LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართვა ნებაყოფლობითი იქნება

59

საპენსიო რეფორმის კონცეფციის თანახმად, საპენსიო ფონდში დასაქმებული, დამსაქმებელი და სახელმწიფო ორ-ორ პროცენტიან შენატანებს გააკეთებენ.

საპენსიო რეფორმის სამსახურის უფროსის ოთარ ძიძიკაშვილის განმარტებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ შემუშავებული საპენსიო რეფორმის კონცეფცია ნებაყოფლობით პრინციპზეა აგებული – სისტემაში მხოლოდ მსურველები გაწევრიანდებიან და საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ დამატებით ფინანსურ შემოსავალს მიიღებენ. არ გაუქმდება და ისევ იარსებებს დღეს არსებული სოციალური პენსიის მოდელი, რომელიც ყველა პენსიონერზე გავრცელდება.

„თუ დასაქმებული, რომელიც მიიღებს მონაწილეობას და შენატანის სახით განახორიელებს 2%-იან კონტრიბუციას საპენსიო ფონდში, დამსაქმებლიც და სახელმწიფოც დამატებით განახორციელებენ ორ-ორ პროცენტიან შენატანს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ყოველთვიური გადარიცხული თანახა საპენსიო ფონდში შეადგენს 6%-ს. შემდეგ მოხდება ამ თანხის ინვესტირება სხვადასხვა აქტივებში და მოგების სახით დაემატება პენსიონერს. ეს არის დაგროვებითი პენსიის პრინციპი, რომელიც დასაქმებულ ადამიანზეა მორგებული და ყველა განვითარებულ ქვეყანაში მოქმდებს, სადაც არის სოლიდარობის პრინციპი, სადაც შენატანებს ახორციელებს დასაქმებული, დამსაქმებელი და სახელმწიფო“ – განაცხადა ოთარ ძიძიკაშვილმა.

მისივე განმარტებით, სისტემაში ჩართულ მოქალაქეს, სურვილის შემთხვევაში 2%-ზე მეტი შენატანის შესაძლებლობაც ექნება, თუმცა დამსაქმებლის და ბიზნესის შენატანი ისევ 2% იქნება. საპენსიო რეფორმის სამსახურში ფიქრობენ, რომ ჯამში 6%-იანი კონტრიბუცია, საწყის ეტაპზე საკმარისი იქნება, თუმცა მომავალში ამ ციფრის ზრდას არ გამორიცხავენ.