LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცვლილებები კანონში თამბაქოს კონტროლის შესახებ – ნორმების შემსუბუქება არ იგეგმება

83

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში მორიგი ცვლილებები შედის.  ცვლილებების თანახმად, თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებით შეზღუდვები იხსნება უმაღლესი საგანმანათლებლო, პროფესიული, სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, თუმცა დგინდება გარკვეული პირობები, კერძოდ კი, მოწევა შესაძლებელი იქნება სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში, რომელთა რაოდენობა 3-ს არ უნდა აღემატებოდეს.

ცვლილებების პროექტი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა, რომელიც კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ წარადგინა.

ცვლილებით, თამბაქოს მოწევის დაშვება შესაძლებელი გახდება თეატრალური წარმოდგენის დროს, რეჟისორის შემოქმედებითი ჩანაფიქრის განხორციელების მიზნით, მსახიობის მიერ როლის შესრულებისას. კანონპროექტის თანახმად, კანონის მე-10 მუხლს ახალი ქვეპუნქტი ემატება, რომლის მიხედვით, საგამონაკლისო წესში მოექცევა სათამაშო აპარატების სალონი, რომლის მოწყობის ნებართვისთვის დადგენილია სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთი არანაკლებ 200 ათასი ლარის ოდენობით.

აკაკი ზოიძის განცხადებით, წარმოდგენილი ცვლილებებით კანონში მოქმედი პრინციპები არ იცვლება და ნორმების შემსუბუქების შემოღება არც მომავალში იგეგმება.

„ეს არის ამ კანონის ბოლო ცვლილება, რომელიც გარკვეულ მიდგომებს ამსუბუქებს. მომავალი ცვლილებები იქნება მხოლოდ გამკაცრებაზე მიმართული და ჩვენ ამ კუთხით საზოგადოების მხარდაჭერის იმედი გვაქვს,” – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ, კომიტეტმა კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე გატანას.

თამბაქოს კონტროლის ალიანსმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერია, რომ ალიანსი ემიჯნება პარლამენტში, ჯანდაცვის კომიტეტის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილების ზოგიერთ პუნქტს, რომელთა მიხედვით თამბაქოს კონტროლის კანონში ცვლილებები იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები