LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცოტა რამ გრეგორი პორტერის შესახებ – ის, ვისაც აუცილებლად უნდა მოუსმინოთ თბილისის ჯაზფესტივალზე

135

10-13 ნოემბრის ჩათვლით თბილისში ნამდვილი ჯაზსურნელი დატრიალდება. თბილისის ჯაზფესტივალის სტუმრებს შორის საკმარისია დავასახელოთ პიანისტი ჯეიმი კალუმი და საქსოფონისტი ქენდი დალფერი, რომლებიც დიდი ხანია, ქართველ მელომანთა მუსიკალური ოცნებების რიგში არიან.

თუმცა დღეს თქვენს ყურადღებას დღევანდელი ჯაზსამყაროს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ვოკალისტის, გრეგორი პორტერისკენ მივაპყრობთ. ამერიკელი ჯაზის, ბლუზის, სოულისა და გოსპელის შემსრულებელი „გრემის“ მფლობელი გახლავთ საუკეთესო ჯაზალბომისთვის, რომელიც 2013 წელს გამოსცა. მანამდე პორტერს ანგარიშზე ორი ალბომი ჰქონდა და „გრემის“ ნომინაციაც, თუმცა „Blue Note Records“-თან თანამშრომლობა ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური ჯილდოს მიღებით დასრულდა – „Liquid Spirit“ მართლაც საუკეთესო ნამუშევარია პორტერის შემოქმედებაში. სხვათა შორის, მას ისეთი კომერციული წარმატება ხვდა წილად, რომელიც ჯაზმომღერლებისთვის არცთუ ხშირი სიამოვნებაა, დიდ ბრიტანეთში ალბომის 100 000 ეგზემპლარი გაიყიდა, შესაბამისად, მას „ოქროს“ სტატუსი მიენიჭა.

2016 წელს მისი რიგით მეოთხე ალბომი გამოიცა – „Take Me To The Alley“. თბილისურ კონცერტზე, პორტერი როგორც ძველ, ისე ახალ სიმღერებს შეასრულებს ამ ახალი ალბომიდან.

გრეგორი პორტერი ხშირად არის სხვადასხვა ტელეგადაცემის სტუმარი. ბოლოს ტომ ჰენკსის პატივსაცემად „You Got A Friend“ ტელეშოუში „The One“ შეასრულა. 2016 წლის 26 ივნისს ჯაზვოკალისტი ცნობილი „Glastonbury Festival“-ის სცენაზე გამოვიდა…

აღსანიშნავია, რომ მომღერალთან შეხვედრა, მისი ავტოგრაფის მიღება და კონცერტზე, ასევე მის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის პრემიერაზე დასწრება, ანუ ვიაპი ბილეთი ორ ადამიანზე საკმაოდ ძვირი ღირს, 10 000 ფუნტი.

საქართველოში მის კონცერტზე დასწრება, რასაკვირველია, ბევრად იაფი დაგიჯდებათ. ასე რომ,  ეწვიეთ საიტს tkt.ge გრეგორი პორტერის არაჩვეულებრივ საღამოზე თქვენი ადგილის მოსაპოვებლად.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები