LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დანია ახალგაზრდა ქართველ ფერმერებს 25 000 დოლარს აძლევს

117

დანია ახალგაზრდა ქართველ ფერმერებს 25 000 დოლარამდე დაფინანსებას გამოუყოფს – სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) საქართველოში ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს.
პროგრამის ფარგლებში დანიის სამეფოს მთავრობამ საქართველოს, დამატებით, 27 965 000 დანიური კრონა, ანუ დაახლოებით 5 მილიონ დოლარამდე გამოუყო.

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, საგრანტო პროგრამის მიზანი აგრობიზნესთან დაკავშირებულ სამეწარმეო საქმიანობაში სოფლად ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობაა.

სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) საქართველოს პროგრამების ხელმძღვანელის დინა სალეჰმის განცხადებით, საქართველოს მთავრობისა და დანიის სამეფოს თანამშრომლობით, IFAD-ის მიმდინარე პროგრამის ფარგლებში, მნიშვნელოვანი პროგრამა იწყება და იმედია, რომ ის წარმატებული იქნება და ახალგაზრდებს სოფლად დასაქმებისა და შემოსავლის მიღების შესაძლებლობა ექნებათ.

პროგრამის ბენეფიციარები სოფლად მცხოვრები 40 წლამდე ქალები და 35 წლამდე მამაკაცები იქნებიან. პროგრამაში მონაწილეობას შეძლებენ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები და სხვა იურიდიული პირები, რომელთა დამფუძნებლებიც და მმართველი გუნდიც ამ ასაკობრივ მოთხოვნას აკმაყოფილებს. პროგრამა ითვალისწინებს პოტენციური ბენეფიციარების დახმარებას ბიზნესგეგმის შედგენის ეტაპზეც. წარდგენილი ბიზნესგეგმების განხილვის საფუძველზე, თითოეულ აპლიკანტზე გამოიყოფა დაფინანსება არაუმეტეს 25 000 აშშ დოლარისა. პროგრამის ფარგლებში დაფინანსება გულისხმობს 40 % გრანტისა და 60 % ბენეფიციარის მხრიდან თანამონაწილეობას.

პროგრამას სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო განახორციელებს და ის 2019 წლის ბოლომდე გაგრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები