LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დახეულ ჯინსებს, მაკიაჟს და შეღებილ თმას სკოლები კრძალავენ

601

სამეგრელოს სკოლებში მოსწავლეებს გაშლილი თმით, დახეული ჯინსებით და გალაქული ფრჩხილებით სიარული აეკრძალათ.  რაიონული რესურსცენტრების სიტყვიერი მითითება პედ.საბჭოს სხდომებზე დირექტორებმა გაახმაურეს. მოსალოდნელი შეზღუდვის შესახებ სწავლის დაწყებამდე არც სკოლის თანამშრომლები გაუფრთხილებიათ და არც მშობლები. შედეგად, მოსწავლეების უმეტესობა მოუმზადებელი აღმოჩნდა. მოულოდნელად დაწესებული აკრძალვები კი იმთავითვე დასარღვევად განწირული.

მოსაწყენია, იყო “თინეიჯერი”, მთელ შენ დროს  ატარებდე სკოლაში და ამ სკოლისთვის უცხო იყოს შენი სურვილები, მიუღებელი იყოს შენი სტილი. ხოლო ის ორი შარვალი და მაისური სექტემბრის პირველ კვირას ძლივს რომ მოირგე საძინებლის კარადაში პატარავდებოდეს, იმიტომ რომ სასწავლო ნაწილმა დაგიბღვირა – “პატრონი არ გყავსო?” და შენ დამრიგებელსაც უსაყვედურეს შენი ჩაცმულობის გამო.

 

0016220428_1_1_3საჯარო სკოლების უმეტესობაში, მოსწავლეებს ფორმა არ აქვთ. თუმცა დირექტორების და პედაგოგების ერთი ნაწილი ბავშვებს იმაზე მეტ შეზღუდვებს უწესებს, ვიდრე შინაგანაწესით აქვს განსაზღვრული.

სასკოლო შინაგანაწესის თანახმად (უმეტეს სკოლებში ეს ჩანაწერი არსებობს), მოსწავლის ჩაცმის წესი ასეთია: 

“მოსწავლე უნდა იმოსებოდეს სადად, ასაკთან შესაფერისად. დაუშვებელია შეუფერებელი, გამომწვევი, ვულგარული, ავანგარდული ან/და ექსცენტრული ჩაცმულობა. მოსწავლისათვის აკრძალულია მოკლე შარვლის ტარება. მოსწავლისათვის აკრძალულია სკოლაში გამოცხადება შეღებილი თმით და „მაკიაჟით“. ვაჟები უნდა გამოცხადდნენ მოკლედ შეჭრილი თმით.” ზოგიერთი დირექტორი უფრო შორს მიდის და გოგონებს და ქალ მასწავლებლებს შარვლის ჩაცმასაც უკრძალავს.

 

“მე მიყვარს თავისუფლება. უქმეებზე ბენსიმონებით და ჯინსებით დავდივარ, მაგრამ სამსახურში ასე ვერ ვიცვამ”- გაგვიმხილა ერთ-ერთი სკოლის ქართულის მასწავლებელმა. “ოდნავ გახეხილი ჯინსი მეცვა, დირექტორმა შენიშვნა მომცა – რა მაგალითს აძლევ ბავშვებსო. მას შემდეგ ის შარვალი აღარ ჩამიცვამს და ჩემი სადამრიგებლოს ბავშვებსაც ვთხოვ, ისე ჩაიცვან, არ შემიქმნან პრობლემები ადმინისტრაციასთან”.

 

სკოლის შინაგანაწესი ჩაცმასა და სამკაულებზე შეზღუდვებს მასწავლებლებსაც უწესებს:“დასაქმებული უნდა იმოსებოდეს კლასიკურად (კლასიკური პიჯაკი, კოსტუმი, ჰალსტუხი, პერანგი, ქვედაბოლო და სხვ), სადად, ელეგანტურად და გემოვნებით.”

– ვისი გემოვნებით? ამ შეკითხვას შინაგანაწესი არ პასუხობს.

ზოგიერთი სკოლის ადმინისტრაცია უფრო სიღრმეებშიც მიდის. რუსთავის მე-6 სკოლის შინაგანაწესში ვკითხულობთ: “კაბა, რომელსაც ქალი დასაქმებული ატარებს, არ უნდა იყოს ღრმად ჩაჭრილი და არ უნდა სცდებოდეს მის მუხლებს. ქალი დასაქმებულისთვის დაუშვებელია ღრმად ჩაჭრილი ზედატანის ტარება”.

 

რუსთავის მე-6 საჯარო სკოლაში ვიკითხეთ, რატომ დადგა შინაგანაწესში ამ ფრაზების ჩაწერის აუცილებლობა. “მხოლოდ და მხოლოდ პრევენციის მიზნით! დეკოლტეს სიღრმეს და კაბის სიგრძეს, არავის  ვუზომავთ. ჯერ-ჯერობით არც გვქონია შემთხვევა, რომ მასწავლებელი ასეთი გამომწვევი ჩაცმულობით მოსულიყო სკოლაში. შინაგანაწესშიც იმიტომ წერია, რომ ასე ჩაცმის სურვილი არ გაუჩნდეს რომელიმეს,” – განაცხადა  სკოლის საინფორმაციო მენეჯერმა მანანა ლომიძემ.

kids-nail-art-ideas1

განათლების მკვლევარი ნათია გორგაძე, რომელიც “ინტერკულტურული განათლების ასპექტების კვლევის” ავტორია, ვარაუდობს, რომ ვიწრო ჩარჩოებში მოქცეული სასკოლო საზოგადოება მზად არ არის მოსწავლეებთან, როგორც ინდივიდებთან ურთიერთობისთვის.

“მოზარდები ცდილობენ იყვნენ სხვებისგან განსხვავებულები. ეს არ მოსწონთ მასწავლებლებს და ისეთი ფორმით აძლევენ შენიშვნებს, დემონსტრაციულად, რომ მოსწავლე უხერხულ სიტუაციაში ვარდება და ნერვიულობს. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სკოლა არ არის ლოიალური იმ მოსწავლეების მიმართ, ვისაც მიდრეკილება აქვს ინდივიდუალიზმისკენ,” – განაცხადა  ნათია გორგაძემ.

 

წყარო edu.aris.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები