LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილი პედიატრი ეკა უბერი გირჩევთ, გრიპის რა სიმპტომების შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს

606

H1N1-ის ვირუსის გამო სკოლების გარკვეულ ნაწილში სწავლა შეწყვეტილია. ექიმები ამბობენ, რომ ეპიდემია არ არის, თუმცა სიფრთხილეს თავი არ სტკივა. პედიატრ ეკა უბერს დავუკავშირდით რჩვევებისთვის.

როგორ ამოვიცნოთ H1N1-ის ვირუსის სიმპტომები?

ეკა უბერი:

ცნობილია, რომ გრიპის ვირუსი აქტიურდება ნოემბრის შუა რიცხვებიდან და სეზონი გრძელდება მარტის შუა რიცხვებამდე. შესაძლოა, იყოს სხვა, მაგალითად, პარაგრიპი, რესპირატორული და ა.შ. მაგრამ ასეთ სეზონზე ყველაზე ხშირად გვხვდება A ტიპის ვირუსი, მისი ქვეტიპი გახლავთ H1N1, 2009 წლიდან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მას „ღორის გრიპი“ უწოდა.

ეს ვირუსი სიმპტომებით სხვებს ჰგავს, თუმცა ძირითად შემთხვევაში, მწვავედ იწყება, მაგალითად, მაღალი ტემპერატურით. თან ახლავს კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ყელის ტკივილი, გამონადენი ცხვირიდან, ხშირად არის გულისრევა ან ფაღარათი, საერთო სისუსტე.

როდის მივმართოთ ექიმს?

დადგენილია რისკ-ჯგუფები, რომელთათვისაც ეს ვირუსი საშიშროებას წარმოადგენს:

  1. 5 წლამდე ბავშვები, განსაკუთრებით 2 წლამდე
  2. 65 წელს გადაცილებული ადამიანები
  3. ქრონიკული დაავადებების მქონენი
  4. ორსულები

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ის, რაც საქართველოში ხდება, ეპიდემია არ არის. ამისთვის გაცილებით მეტი ადამიანი უნდა იყოს დაავადებული. უბრალოდ, არის პანიკა, ნაკლებად საფუძვლიანი.

თუკი ადამიანი ზემოთ ჩამოთვლილ რომელიმე ჯგუფს განეკუთვნება, ამ სიმპტომების გამოვლენისთანავე უნდა მიაკითხოს ექიმს. თუკი ამ ჯგუფში არ ხართ, მაგრამ გაქვთ მაღალი ტემპერატურა, რომელიც არ ემორჩილება სიცხის დამწევს პირველი 48 საათის შემდეგ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

რას იტყვით რუსი ექიმის მოსაზრებაზე, რომ ბავშვებს ცხვირში წყალბადის ზეჟანგის ჩაწვეთებით დავიცავთ ვირუსისგან?

ვფიქრობ, ეს ინფორმაცია ნაკლებ სარწმუნოა. წყალბადის ზეჟანგი ნამდვილად არის ანტისეპტიკური საშუალება, მაგრამ არა მგონია, მას ვირუსზე მომაკვდინებელი გავლენა ჰქონდეს.

თავდაცვის საშუალებებზე თუ ვისაუბრებთ, პირველია ის, რომ ინფიცირებულმა ადამიანმა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებისგან თავი შორს დაიჭიროს. აქ არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად აქვს მას გამოვლენილი გრიპის სიმპტომები, ყველა შემთხვევაში გადამდებია. თუკი სამსახურში მაინც უწევს წასვლა, გაიკეთოს პირბადე და იცვალოს ყოველ 2-3 საათში ერთხელ. აუცილებელია ხელების ხშირი დაბანა, მოკლედ, ჰიგიენა განსაკუთრებულად უნდა დაიცვას, რომ სხვებს არ გადასდოს გრიპი. არის ცხვირში ამოსასმელი საშუალებები, კრემები, ვირუსი ლორწოვანი გზით გადადის, შესაბამისად, ეს არის მექანიკური თავდაცვა, რომ ვირუსი ცხვირის საშუალებით არ მოხვდეს თქვენს ორგანიზმში, მაგრამ ეს ნაწილობრივი თავდაცვა გახლავთ, მთლიანად ვერ დაგიცავთ.

თავდაცვის ერთადერთი უტყუარი საშუალება გახლავთ გრიპის სეზონური ვაქცინაცია, რომელიც ძირითადად, სექტემბერ-ოქტომბრის პერიოდში ტარდება. არსებობს მტკიცებულებები, რომ ის 50-60%-ით ამცირებს დაავადების რისკს და დაავადების შემთხვევაში სიმპტომები გაცილებით მსუბუქია, ავადმყოფი კი შედარებით მალე გამოჯანმრთელდება და გართულებებსაც აიცილებს თავიდან. ვაქცინის უკუჩვენება მინიმალურია, ერთადერთი, არ არის რეკომენდებული მათთვისაც, ვისაც კვერცხზე ალერგია აქვს, რადგან ვაქცინა კვერცხის ცილაზე მზადდება…

ნინო მურღულია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები