LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათო ხუჯაძე და დათო ოქიტაშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ – „სახისთვის“ ვარსკვლავის გახსნა ადრეა…“

286

14 მაისს ჯგუფ „სახეს“ 20 წელი უსრულდება. ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში კონცერტი გაიმართება, შემდეგ კი ვარსკვლავი გაიხსნება. ამ ინიციატივას არ ეთანხმება დათო ოქიტაშვილი, რომელიც ვარსკვლავის გახსნაში ჩართული არ არის. დათო ხუჯაძე და დათო ოქიტაშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და ისმის მწვავე ბრალდებები. Fortuna.ge ორივე მხარეს დაუკავშირდა.

დათო ხუჯაძე:

ჩემი შპს ვარსკლავს არ ხსნის. მით უმეტეს, ნახეთ დოკუმენტები, თვითონ აქვს ასეთი შპს – კულტურის პალატა. არანაირი უფლება არ გააჩნია, რომ გახსნას ვარსკვლავი. კომისიის დასკვნაც კი არ არსებობს არც ერთ შემთხვევაზე. ერთპიროვნულად ხსნის ვარსკვლავს, ფულს შოულობს და ჭკუაზე არ არის. თვითონ აწერს ხელს და ქმნის ვარსკვლავებს. თურმე, დათო ოქიტაშვილი ქმნის ამინდს ქართულ კულტურაში…

მივედი მასთან, ვუთხარი, რომ არსებობდა „სახის“ ვარსკვლავის გახსნის ინიციატივა. დამეთანხმა. მითხრა, რომ ვარსკვლავის დამზადება 3500 ლარი ჯდებოდა. მერე გავიგე, რომ ვარსკვლავის დამზადება მხოლოდ 2000 ლარი ჯდება, იმ 1500 ლარს კი ჯიბეში იდებს.  თავიდან თანხმობა გამიცხადა, 10 დღეში კი უარი მითხრა. ვერ ამიხსნა მიზეზი. მე კი მივხვდი, რომ ის აკეთებს კონცერტებს და ფულს ჯიბეში იდებს. მე ვუთხარი, რომ კონცერტს თავად გავაკეთებდი. მომთხოვა კომპოზიტორთა კავშირის წერილი, მივუტანე, მაგრამ არ ვიცი, ვინ რა უთხრა და გადაწყვიტა, რომ აღარ უნდოდა ამ ვარსკვლავის გახსნა. მე გავაფრთხილე, რომ სამარეს ითხრიდა…

საბოლოოდ, ხსნით ვარსკვლავს?

რა თქმა უნდა, ვხსნით. 14 მაისს გაიმართება კონცერტი და მის შემდეგ გაიხსნება.

და ვინ ხსნის ამ ვარსკვლავს?

საინიციატივო ჯგუფი იყო და თავად მოვაგვარეთ ყველაფერი. ხალხმა გამოთქვა ინიციატივა, რატომ უნდა გვეთქვა უარი? 20 წელი გავიდა, „სახეს“ უამრავი ჰიტი აქვს, ჯგუფი იმსახურებს ამას. დავიწყეთ ამაზე მუშაობა. მივიტანეთ წერილი კულტურის სამინისტროში, ასევე ფილარმონიაში, რომ ტერიტორია გამოეყოთ. დიდი სიამოვნებით დაგვთანხმდნენ.

კულტურის სამინისტრომ რა გიპასუხათ?

გვიპასუხეს, რომ მათ ეს არ ეხებათ. რაც შეეხება ფილარმონიას, ეს კერძო საკუთრებაა და მათ ტერიტორიაზე რაიმეს გაკეთება უთანხმდება ფილარმონიის ადმინისტრაციას. მივიტანეთ წერილი, თხოვნით, რომ დაგვრთონ ნება, გაიხსნას „სახის“ ვარსკვლავი. ამ წერილს ცნობილი ადამიანების ხელმოწერები აქვს. ეს გვაქვს ჩვენ და დათო ოქიტაშვილს რა ვარსკვლავებიც გაუხსნია, არც ერთზე არ აქვს ასეთი წერილები გაკეთებული. მის მიერ გახსნილ ვარსკვლავებზე ისეთი ადამიანების სახელები და გვარები აწერია, არც ვიცი, ვინ არიან. აკეთებს ფულს და თან გამოდის „რეჩით“, რომ თურმე კუტლრუას საფრთხე ემუქრება. მაპატიეთ, მაგრამ დათო ოქიტაშვილს სულ ცალ ფეხზე ჰკიდია ქართული კულტურა.

დათო ოქიტაშვილი:

ჩემთან იყო მოსული დათო ხუჯაძე. მან მითხრა, რომ „სახეს“ შეუსრულდა 20 წელი და სურდათ ვარსკვლავის გახსნა. მე მას მოვუყევი, როგორ ხდება ეს ყველაფერი. დათო ოქიტაშვილი, როგორც მან და ნიკა რურუამ დამწამეს ცილი, ერთპიროვნულად არ იღებს გადაწყვეტილებას. შესაბამისი დოკუმენტაცია, 17 წლის, ინახება. ჩენ მოგვმართავს ორგანიზაცია თხოვნით, თბილისის მერია, კულტურის სამინისტრო, თეატრი თუ სხვა დაწესებულება, რომ გაიხსნას ამა თუ იმ გამოჩენილი ადამიანის ვარსკვლავი. ამ 17 წლის განმავლობაში მერია, კულტურის სამინისტრო და კულტურის პალატა ერთობლივად ვაფინანსებდით და ვაკეთებდით ამ ღონისძიებებს. ვარსკვლავს უნდა ხსნიდეს სახელმწიფო, თორემ ნებისმიერ შპს-ს შეუძლია ვარსკვლავი გახსნას, თუმცა მას არ ექნება არანაირი ღირებულება. ამ პროექტის იდეა ისაა, რომ სახელმწიფომ უნდა დააფასოს გამოჩენილი ადამიანები.

ტყუილია, როცა დათო ხუჯაძე ამბობს, რომ მე დავთანხმდი მათი ვარსკვლავის გახსნას. მან ვერ მომიტანა შუამდგომლობა კომპოზიტორთა კავშირისგან. მე ვუთხარი, რომ თუკი ეს წერილი არ მექნებოდა, ვერ შევკრებდი კომისიას და ვერ განვიხილავდით მათი ვარსკვლავის გახსნას. თან, ისიც ვუთხარი, ვფიქრობ, ცოტა ადრეა-მეთქი.

როცა დათო ხუჯაძე გამოდის და კითხულობს, რომელმა კომისიამ გადაწყვიტა ჩვენ მიერ გახსნილი ვარსკვლავების საკითხი, ვკითხულობ: რა კომისია უნდა შემეკრიბა იმის გასაგებად, იყვნენ თუ არა ღირსი ნინო რამიშვილი, ნონა გაფრინდაშვილი, სოფიკო ჭიაურელი, სუხიშვილები, „ივერია“, რომ გახსნილიყო მათი ვარსკვლავი. რომელი კომისია გაბედავდა, კარგი გაგებით, იმის განხილვას, ეკუთვნის თუ არა ვარსკვლავი ნანი ბრეგვაძეს?!.

კომიკურია ის, რომ დათო ხუჯაძს ამბიციაა ეს და თავის თავს თვითონ უხსნის ვარსკვლავს. მაგრამ მე ვიცი გოგა ხაჩიძისა და დათო ფორჩხიძის დამოკიდებულება. მათ თქვეს, რომ ეს გამოიწვევდა საზოგადოების ორად გაყოფას. ორად კი არ გაიყო, საზოგადოებას ერთი აზრი აქვს და ის მხარს უჭერს პროექტს, რომელსაც ჩვენ 17 წელია, ვახორციელებთ.

დღეს გამოჩნდა ყოფილი კულტურის მინისტრი, ნიკა რურუა, რომელმაც წამართვა ეს პროექტი და სამი წელი ისინი ხსნიდნენ ვარსკვლავებს. ბატონო ნიკა, იქნებ, თქვენც გამოაქვეყნოთ, რომელი კომისიის აგდაწყვეტილებით ხსნიდით ვარსკვლავებს? მივმართავ ბატონ დათო ხუჯაძესაც, „სახის“ ვარსკვლავის“ გახსნა ვინ გადაწყვიტა? გამოაქვეყნოს კომისიის დასკვნა. საზოგადოება გასცემს მწარე პასუხს, რადგან მათ შეურაცხყოფა მიაყენეს იმ ადამიანს და მათ სულებს, ვისი ვარსკვლავის გახსნილია ფილარმონიასთან. ხალხმა და საზოგადოებამ უნდა გაგიხსნას ვარსკვლავი.

„სახე“ იყო პოპულარული ჯგუფი, მაგრამ სამი წელი იარსება. ხალხმა ვერ გაიგო, რის 20 წლის იუბილეს აღნიშნავენ. მე იმიტომ ვარ ასეთი აღელვებული, რომ ვიცავ იმ ადამიანებს, ვისი ვარსკვლავებიც უკვე გახსნილია. მსოფლიოში არ მეგულება პრეცედენტი, რომ ადამიანი თავის თავს უხსნიდეს ვარსკვლვს. ორშაბათს საკრებულო იკრიბება და იურიდიული კომისია გადაწყვეტს ამ საკითხს. მკითხავთ, ვუთანხმებ თუ არა მე სახელმწიფოს, როცა ვარსკვლავს ვხსნი. დიახ, ვუთანხმებ. არც მერიამ, არც კულტურის სამინისტრომ მხარი არ დაუჭირა და უპასუხეს, რომ კულტურის პალატა აკეთებს ამ საქმეს. მესმის, რომ ფილარმონიამ მისცა ვარსკვლავის გახსნის უფლება, მაგრამ ქალაქის მთავრობასთან არ უნდა იყოს შეთანხმებული? ეს ხომ მისი ტერიტორიაა. ხვალ ვინმემ რომ გაიღვიძოს და თავისი ვარსკვლავის გახსნა მოინდომოს, უნდა მიეცეს ამისი საშუალება?

საზოგადოება აღშფოთებულია. მე მივიღე დიდი დარტყმა, მირეკავდნენ და მეკითებოდნენ, რატომ აკეთებთ ამასო. ერთი ცნობილი ადამიანის შვილმა მითხრა, რომ „სახის“ ვარსკვლავის გახსნის შემთხვევაში მამის ვარსკვლავს ამოთხრიდა… ღირდა ეს ყველაფერი ამად?!.

დათო ხუჯაძეს არ ვემუქრები. მას პასუხს საზოგადოება გასცემს!..

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები