LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაიწყება თუ არა რუსეთსა და ამერიკას შორის საჰაერო ომი სირიის თავზე

141

სამხედრო კოალიცია ამერიკის ხელმძღვანელობით, რომელიც სირიაში „ისლამურ სახელმწიფოს“ ებრძვის, რუსეთმა გააფრთხილა, რომ მათ თვითმფრინავებსა და უპილოტო საფრენ აპარატებს სამიზნეებად განიხილავს. „ბიბისის“ ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთმა მას შემდეგ განაცხადა, რაც კოალიციამ პროვინცია რაქას თავზე სირიის თვითმფრინავი გაანადგურა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, ასევე, აშშ-ს მოქმედებებს სირიაში აგრესია უწოდა.

კოალიციის წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ სირიის სუ-22 ბომბავდა ამბოხებულების პოზიციებს, რომლებიც რაქას პროვინციაში „ისლამურ სახელმწიფოს“ ებრძვიან. ამბოხებულებს მხარს აშშ უჭერს.

სირიის ხელისუფლების ინფორმაციით, ინციდენტი რაქას პროვინციაში, ქალაქ ეს-საურთან ახლოს მოხდა.

 

 

რუსეთის რეაქცია

სირიის ერთ-ერთმა ყველაზე მთავარმა მოკავშირემ, რუსეთმა, ასევე, განაცხადა, რომ სირიის ცაზე აშშ-სთან  დადებულ მემორანდუმს, თანამშრომლობისა და ინციდენტების აღკვეთის შესახებ წყვეტს.

თეთრი სახლი აცხადებს, რომ იტოვებს უფლებას, შეიარაღებით მოამარაგოს მოკავშირეები სირიაში.  თუმცა, თეთრი სახლის წარმომადგენელმა შონ სპაისერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვთან ინფორმაციის გაცვლას კვლავ გააგრძელებენ.

სირიის თვითმფრინავის ჩამოგდება დაემთხვა პერიოდს, როდესაც კოალიცია და ამბოხებულები ცდილობენ, რაქაში „ისლამური სახელმწიფო“ დაამარცხონ. რაქა „ხალიფატის“ დე-ფაქტო დედაქალაქია 2014 წლიდან.

დამასკო აცხადებს, რომ თვითმფრინავი სამხედრო დავალებას ასრულებდა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ. სირიის ხელისუფლების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ინციდენტი ტერორიზმთან ბრძოლაში უარყოფით შედეგს მოიტანს.

ამერიკელი სამხედროები ამტკიცებენ, რომ სირიის სამხედრო თვითმფრინავმა დაბომბა ტერიტორია, სადაც ამბოხებულები იმყოფებოდნენ. ამის შემდეგ კი აშშ-ს საჰაერო ძალებმა სუ-22 ჩამოაგდეს.

 

 

მოსალოდნელია თუ არა საჰაერო ომი სირიის თავზე

იმის მიუხედავად, რომ ჰოლივუდის ბლოკბასტერებში საჰაერო ბრძოლები ძალიან ხშირად გვხვდება, თანამედროვე ომების დროს ეს არც ისე ხშირად ხდება.

„საჰაერო ომების დრო წარსულს ჩაბარდა,“ – ამბობს სამეფო ინსტიტუტის ექსპერტი შეიარაღებისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯასტინ ბრონკი.

მას შემდეგ, რაც პირველი მსოფლიო ომის დროს სპარსეთის ყურეში აშშ-მ გაანადგურა ერაყის ავიაცია, ბრონკის თქმით, რეჟიმები, რომელსაც აშშ და მისი მოკავშირეები ესხმიან, ავიაციას ძალიან იშვიათად იყენებენ, რადგან იციან, რა შედეგი მოჰყვება ამას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები