LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დანაშაულის ნიშნები რომ ყოფილიყო, მოძალადეს აუცილებლად დავაკავებდით”

94

ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი „კვირის პალიტრის“ კითხვებს პასუხობს.

როგორც ის ამბობს, უწყება ამ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობას არ გაურბის.

მეზვრიშვილმა ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაზე ისაუბრა. მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ხშირ შემთხვევაში სამართალდამცველებს მსხვერპლის განცხადებაზე სწორი რეაგირების მოხდენა უჭირთ, ვინაიდან განმცხადებლები სამართალდამცველებს გარკვეულ მნიშვნელოვან ინფორმაციას არ აწვდიან.

როგორც მეზვრიშვილმა ბარნოვის ტრაგედიაზე საუბრისას განმარტა, შეტყობინება ვეფხია ბაქრაძეზე დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავდა.

შს მინისტრის მოადგილე ხაზს უსვამს იმას, რომ მსგავსი ტრაგედიების თავიდან ასაცილებლად, მსხვერპლმა მაქსიმალურად უნდა ითანამშრომლოს გამოძიებასთან და არ დამალოს დეტალები.

„დანაშაულის ნიშნები რომ ყოფილიყო, მოძალადეს აუცილებლად დავაკავებდით…

ამ კონკრეტულ შემთხვევაში სამინისტრომ გააკეთა მაქსიმუმი რისი გაკეთებაც შეიძლებოდა. რეალური სურათი ასეთია – ვეფხია ბაქრაძე ვადაზე ადრე გათავისუფლდა პატიმრობიდან, მას შემდეგ, რაც შეწყალების საფუძველზე სასჯელი გაუნახევრდა. მისი გათავისუფლების შემდეგ, შსს-ში არც დედისგან და არც შვილისგან არ შემოსულა განცხადება. შსს-ს მსხვერპლისგან არ ჰქონდა ინფორმაცია რაიმე ტიპის ზეწოლაზე, მაგრამ როგორც კი მოვიდნენ, სამინისტრომ დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება.

ლაპარაკია ერთ საათზე, რაც ნორმალურ პირობებში სამართალდამცველს სჭირდება მას შემდეგ, რაც მოქალაქე მასთან განცხადებით შედის.

განცხადების ავტორი დაუყოვნებლივ გამოჰკითხეს, თუმცა მათი ინფორმაცია არ შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს.

სამწუხაროდ, ზოგჯერ მსხვერპლი ასეთ არჩევანს აკეთებს სხვადასხვა მოტივაციით.

ზოგჯერ ეშინია, ზოგჯერ გულწრფელი არ არის და არ განმარტავს რაში მდგომარეობს პრობლემა. რაც მათ უთხრეს პოლიციას, ამის საფუძველზე გაიცა ორდერი. დანაშაულის ნიშნები რომ ყოფილიყო, მოძალადეს აუცილებლად დავაკავებდით.

მეზვრიშვილი განმარტავს, რომ მხოლოდ სიცოცხლის ხელყოფის მუქარა არ არის შემაკავებელი ორდერის გაცემის საფუძველი. მაგალითად, ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტიც შესაძლებელია შემაკავებელი ორდერის გაცემის საფუძველი გახდეს. სწორედ ზეწოლასა და სტრესზე ლაპარაკობდა დედა-შვილი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ შემაკავებელი ორდერი გაიცა დედის მიმართ, რადგან შვილმა პოლიციის შენობა პირადი საქმეების მოტივით მალევე დატოვა.

დაახლოებით, ერთ საათზე მეტი იყო გასული, თაკო გამრეკელაშვილის მკვლელობის შეტყობინება რომ შემოვიდა. ამიტომაც ვამბობ, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმ ინფორმაციის ფარგლებში, რაც მსხვერპლისგან მივიღეთ. ამიტომ აუცილებელია, მსხვერპლმა მაქსიმალურად ითანამშრომლოს გამოძიებასთან“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები