LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაბნეულ შავ პიარს მე მაინცდამაინც სერიოზულად არ აღვიქვამ – გიორგი მარგველაშვილი

46

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ მის წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ მხრიდან „დაბნეული შავი პიარი“ მიმდინარეობს.

ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად,  შეწყალების საკითხზე მის გუშინდელ ინიციატივასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის წევრების გამოხმაურება შეაფასა, მათ შორის იმის თაობაზე, რომ ახალი ინიციატივით პრეზიდენტმა წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო.

„ნარკორეალიზატორები, მათ შორის არა მხოლოდ საქართველოში რეალიზატორები, არამედ გადმომტანებიც კი არ არიან ამ სიაში მოაზრებული და მე აბსოლუტურად ვიზიარებ იმ პოზიციას, რომ ნარკორეალიზატორების მიმართ პოლიტიკის შემსუბუქება არ იქნება სწორი.

“რაც შეეხება წინასაარჩევნო კამპანიას და გაკეთებულ შეფასებებს, ნება მომეცით, ცალ-ცალკე არ ვუპასუხო, მაგრამ ჯამში ეს ტოვებს გარკვეული დაბნეულობის შთაბეჭდილებას. მე ვხედავ მთელ ტალღებს და არა მხოლოდ შეწყალების კომისიასთან დაკავშირებით. ჩვენ ვნახეთ შავი პიარის კამპანია შეწყალების კომისიასთან მიმართებაში, შავი პიარის ტალღა ე.წ. სააკაშვილთან გარიგების ნაწილში. ყოველ დღე ჩვენ ვხედავთ ამ წარუმატებელ, შავი პიარის ინიციატივებს, რომელიც, ჩემი აზრით, უკავშირდება იმ ფაქტს, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი, რომელიც 4 წლის განმავლობაში ებრძოდა საპრეზიდენტო ინსტიტუტს და ცდილობდა საპრეზიდენტო ინსტიტუტის დემონტაჟს, საკუთარ საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით ვერ ჩამოყალიბდა, ვერ ვხედავ, რომ ჰქონდეს თავისი ჩამოყალიბებული შეხედულება. ამავე ფონზე, ეტყობა, ჩამოყალიბდა რაღაც ნაწილში პოზიცია, რომ ჩვენ უნდა ვაწარმოოთ შავი პიარი მოქმედი პრეზიდენტის წინააღმდეგ და ყოველდღე ჩვენ გვესმის წარუმატებელი ტალღები. დარწმუნებული ვარ, ანალოგიური, აბსურდული ტალღები მომავალშიც გაგრძელდება. თუმცა, სიმართლე გითხრათ, ამ დაბნეულ შავ პიარს მე მაინცდამაინც სერიოზულად არ აღვიქვამ და არც ვფიქრობ, რომ ის ვინმეზე მოქმედებდეს,“  – განაცხადა პრეზიდენტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები