LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Condition D/N- ახალი ქართული ბრენდი სამოსს აშშ-სა და გერმანიაში გაყიდის

211

Condition D/N – ეს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ახალი ქართული ბრენდია, რომელიც ბაზარზე რამდენიმე დღეში გამოჩნდება.

როგორც ბრენდის დამფუძნებელი და მთავარი დიზაინერი, დავით უზნაძე ამბობს, კონკრეტულ კოლექციაზე მუშაობა დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო და ამ დროში საკმაოდ მრავალფეროვანი კოლექცია შექმნა.

”უნდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ ამ სფეროში მთლად გამოუცდელი და ახალბედა არ ვარ, აქამდეც მქონია დიზაინთან და მოდის სფეროსთან შეხება, თუმცა, საკუთარი ბრენდი რამდენიმე თვის წინ ჩამოვაყალიბე. ამ კოლექციას რაც შეეხება – ერთი კონკრეტული ხაზი არ მაქვს არჩეული. კოლექცია საკმაოდ მრავალფეროვანია. ვმუშაობ როგორც ქეჟუალზე, ასევე კლასიკურ სამოსზე. მაქვს რამდენიმე სპორტული ლუქიც, რომლებიც შეუძლიათ მოირგონ როგორც მამაკაცებმა, ასევე ქალბატონებმა”, – აცხადებს ბრენდის დამფუძნებელი.

კითხვაზე რითია გამორჩეული Condition D/N ბაზარზე არსებული სხვა ბრენდებისგან, დავით უზნაძე ამბობს, რომ- ეს დეტალებია.

”შექმნა ინდივიდუალური სამოსი და საზოგადოებს თავი დაამახსოვრო – საკმაოდ რთულია, თუმცა მე მაქვს საკუთარი ხედვა, იდეები, რომლებსაც ამრავალფეროვნებენ ადამიანები, რომლებიც ჩემთან ერთად მუშაობენ კოლექციის შექმნაზე.  დეტალები, რომლის შექმნაშიც ეს ადამიანები მეხმარებიან ამრავალფეროვნებს და უფრო მეტ ინდივიდუალობას სძენს ჩემს კოლექციას, მაგალითად პრინტები, რომლის შექმნაშიც მეხმარება შესანიშნავი გრაფიკოსი Marus Eden. ქსოვილები, რომლითაც შექმნილია კოლექცია არის მაღალი ხარისხის. გამოყენებული მაქვს იაპონური აბრეშუმი, ასევე დიდი დოზით შეიცავს ტყავს, კონკრეტულად ირემის, აქლემის, საქონლის… დეტალებად გამოყენებული მაქვს მინერალები. შესაბამისად მასალას, რომლითაც კოლექცია შეიქმნა მაღალი თვითღირებულება გააჩნია. ამის მიუხედავად, ვცდილობ, მინიმალურ ფასნამატზე ვიმუშავო, რათა სამოსი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იყოს”, – განმარტა დიზაინერმა.

როგორც  Condition D/N-ის დამფუძნებელი ამბობს,  ახალი ქართული ბრენდით უცხოეთში უკვე დაინტერესდნენ. იგეგმება კოლექციის ნაწილის გაგზავნა ავსტრიაში, გერმანიასა და აშშ-ში, სადაც დავით უზნაძე პოტენციურ პარტნიორებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ადგილობრივს ბაზარს რაც შეეხება, აქ Condition D/N-ის პროდუქცია რამდენიმე დღეში გამოჩნდება და საწყის ეტაპზე ონლაინ, ბრენდის ოფიციალურ გვერდზე გაიყიდება. სამომავლოდ კი წარმოების გაფართოება, ახალი კოლექციის შემქნა და ასევე საკუთარი ატელიეს გახსნა იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები