LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დასაქმების თაღლითური სქემები საქართველოში – როგორ არ მოვტყუვდეთ 

„უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი, სამსახურის ძებნა რომ დავიწყე. დასაქმების სხვადასხვა საიტზე შევდიოდი და აქტიურად ვეძებდი ისეთ სამსახურს, პარალელურად ლექციებზე სიარულსა და სწავლასაც რომ შევძლებდი. ერთ-ერთ საღამოს, ლექციიდან დაბრუნებული, ლეპტოპს მივუჯექი და იმედით სავსე ისევ ერთ-ერთ დასაქმების საიტზე შევედი.

“გამიმართლა – საინტერესო ვაკანსიას გადავაწყდი. პოზიცია – ოფისმენეჯერი, ასაკი – 18-დან 25-წლამდე, სამუშაო დრო – ნახევარი განაკვეთი, ანაზღაურება – 500 ლარი.

“ცოტა მეუცნაურა, თუმცა პირობებმა იმდენად მომხიბლა, მითითებულ ნომერზე მაშინვე დავრეკე. მობილურ ტელეფონზე ახალგაზრდა ქალმა საკმაოდ თავაზიანად მიპასუხა და ბევრი კითხვის გარეშე მეორე დღეს, შუადღის სამ საათზე, გასაუბრებაზე დამიბარა. ტელეფონი გავთიშე, კმაყოფილებისგან ჭკუაზე არ ვიყავი. „თუ ამიყვანეს, საკუთარი შემოსავალიც მექნება და არც სწავლაში არ შემეშლება ხელი,“ – ვფიქრობდი და გეგმებს ვალაგებდი.

„მეორე დილა გათენდა. მიუხედავად იმისა, რომ გასაუბრებაზე 3 საათზე ვიყავი დაბარებული, 10 საათზე ავდექი და მომზადება დავიწყე, არ მინდოდა, გასაუბრებაზე დამეგვიანა და დამსაქმებლებზე თავიდანვე ცუდი შთაბეჭდილება დამეტოვებინა.

„პეკინის ქუჩაზე ვიყავი დაბარებული. 3 საათს წუთები აკლდა, ერთ-ერთ კორპუსში რომ შევედი და კიბეები სწრაფად ავირბინე. ოფისი საცხოვრებელ ბინაში ჰქონდათ მოწყობილი, ამანაც დამაეჭვა, ბინაში შესვლისას კი საბოლოოდ გამიცრუვდა იმედი. ჩემსავით, დაახლოებით, 20-მდე ახალგაზრდა იყო „ოფისში“ და იმ ქალს ელოდებოდნენ, წინა ღამეს ტელეფონში ძალიან თავაზიანი რომ მომეჩვენა. თავიდანვე მივხვდი, რომ რაღაც რიგზე არ იყო და არანაირი სამსახურის იმედი არ უნდა მქონოდა, თუმცა მაინტერესებდა, რასთან მქონდა საქმე და მხოლოდ ინტერესის გულისთვის დავრჩი. რამდენიმე წუთში თავაზიანმა ქალბატონმა ოთახის კარი გააღო და მეორე ოთახში ყველა ერთად გაგვიყვანა. ოთახში ერთი მაგიდა იდგა, მაგიდასთან ახალგაზრდა მამაკაცი იჯდა, წრეზე კი სკამები იყო დალაგებული. სკამების განლაგებაზე რამდენიმე დღის წინ ნანახი ფილმის სიუჟეტი გამახსენდა – წრეზე მსხდომ ალკოჰოლიკებს ფსიქოლოგები ფსიქოთერაპიის კურსს რომ უტარებდნენ.

„სკამებზე დავსხედით, მაგიდასთან მჯდომი მამაკაცი ფეხზე წამოდგა, დასაქმების შემთხვევაში, ჩვენი მოვალეობები გაგვაცნო – დღის განმავლობაში, დაახლოებით, 3-4 საათი ოთახში ვისხდებოდით, ტელეფონზე დავრეკავდით და მომხმარებლებს  პროდუქციას შევთავაზებდით. ხელფასებთან ერთად გაყიდული პროდუქციიდან ბონუსებიც გვექნებოდა. მომავალი სამსახური საკმაოდ ლამაზად დაგვიხატა. რომ არა ერთი დეტალი, რომელიც, როგორც მოგვიანებით შევიტყვე, მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, ალბათ, პირობებს სიამოვნებით დავთანხმდებოდი.

„სამი დღის განმავლობაში ტრენინგები უნდა ჩაგიტაროთ, ეს თავისთავად ხარჯებთან არის დაკავშირებული, ამიტომ ანგარიშის ნომერს გეტყვით და 30 ლარი უნდა ჩარიცხოთ, ტრენინგები ჩაგიტარდებათ და შემდეგ მუშაობას დაიწყებთ“,  – გვითხრა „დამსაქმებელმა“.

სკამზე მჯდომი ერთ-ერთი ბიჭი მაშინვე ფეხზე წამოდგა, „ძალიან მეჩქარება, პირობები ძალიან მომწონს, ანგარიშის ნომერი მომეცით და ახლავე ჩავრიცხავ თანხას“, – უთხრა მამაკაცს.

„დადგმული სპექტაკლი“,  – გავიფიქრე მაშინვე. დასაქმების თაღლითურ კომპანიებზე ბევრი მქონდა გაგონილი  და მივხვდი, რომ ერთ-ერთი მსხვერპლი ვიყავი. ცხადია, თანხის გადახდაზე სასტიკი უარი განვაცხადე, ინტერესის გამო იქვე მჯდომი 2 გოგონას ტელეფონის ნომრები ჩავიწერე და „ოფისიდან“ იმედგაცრუებული წამოვედი.

დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ ორივე გოგონასთან დავრეკე, როგორც აღმოჩნდა, ერთ მათგანს ჩემსავით უარი უთქვამს თანხის ჩარიცხვაზე, მეორეს კი თანხა ჩაურიცხავს. არანაირი დასაქმება, ტრენინგის ჩატარების შემდეგ უთქვამთ, თქვენ გასაუბრება ვერ გაიარეთო და, რა თქმა უნდა, თანხის უკან დაბრუნების გარეშე გამოუსტუმრებიათ…“

ანი წიკლაურის ისტორია ერთ-ერთია იმ ადამიანების ისტორიებიდან, ვისაც თაღლითური დასაქმების კომპანიები „პერსპექტიულ მომავალს“ უწინასწარმეტყველებდნენ. მართალია, ანი არ მოტყუვდა, თუმცა მოტყუებულებსაც ბევრს შეხვდებით. ერთ-ერთი მათგანი ინა რიჟიმაძეა. ინამაც ის გზა გაიარა, რაზეც ზემოთ გვაქვს საუბარი, თუმცა ერთი განსხვავებით – მან კომპანიის ანგარიშზე 30 ლარის ოდენობის თანხა ჩარიცხა და როდესაც მეორედაც მოსთხოვეს თანხის ჩარიცხვა, მხოლოდ ამის შემდეგ მიხვდა, რომ „მახეში გაება“.

„კოსმეტიკური ნივთების კომპანია იყო. თავისუფლების მოედანზე ჰქონდათ ოფისი. პირველ შეთავაზებას დავთანხმდი და 30 ლარი ჩავრიცხე, შემდეგ მითხრეს ტრენინგები უნდა გაიაროო და მეორედ 100 ლარის ჩარიცხვა მომთხოვეს, რასაკვირველია, აღარ დავთანხმდი და წამოვედი, ის ჩარიცხული თანხა, რა თქმა უნდა, დავკარგე“,  – იხსენებს „ფორტუნასთან“ ინა.

დასაქმების თაღლითური კომპანიები საქართველოში საკმაოდ ბევრია. ბევრია დაზარალებულიც, თუმცა იშვიათად, რომ მსხვერპლმა კომპანიას პასუხი მოსთხოვოს, ძირითადად კომპანიის ანგარიშზე ჩარიცხულ თანხას „ივიწყებენ“ და ახალი სამსახურის ძებნას იწყებენ. ვაკანსიებს შეხვდებით, როგორც დასაქმების საიტებზე, ასევე სოციალურ ქსელში.

როგორ დავიცვათ თავი თაღლითური კომპანიებისგან

საქართველოში დასაქმების თაღლითური კომპანიების მიერ დაზარალებული მოქალაქეების დაცვის მექანიზმი არ არსებობს. სამოქალაქო სახელშეკრულებო ურთიერთობასა და თაღლითობას შორის განსხვავება არის ძალიან მცირე.

კანონმდებლობის მიხედვით, თუ პირი სხვის ქონებას მიისაკუთრებს, ეს ითვლება თაღლითობად, მაგრამ, თუ ერთი პირი მეორესთან შედის სახელშეკრულებო ურთიერთობაში, როგორც წერილობით, ისე ზეპირი ფორმით, მაშინ ეს არ არის თაღლითობა. აქედან გამომდინარე, რთულია, დაამტკიცო, რომ თაღლითობის მსხვერპლი ხარ.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტის, გაგი მოსიაშვილის, თქმით, თაღლითური სქემა სახელშეკრულებო ურთიერთობის საფარქვეშ არის მოქცეული და აუცილებელია, ყველა მხარემ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე რისკები კარგად შეაფასოს.

„რაც უფრო მომხიბვლელია შეთავაზება, მით უფრო საფრთხის შემცველია. მანამ, სანამ დასაქმების მსურველი დამსაქმებელთან წერილობით თუ ზეპირ სახელშეკრულებო ურთიერთობაში შევა, აუცილებელია, გაიაროს იურიდიული კონსულტაცია და კარგად შეაფასოს რისკები. მოგვიანებით შესაძლოა, საკუთარი სიმართლის დამტკიცება გაუჭირდეს“,  – აღნიშნავს „ფორტუნასთან“ გაგი მოსიაშვილი.

როგორც ჩანს, დასაქმების თაღლითურმა კომპანიებმა კარგად იციან, რომ კანონმდებლობის მიხედვით, მათ მსხვერპლს საკუთარი სიმართლის დამტკიცება გაუჭირდება და სწორედ ამიტომ თამამად ატყუებენ მოქალაქეებს.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით „ფორტუნამ“ რამდენჯერმე სცადა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირება იმის გასარკვევად,  რამდენად ხშირია ამ სქემით დაზარალებული მოქალაქეების მიმართვა და ხდება თუ არა მსგავს ფაქტებზე რეაგირება, თუმცა უშედეგოდ.

 

 

გვანცა ბზიავა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები