LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაჩი გრძელიშვილი: „ბესო ომიაძე, თავის ოთხ შვილთან ერთად, ამ ცილისმწამებელი ქალბატონის სამ შვილსაც ზრდიდა…“

103

ტრაგედია დატრიალდა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში. იქ მცხოვრებ ნინო ამყოლაძის ოჯახში (ის მეორედ იყო გათხოვილი), ყოფილი მაზლი, ბესიკ ომიაძის რამდენიმე ადამიანთან ერთად მივიდა და ყოფილი რძლის მეუღლესა და ძმასთან ფიზიკური დაპირისპირება მოუვიდა, რის შემდეგაც თავად სასიკვდილოდ დაჭრეს, დაჭრილები არიან ასევე ნინო ამყოლაძის მეუღლე და მისი ძმა. ბესიკ ომიაძის მკვლელობისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დააკავა 1984 წელს დაბადებული ლ.ბ.

მედიაში გავრცელდა ნინო ამყოლაძის ინტერვიუ, სადაც ის დეტალურად ჰყვება, როგორ შეუცვივდნენ სახლში მაზლი და მისი მეგობრები და როგორ გაუსწორდნენ ფიზიკურად მის მეუღლესა და მეუღლის ძმას, ასევე, ნინო ამყოლაძე იხსენებს, რომ სახლში შეჭრილები მისი დედამთილის დახრჩობას ცდილობდნენ.

ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი, რომლის მეგობარიც იყო გარდაცვლილი ბესიკ ომიაძე, ვრცელ სტატუსს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ ბესიკ ომიაძე ნინო ამყოლაძის შვილებს, ანუ საკუთარ ძმისშვილებს, თავად ზრდიდა, მეუღლესთან ერთად, ყოფილ რძალთან სახლში მისვლას კი გარკვეული წინაპირობა ჰქონდა. დაჩი გრძელიშვილი მიიჩნევს, რომ მედია ამ ამბავს ცალმხრივად და არაობიექტურად აშუქებს.

გთავაზობთ ჟურნალისტის სტატუსს:

„ძალიან არ მინდა ამ სიტყვების დაწერა. იმიტომ რომ ცრემლიც და სისხლიც ერთნაირად მაქვს გამშრალი. გუშინწინ ჩემი ბავშვობის მეგობარი მოკლეს – ბესო ომიაძე. სენტიმენტები მძულს. დარდიც მარტო მირჩევნია და ამ სიტყვების წასაკითხად არ მოგაცდენდით, რომ არა ერთი გარემოება – გუშინდელის მერე ბესო რამდენჯერმე მოკლეს. იმდენჯერ, რამდენჯერაც ამა თუ იმ ტელევიზიაში თუ ვებზე სიუჟეტი გავიდა. ცალმხრივად მომზადებული სიუჟეტი, სადაც მეორე მხარეს ექსკლუზიურად და ცალსახად აქვს საშუალება მიცემული, ყოველგვარი გამოძიების და ექსპერტიზის გარეშე, ბესო ომიაძეს თავდამსხმელი, მოძალადე, ნარკომანი, მკვლელი და ათასი საზიზღრობა უწოდოს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ერთი წელი ბესო ომიაძე თავის ოჯახში, თავის ოთხ შვილთან ერთად ამ სიუჟეტებში გამოსული ცილისმწამებელი ქალბატონის სამ შვილსაც ზრდიდა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ერთი წელი ბესო ომიაძის ოჯახს და მათ შვიდ შვილს ამ ქალბატონისგან სტრესის, შეურაცხყოფის და ინტრიგების მეტი არაფერი ახსოვს. ამ მკვლელობის წინაპირობის დეტალებს აღარ განვავრცობ – არ მინდა მავანის უმსგავსობის მყრალი სუნით შეგაწუხოთ… და მე გულწრფელად არ ვიცი, რა გავაკეთო – ყველა მედიას ჩამოვუარო და სათითაოდ მოვუყვე, როგორ ზრდიდა ბესო ერეკლეს, თევდორეს, თეკლეს და თორნიკეს? როგორი ურთერთობა ჰქონდა მეუღლესთან? თორმეტი წლიდან დაობლებულმა, უმცროსი ძმა მარტომ როგორ გაზარდა? ან რა მოხდა მკვლელობის წინა ღამეს, ჰქონდა თუ არა წინაპირობა ბესოს ამ სოფელში ჩასვლას? ჩემო კოლეგებო – მეგობრებო, ნაცნობებო და უცნობებო… მართლა არ ვიცი, რა ვქნა იმისთვის, რომ ჩემი მეგობრის მკვლელობა მისი მკვლელობის შემდეგაც უსასრულოდ არ გაგრძელდეს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები