LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დატბორილი სახლები,წაქცეული ხეები და მეწყერული პროცესები-დასავლეთ საქართველო სტიქიამ დააზარალა

61

სტიქიამ დასავლეთ საქართველო დააზარალა. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა და წვიმამ პრობლემები შექმნა გურიაში. ჩოხატაურში წყალი ათამდე ოჯახს სახლებში შეუვარდა – დაიტბორა რამდენიმე ქუჩა, დაზიანდა სოფელ კოხნარი-საჭამიასერის საავტომობილო გზა.

ოზურგეთში კი ძლიერმა ქარმა ხე წააქცია, რის გამოც, ერთი საათის განმავლობაში ბათუმისკენ მიმავალი გზა ჩაკეტილი იყო. ანალოგიური ვითარება იყო ურეკშიც. სტიქიის გამო გურიის რამდენიმე სოფელს თითქმის მთელი ღამის განმავლობაში არ მიწოდებოდა ელეტროენერგია.

წაქცეულმა ხეებმა დააზიანა გაზის მილებიც. ძლიერი წვიმების შედეგად ადიდებულმა მდინარე სუფსამ კი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი აკეთიც დააზარალა.

ქედაში გადაუღებელი წვიმის გამო მეწყერული პროცესები განვითარდა. სტიქიის გამო საცხოვრებელი სახლებიდან 5 ოჯახი გაიყვანეს. ღვარცოფი სოფელ მახუნცეთში, ბათუმი – ახალციხის საავტომობილო გზაზე ჩამოწვა.

დატბორილია მიმდებარე სახლების პირველი სართულები, დაზიანებულია საძირკველი და განადგურებულია საკარმიდამო ნაკვეთები.

ადგილზე საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები მუშაობდნენ.

სტიქიის მიზეზი ორდღიანი გადაუღებელი წვიმა გახდა.

 

რთული ვითარება იყო გოდერძის უღელტეხილზე, სადაც გაუარესებული კლიმატური პირობების გამო მაშველებმა 7 ავტომობილი გამოიყვანეს.

ამჟამად ამ მონაკვეთზე მოძრაობა მხოლოდ სპეციალური ჯაჭვების მეშვეობით არის შესაძლებელი, იგივე შეზღუდვა მოქმედებს გუდაური-კობის გზაზეც.

როგორც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში ამბობენ, ყველა მიმართულებით გაწმენდითი სამუშაოები უკვე დაწყებულია.

რაც შეეხება ელექტროენერგიის მხრივ არსებულ ვითარებას – ენერგო პრო ჯორჯიაში აცხადებენ, რომ ძლიერი ქარის გამო დასავლეთ საქართველოში დენი შეუწყდა 50 ათას აბონენტს. აქედან ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება ღამითვე აღუდგა. ვარაუდობენ, რომ დღეს სამუშაოები დასრულდება.

 

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 206-ე კილომეტრზე, მდინარე ჩხარას ადიდების გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. ადიდებულმა მდინარემ, ზესტაფონი ქუთაისის დამაკავშირებელ დროებით გზას ძირი გამოაცალა და ასფალტის საფარი მთლიანად ჩამოშალა.

სწორედ ამიტომ, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით ზესტაფონი-ბაღდათი-ქუთაისის საავტომობილო გზაზე გადაერთვება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები