LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დასავლეთის კოშმარი – ფაროსანა იღვიძებს

Halyomorpha halys – ეს ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი  “აზიური ფაროსანას” ბიოლოგიური სახელია. მავნებელი მწერი საქართველოში  პირველად 2015 წელს გამოჩნდა,  მომდევნო წლებში  კი დასავლეთ საქართველოს მფრინავ კოშმარად იქცა.

აზიური ფაროსანას გავრცელების ბუნებრივი არეალი  აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებია: იაპონია, ჩინეთი, კორეა. მისი მონათესავე მწვანე შეფერილობის მწერი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე  მანამდეც ბინადრობდა, თუმცა, აზიელმა ნათესავმა პოპულაციის გვარცელებით და მავნებლობით  ბევრად დაჩრდილა.

 

ფაროსანასთან მებრძოლი შტაბი – რიგითი დასავლეთელის გადასარჩენად

 

 

აპრილის ბოლო დღეები და მაისის დასაწყისი – ეს სწორედ ის პერიოდია, როცა სახლის სხვენებსა თუ სხვა თბილ ადგილებში დაბუდებული ფაროსანა იღვიძებს,  ისევ ბუნებას უბრუნდება და მცენარეზე სახლდება. პირველი „ქიმიური“ დარტყმაც მწერის გასანადგურებლად სწორედ ამ პერიოდშია  ეფექტიანი.

“სურსათის ეროვნული სააგენტოს” ინფორმაციით,  დასავლეთ საქართველოში განთავსებულ დამჭერ ბადეებზე მწერი უკვე დაფიქსირდა  და შესაბამისად, ტერიტორიების შეწამვლა უახლოეს დღეებში დაიწყება.

„სახელმწიფოს მიერ მობილიზებულია 150 ერთეული მაღალი გამავლობის სპეციალიზებული ტექნიკა, რაც გასულ წელთან შედარებით, გაათმაგებულია. აღნიშნული ტექნიკა უკვე გადანაწილებულია სამეგრელოს, გურიის და იმერეთის მუნიციპალიტეტების მიხედვით, რათა საჭიროების შემთხვევაში, დროულად დაიწყოს წამლობითი ღონისძიებები. არსებული რესურსით შესაძლებელია 250 ათასი ჰექტარი ფართობის ოთხჯერ დამუშავება,“ – აღნიშნულია “სურსათის ეროვნული სააგენტოს” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეიწამლება და თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავდება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ტერიტორიები, სოფლების ტერიტორიები, სიმინდის ფართობები, სადაც აუცილებელია სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენება, ტყისპირა ზოლები „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურების გამოყენებით, რათა არ მოხდეს  ტყიდან მავნებლის გავრცელება დასახლებულ ტერიტრიებზე.

 

„ქიმიური დარტყმა”

 

 

ამერიკის შეერტებული შტატების გამოცდილებით, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ყველაზე ეფექტიანია ბიფენტრინის შემცველი პრეპარატები: ტალსტარი, ზონდერი, ინსაკარი, ბატალიონი, თეიქოფი, კურა-კურა და ხაბლა.

ტერიტორიის შეწამვლის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებაა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეკომენდაციით:

„არ შეისუნთქოთ ანაორთქლი,  პესტიციდის კონტეინერის გახსნისას და მუშაობის დროს გამოიყენეთ დამცავი კომბინიზონი ან სამუშაო ტანსაცმელი, რომელიც მაქსიმალურად დაფარავს სხეულს –  ქუდი, დამცავი სათვალე, ნიღაბი ან რესპირატორი, ხელთათმანი, რეზინის ჩექმა. პესტიციდის მოხვედრისას კანი გულმოდგინედ დაიბანეთ საპნით და წყლით. წამლობის შემდეგ საკვების და სითხის მიღებამდე ან სიგარეტის მოწევამდე ხელ-პირი საპნით კარგად დაიბანეთ. განცალკევებით გარეცხეთ ხელთათმანი, სახის დამცავი ნიღაბი და დაბინძურებული საკარმიდამო ნაკვეთებში პესტიციდების შესხურებისას ჭები უნდა გადაიფაროს. მოარიდეთ ფუტკარი ქიმიურ წამლობას, არ გამოუშვათ სკებიდან წამლობიდან 2-3 დღის განმავლობაში“.

 

მოიზიდე და მოკალი

იმის გათვალისწინებით,  რომ ერთ მწერი 250-მდე შთამომავლობას ტოვებს, აზიურ ფაროსანსთან ბრძოლის არანაკლებ ეფქტური მეთოდია მექანიკური განადგურება.

სახლის პირობებში მწერის მტვერსასრუტით შეგროვებასთან ერთად, ეზოებში ასევე ეფექტიანად გამოიყენება ე.წ. „მოიზიდე და მოკალის“ მეთოდი. ინსექტიციდით გაჟღენთილი ბადე თავსდება ნაკვეთის პერიმეტრზე, სადაც მავნებლის მოზიდვის მიზნით მაგრდება 2-3 ერთეული ფერომონი. ბადესთან კონტაქტის შედეგად ფაროსანა კვდება.

 

 ცხრათავიანი გველეშაპი

 

ერთი მდედრი ფაროსანა მაის-ივნისში  200- 250 კვერცხს დებს.  მოსავლის განადგურების შემდეგ დასავლეთ საქართველოს მაცხოვრებლებისთვის ნამდვილი კოშმარი გვიან შემოდგომაზე დაიწყო. სითბოს მოყვარულმა მწერმა გამოსაზამთრებლად მიგრაცია საცხოვრებელი სახლებისკენ დაიწყო.

სახლის ფასადებს,  შიდა ინტერიერს,  ტანსაცმლის კარადებს,  საწოლს,  თეთრეულს შესეული ფაროსანას შემზარავი კადრები სამეგრელოსა და გურიის სოფლების მაცხოვრებლების ყოველდღიურობად იქცა. მოსახლეობის ბრძოლა ფაროსანასთან მითიურ ცხრათყავიან გველეშაპთან ბრძოლას დაემსგავსა,  ერთი მოკლული ფაროსანას ნაცვლად კედელზე  ათობით ახალი მწერი  მობობღავდა. ტომრებით მოგროვების შემდეგ მოსახლეობა მწერს ცეცხლზე წვავდა.

ბუნებრივი პარაზიტის არარსებობის გამო,  ბოლო  ორი წლის მანძილზე დასავლეთ საქართველოში მასიურად გამრავლების შემდეგ,  მწერი 2017 წლის ბოლოს თბილისშიც შენიშნეს .

 

ფაროსანას მადა

 

 

აზიიდან შემოსული მავნებელ წუნიაობით ნამვილად არ გამოირჩევა. მწერი  აზიანებს ხეხილოვან, კენკროვან და ბოსტნეულ კულტურებს, განსაკუთრებით ატამს, ვაშლატამას, ვაშლს, მსხალს, ჟოლოს და მზესუმზირას. მავნებელი ფოთლის, ყლორტისა და ნაყოფის წვენით იკვებება. ფაროსანა ხორთუმის მეშვეობით ხვრეტს ახალშემოსული თხილის ნაჭუჭს, ათხელებს ნაყოფის შიგთავსს და ფაროსანას მიერ დაზიანებული ხეხილის ნაყოფი დეფორმირდება, დაზიანების ადგილებში ვითარდება ყავისფერი ლაქები და ხილი საკვებად გამოუსადეგარი ხდება.

ბოსტნეული კულტურებიდან ფაროსანა აზიანებს პომიდორს, წიწაკას, ბადრიჯანს და მწვანე პარკოსნებს. მავნებელი შეინიშნება ასევე ჭარხლის ფოთლებზე.

ფაროსანას მადა ყურძნის, როგორც თეთრ, ისე წითელ ჯიშებსაც ემტერება. ძირითადი ზიანი უკვე  მწიფობაში შესულ მარცვალს ადგება.

აზიური ფაროსანას ვერც ციტრუსი გადაურჩება  განსაკუთრებით, თუ ისინი ახლოს არის თხილის ან სიმინდის ფართობებთან, საიდანაც მავნებლის მიგრაცია ხდება.

მავნებლის ძლიერი გავრცელების დროს მოსავლის დანაკარგებმა შესაძლოა 70%-ს მიაღწიოს.

 

დაპირებული გმირი „ კრაზანა სამურაი“

 

 

საქართველოს ტერიტორიაზე ფაროსანას წინაარმდეგ საბრძოლველად მისი ბიოლოგიური მტრის – იაპონური კრაზანის, შემოყვანის იდეა გაჟღერებიდანვე ფართო განხილვის და კრიტიკის საგნად იქცა.

ფაროსანს ბუნებრივი პარაზიტი მინიატურულ  “სამურაი კრაზანაა” (ზომა 1-1,5 მმ), მიუხედავდ იმისა,  რომ „სამურაი“ კრაზანისებრთა ოჯახის წევრია, აგრესიული არაა და ადამიანებს არ ერჩის.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქართველოში აზიური ფაროსანას ბიოლოგიური მტრის – კრაზანას, შემოყვანა არ იგეგმება.

მიზეზი ორგანიზმის გარემოზე ზემოქმედების დეტალური შეფასება და გრძელვადიანი შედეგების პროგნოზირებაა.  აზიურ ფაროსანას ბიოლოგიური მტრის შესაძლო შემოყვანის საკითხს ჯერ მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ ბრძოლის სამეცნიერო-საკონსულტაციო ჯგუფი გამოიკვლევს.

საქართველოს გარემო პირობების და ხანგრძლივვადიანი  პროგნოზების გათვალისწინებით, შემოუყვანენ თუ არა ქვეყანაში დაპირებულ „იაპონელ სამურაის“, ჯერჯერობით უცნობია.

 

 

თამუნა გოგუაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები