99%.
  4. ზუსტად ეგეთივე სასაცილოა უცნობის ყველა აქამდე გაკეთებული სიმღერა და ვიდეო.
  5. ვინც დღეს ამაზე იცინა, ალბათ მათ შორის არის ხალხი, ვინც დინამოს სტადიონი გაავსო უცნობის ექსტაზში მოსაყვანად.

ანუ, იმის თქმა მინდა, რომ ეს ტიპი არაფრით გამორჩეული იყო ყოველთვის და ჩვენ მაინც ვეცადოთ, თავს ვუშველოთ“.

ნიკა გვარამია, „რუსთავი 2“-ის გენდირექტორი:

„მე არ მაღიზიანებს პოპკულტურის და რელიგიის დამიქსვა. მეტიც, ამ გზით მასებთან ურთიერთობა ბევრად თანამედროვე და ეფექტიანი მგონია, ვიდრე ქართული ეკლესიის დროს ჩამორჩენილი რიტორიკა.

p.s. კარგი ლექსი რომ დაეწერა უცნობს და ის წაეკითხა, კარგი იქნებოდა.

p.p.s. უცნობ-პატარაგრეჩიხა საზოგადოებრივ მოვლენად მძაგს, პოპარტში კიდევ ნიჭიერი ეპატაჟისტი მგონია და ნუ შემიკიკინებთ“.

ლევან სუთიძე, ჟურნალისტი:

„2012 წელს მოსკოვის ქრისტე მაცხოვრის ტაძრის ამბიონზე პანკ-როკ ჯგუფ Pussy Riot-ის წევრები ავარდნენ და „ღვთისმშობელო ქალწულო განაგდე პუტინი“ იგალობეს. როგორც მოსალოდნელი იყო, დაიჭირეს და ციხეში ჩასვეს. მთელი მრევლეთი აგინებდა რუსი ფემინისტების ანტიპუტინურ გამოსვლას. მეც მაგრად მაგინეს, როგორ გაბედე და თქვი, ციხეში არ უნდა ჩაესვათ, როცა დასახვრეტები იყვნენო.

გავრცელდა ვიდეო, სადაც ამბიონთან, ლიტურგიკულ სამოსში შემოსილი ტაძრის წინამძღვრისა და სხვა მსახურთა გალობის თანხლებით, როგორც ირკვევა, პატრიარქის ნებართვით, საკურთხევლისგან ზურქშექცევით მდგარი ქართველი მამაკაცი შუა ტაძარში შეპყრობილის იერით რაღაც ერეტიკულ და ზოგგან ეროტიკულ ფორმულებს ბღავის. ერთი სიტყვით, სრული Chuchu Riot.

მე მაინტერესებს, სად არის მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი, უკვე რატომ არ მივარდა საპატრიარქოში?

სიწმიდეები რომ უხმობენ, ის ხალხი სად არის?“

მამა თამაზ ლომიძე:

„სანამ ამ თეატრალიზებულ, ლექსიან-წივილ-კივილიან აღსარებას გაავრცელებთ, დაფიქრდით, რა მცნება მოგვცა უფალმა ლოცვის შესახებ. თვითონ ქრისტე საკუთარ მოწაფეებსაც კი განერიდებოდა ხოლმე და განმარტოებული ლოცულობდა ზეციერი მამის წინაშე.

„როცა ლოცულობთ, ნუ იქნებით, როგორც თვალთმაქცნი, რომელთაც უყვართ სინაგოგებსა და ქუჩის კუთხეებში დგომა და ლოცვა, რათა ხალხს თავი მოაჩვენონ. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მათ უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური.

შენ კი, როცა ილოცებ, შედი შენს ოთახში, ჩაიკეტე კარი და ილოცე დაფარულში მყოფი შენი მამისადმი. და შენი მამა, რომელიც დაფარულში ხედავს, მოგიზღვავს შენ ცხადში.

ხოლო ლოცვის დროს ზედმეტს ნუ იტყვით წარმართებივით, რადგან მათ ჰგონიათ, რომ თავიანთი მრავალსიტყვაობის გამო შესმენილ იქნებიან.

ნუ დაემსგავსებით მათ, რადგან თქვენმა ზეციერმა მამამ იცის, რა გჭირდებათ, ვიდრე სთხოვდეთ“. (მათეს სახარება, თავი 6, 5-8)

შედი შენს ოთახში, ჩაიკეტე კარი, დაფარულად ილოცე და ზედმეტებს ნუ იტყვიო!

ლოცვას აყალბებს თეატრალიზება და მსახიობობა“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები