LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაბლოკილი ვიკიპედია, ბრძოლა ჰომოსექსუალიზთან და სხვა შეზღუდვები: ქართველი სტუდენტის თვალით დანახული თურქეთი

375

დაბლოკილი ვიკიპედია, ჰიჯაბი კარიერისთვის და ტვიტერზე პირატული წვდომა – ეს 21-ე საუკუნის თურქეთია.

„სხვა თურქეთში ჩამოვედი და რადიკალურად სხვა ქვეყანაში ვცხოვრობ“ – უყვება „ფორტუნას“ ჰაჯეთთეფეს უნივერსიტეტის ქართველი სტუდენტი, თურქოლოგი სანდრო ბაკურაძე.

„თურქეთი რადიკალურად 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ შეიცვალა, ცვლილებების შემჩნევა ყოველ ნაბიჯზე შეიძლება“…

 

ორი ბიჭი ერთ ოთახში არ იცხოვრებს

ანკარაში სადაც ჩვენი რესპოდენტი სწავლობს, სტუდენტური საერთო საცხოვრებლები ჯერ სქესის მიხედვით განაცალკევეს, შემდეგ კი ახსნა-განმარტების გარეშე კიდევ ერთი შეზუდვა დააწესეს.

„ერთ დღეს გამოვიდნენ და განაცხადეს, რომ სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში ორ ბიჭს ერთ ოთახში არ უნდა ეცხოვრა. რატომ?  მიზეზი თავადაც იცით! – ასე განმარტეს.

მომხდარი სტუდენტებმა ჰომოსექსულიზმთან ბრძოლად აღიქვეს.

 

თავსაფრიანი დედაკაცი: როგორ აიწყობს გოგონა კარიერას

„თავსაფრის დაფარებას გოგონებს ოფიციალურად კანონი არ  აიძულებს, თუმცა ბოლო პერიოდია თავსაფარი კარიერული წინსვლის ერთ-ერთ იარაღად იქცა. საჯარო უწყებებში ქალებს,  რომლებიც თავსაფარს ატარებენ გაცილებით უკეთესი პირობები და მეტი შანსი აქვთ“, – გვიყვება ქართველი სტუდენტი.

„თავსაფრის თემა თურქეთში ოჯახიდან მომდინარეობს და ქალაქისგან განსხვავებით რეგიონებში გაცილებით რთული ვითარებაა. უთავსაფროდ გამოსულ ქალს რადიკალებით დასახლებულ რეგიონში საფრთხე არ ასცდება და ამაზე პოლიცია მუდმივად თვალს ხუჭავს“, – ამბობს სანდრო, რომელიც მომავალი პროფესიიდან გამომდინარე ხშირად სტუმრობს თურქეთის რეგიონებს.

 

 

სოცქსელებსა და ტელეარხებზე პირატული წვდომა

თურქეთში ჩასული ადამიანი თუ ვიკიპედიიდან ინფორმაციის მოპოვებას მოისურვებს, კრახი არ აცდება. თურქეთის ოფიცილურმა უწყებებმა ვიკიპედია დაბლოკეს. გავრცელებული ვერსიით, საქმე ვიკიპედიაზე განთავსებულ ერთ კონკრეტულ სტატიას ეხებოდა, სადაც პრეზიდენტ ერდოღანის სიძე სირიასთან გარიგებებში იყო დადანაშაულებული. თურქეთის მოთხოვნის მიუხედავად ვიკიპედიამ სტატია არ წაშალა,  რის შემდგაც საიტი ქვეყანაში მთლიანად დაიბლოკა.

„ფეისბუქისა და იუთუბის გამორთვა რამდენიმე დღით ჩვეულებრივი მოვლენაა, როცა რაიმე შეტაკება ან აფეთქება მოხდება, საიტები ითიშება და რამდენიმე დღე დაბლოკილია, თურქეთში ყველაზე პოპულარული ტვიტერია. შესაბამისად, როცა ტვიტერი ითიშება, ყველა თურქმა იცის იმ პირატული პროგრამების ჩამონათვალი, რითაც ტვიტერზე შესვლა შეიძლება“, – ნახევრად ხუმრობით ყვება ჩვენი რესპოდენტი.

ტვიტერა და ფეისბუქზე პირატულ წვდომასთან ერთად, თურქეთში არანაკლებ გაწაფულები არიან სატელიტების გადაკეთებაშიც.

2-3 ოპოზიციური ტელევიზია და ამდენივე გაზეთი – ეს ის მედია რესურსია, რომელიც ჩვენი რესპოდენტის ინფორმაციით, თურქეთში დარჩა. შესაბამისად მოსახლეობა ინფორმაციას სატელიტებით, ევროპული არხებიდან და ევროპაში მაუწყებელი თურქული არხებიდან იღებს.

თავისუფლების სული…

საკუთარი პოზიციისა და შეხედულებების გამო სიფრთხილის გამოჩენა უწევს. ამბობს, რომ თურქეთში მიმდინარე პროცესებით დაინტერესებისა და თურქული ენის კარგად ცოდნის გამო ხშირად როგორც აგენტს ისე უყურებენ. სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ ქართველი სტუდენტი თავს თურქეთში ვეღარ ხედავს.

„როცა ჩამოვედი კამპუსში ბევრი, მრავალფეროვანი სტუდენტური ჯგუფი შეგხვდებოდა, თავისუფლების სული იგრძნობოდა, ახლა ასე აღარ არის“…

თამუნა გოგუაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები