LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დასაქმებული „უდიპლომო სასიძო“ და ორდიპლომიანი უმუშევრები  – პროფესიული სწავლება პოპულარული ხდება

იყო და არა იყო რა…  ერთი ქართული ზღაპრის მიხედვით, მეფის შვილს გლეხის გოგო ცოლობაზე  ხელობის სწავლამდე არ დათანხმდა.  სოციალური სტატუსის მიუხედავად, ხელსაქმის ცოდნის აუცილებლობა გასულ საუკუნეში მრავალდიპლომიანობის კულტმა ჩაანაცვლა. საქართველოში სკოლის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდების დიდი  ნაწილი ცდილობდა,  ნებისმიერი გზით ჩარიცხულიყო უმაღლეს სასწავლებელში, მიეღო უმაღლესი განათლების დიპლომი, რომელიც სულაც  არ იძლეოდა დასაქმების გარანტიას.

პროფესიული სასწავლებლებისთვის პრესტიჟის დაბრუნება ბოლო ათწლეულია, ბაზრის მოთხოვნამ განაპირობა. მშენებლობის,  ტურიზმისა და მომსახურების სხვადასხვა სფეროს განვითარებამ  შესაბამისი სპეციალობის ადამიანებზე მოთხოვნა გაზარდა.  

კალატოზი, მეფილე-მომპირკეთებელი,  მღებავი, ზეინკალი, მკერავი  მზარეული, გიდი  –  პროფესიები, რომლებსაც ბაკალავრის დიპლომი  არ სჭირდება და ბაზარზე კადრები მოთხოვნადია.

 

როგორ შევარჩიოთ მომავალი პროფესია

„მინდა, კოსმონავტი გამოვიდა“, “მე ნაყინის გამყიდველობა მინდა” – მომავალ პროფესიასთან დაკავშირებულ ბავშვურ სურვილებს ხშირად გასაქანს მშობლები არ აძლევენ.  „უდიპლომო სასიძოს”  შიშით ხშირად მომავალი პროფესიის არჩევანს მხოლოდ პრესტიჟულობის და არა პრაქტიკულობის თვალსაზრისით აკეთებენ.

„ძალინ მიყვარს დეკორატიული კოსმეტიკასთან მუშაობა.  სკოლის დამთავრების შედეგ ვიზაჟისტობა მინდოდა.  შევარჩიე კიდეც , ერთ -ერთ ცნობილ სალონს ჰქონდა  6-თვიანი კურსი პრაქტიკის და შემდგომი  დასაქმების შესაძლებლობით, თუმცა ,მშობლების წინააღმდეგობის გამო ,ჩავაბარე უნივერსიტეტში და პროფესიით ერთი დღეს კი არ მიმუშავია,“ – გვიყვება  მარი ნიკურაძე.

განათლების ექსპერტი, სიმონ ჯანაშია, მომავალი პროფესიის შერჩევისას რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებას გვირჩევს. 

„მომავალი პროფესიის შერჩევისას მნიშვნელოვანია 3 ძირითადი ფაქტორი გავითვალისწინოთ: პირველი,  პიროვნების სურვილი, უნარი და შესაძლებლობა. მეორე, საზოგადოების მოლოდინი და  ბაზრის მოთხოვნა კონკრეტულ პროფესიის კადრებზე  და მესამე, პროფესიული განვითარების პერსპექტივა. მაგალითად, თუ ვსწავლობთ  კერვას , შეიძლება, პროფესიულ უნარს დაემატოს დიზაინი,  კულინარი შეიძლება გახდეს საკუთარი რესტორნის მეპატრონე და ა.შ.“ – განმარტავს სიმონ ჯანაშია.

განათლების ექსპერტის რჩევით, პროფესიის შერჩევისას არ ღირს ბაზარზე არსებული სახელფასო პოლიტიკის გათვალისწინება, რადგან საკუთარი საქმის განვითარებასთან ერთად ანაზღაურება ბევრად მზარდი შეიძლება, გახდეს.

 

სად მივიღოთ პროფესიული განათლება

პროფესიული განათლების მიღება  საქართველოში  სპეციალიზებულ პროფესიულ სასწავლებლებში,  როგორც  საკუთარი,  ასევე სახელმწიფო დაფინანსებითაც შესაძლებელია.

პროფესიების არჩევანი საკმაოდ ფართოა და პროფესიული სასწავლებლებიც სპეციალიზაციის მიხედვით იყოფა. მაგალითად, პროფესიული კოლეჯი „იკაროსი“  მსურველებს  მზარეულის,  ბარმენის,  კონდიტერის,  გიდის პროფესიებს შესწავლას სთავაზობს.  სწავლის ხანგრძლივობა სპეციალობის მიხედვით  3 თვიდან  2 წლამდეა. 

მოთხოვნად პროფესიებს შორის არის  ავტოშემკეთებლის,  ზეინკლის,  ელექტროშემდუღებლის და  სანტექნიკის სპეციალისტები.  მსგავსი ტექნიკური პროფესიების შესწავლა რუსთავის პროფესიულ სწავლების ცენტრშია შესაძლებელი.  სწავლების ხანგრძლივობა აქაც 3 თვიდან იწყება.

პროფესიულ სასწავლებლებში მსურველთა მიღება  შემოდგომაზე და გაზაფხულზე ხდება. რეგისტრაციის გავლა, როგორც  რესურსცენტრებში,  ასევე ონლაინ,  მხოლოდ პირადობის მოწმობითა არის  შესაძლებელი. მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვისა და ტესტირების გავლის შემდეგ გეძლევათ შესაძლებლობა , მოიპოვოთ დაფინანსება და სრულიად უფასოდ მიიღოთ სასურველი განათლება.

 

 

თამუნა გოგუაძე 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები