LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათო ტურაშვილი „რუსთავი 2 “-ის დატოვების მიზეზებზე – „თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ „რუსთავი 2“-ს არ დავიცავ…“

97

მწერალი დათო ტურაშვილი რამდენიმე წლის განმავლობაში „რუსთავი 2“-ზე გადაცემა „შუადღეში“ წიგნების შესახებ რუბრიკას უძღვებოდა. ყველას გვახსოვს, როცა ხშირად მისი საუბარი წიგნებს ბევრად გასცდენია. წამების კადრების გავრცელების შემდეგ დათო ტურაშვილმა სწორედ „შუადღეში“ თქვა ცნობილი ფრაზა, როდესაც პარლამენტარებს მიმართა, რომელმაც უდიდესი რეზონანსი გამოიწვია.

დღეს მწერალი აღარ არის გადაცემის რუბრიკის ავტორი. ამბობს, რომ ტელევიზიის დატოვებამ მოუწია ერთი ადამიანის გამო, თუმცა „რუსთავი 2“-ის დაცვაზე უარს არ იტყვის, თუკი არხს ხელისუფლება უსამართლოდ მოექცევა. ის მიიჩნევს, რომ ეს საქმე პოლიტიზებულია…

გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება „რუსთავი 2“-ის საქმეზე. არის თუ არა ის თქვენთვის პოლიტიზებული, თუ მხოლოდ სამართლებრივი დავა ორ მხარეს შორის?

დათო ტურაშვილი:

სამწუხაროდ, არა მხოლოდ ჩემი სუბიექტური აზრით, ეს არის საკმაოდ პოლიტიზებული საქმე და არა უბრალოდ სამართლებრივი დავა ორ მხარეს შორის და ვფიქრობ, რომ ყველგან და ყოველთვის, ყველაზე კარგი გამოსავალი, არის სიმართლე.

ჩემი სიმართლე კი ის არის, რომ მიუხედავად ტენდენციურობისა, მირჩევნია, რომ „რუსთავი 2“  იყოს რომელიმე ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერი, ვიდრე ხელისუფლების, რადგან ნებისმიერ ხელისუფლებას, ყველაზე მეტად, სჭირდება ყოველდღიური კრიტიკა, რომ იგივე არ დაემართოს, რაც წინა ხელისუფლებას.

რაც შეეხება სამართლებრივ დავას „რუსთავი 2“-ის მფლობელებთან დაკავშირებით, თუ ამ გზას ავირჩევთ და წინა და იმისწინა და კიდევ იმისწინა მფლობელების პრეტენზიებსაც გავითვალისწინებთ, მაშინ ძალიან შორს მოგვიწევს წასვლა და ალბათ, 1801 წელსაც მივადგებით. ამიტომაც, მირჩევნია ვიაროთ წინ და არა უკან და არჩევანიც მარტივად გავაკეთოთ – ცუდია, როცა ტელეკომპანია რომელიმე პარტიის მხარდამჭერია, მაგრამ ამაზე ცუდი და უარესი არის ის, როცა ტელეკომპანია ხელისუფლების მხარდამჭერია…

როგორ ფიქრობთ, არსებობს თუ არა ამ ტელეარხის დახურვის რეალური საფრთხე?

 პირიქით, ხელისუფლებას ამ არხის დახურვა კი არა, მისი მფლობელების გამოცვლა უნდა, რადგან ამჟამინდელ მფლობელებს, საერთოდ ვერ აკონტროლებს და სამწუხაროდ ვერ ხვდება, რომ მისთვის კრიტიკა აუცილებელი და ყველაზე  სასარგებლოა და ამ მხრივ, ძალიან ემსგავსება წინა ხელისუფლებას. ქართველებს ეს, სამწუხაროდ,  ხშირად გვახასიათებს და არათუ სხვების, საკუთარ მწარე გამოცდილებასაც კი, ხშირად ვერ ვითვალისწინებთ.

 თქვენ როგორ შეაფასებთ ბოლო წლებში „რუსთავი 2“-ის მუშაობას?

 ამ ხელისუფლებას, „რუსთავი 2“-ზე არანაირი გავლენა არა აქვს, მაგრამ წინა ხელისუფლება, თითქმის მთლიანად აკონტროლებდა მას და ჩემი რუბრიკა იყო თითქმის ერთადერთი გამონაკლისი, სადაც ამ ტელევიზიის ეთერშიც კი ვახერხებდი სააკაშვილის რეჟიმის კრიტიკას. ასე ვცდილობდი მათ დახმარებას, მაგრამ იმ ხელისუფლების ზოგიერთი მაღალჩინოსანი, ამას ვერ ხვდებოდა სამწუხაროდ და თითქმის ყოველი ჩემი გადაცემის შემდეგ, ჩემით აღშფოთებულები, მიმართავდნენ ხოლმე „რუსთავი 2“-ის მაშინდელ ხელმძღვანელებს ჩემი ტექსტების გამო. არა მხოლოდ ნინო შუბლაძისა და ჩემი პროდიუსერების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ისინი ყოველთვის მედგრად და ბოლომდე მიცავდნენ და სწორედ მათი დამსახურებაა, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში მაინც მოვახერხე და რამდენიმე ასეული წიგნი შევაყვარე რამდენიმე ათას ადამიანს მაინც საქართვლოში და მგონი ამაზე მნიშვნელოვანი, არც არაფერი გამიკეთებია.

გარდა იმისა რომ „რუსთავი 2“ (მთლიანობაში და უპირველესად პროფესიონალური თვალსაზრისით)  არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი საქართველოში, პირადად მე, მათგან (იქ ყოფნის პერიოდში), თანადგომის, სიყვარულისა და მეგობრობის გარდა, არაფერი მახსოვს, მაგრამ ყველგან შეიძლება იყოს ერთი ადამიანი, რომელიც შეიძლება შეცდეს და ცუდად მოგექცეს და მეც იძულებული გავხდი, რომ „რუსთავი 2“-დან წამოვსულიყავი. ზოგადად, ძალიან უკონფლიქტო ადამიანი ვარ, მაგრამ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მე დავიწყე კონფლიქტის გამომწვევ მიზეზზე საუბარი და ამიტომაც ჩემი წილი შეცდომის აღიარება ახლაც შემიძლია, მიუხედავად იმისა, რომ იქ, იმ დღის შემდეგ, აღარასოდეს მივსულვარ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ „რუსთავი 2“- ს არ დავიცავ, თუ ხელისუფლება მას უსამართლოდ და უკანონოდ მოექცევა. მე ყოველთვის იმათ მხარეზე ვარ და ვიქნები, ვისაც ჩაგრავენ და ასეთი ვარ ბავშვობიდან (რაც თავი მახსოვს) და ალბათ, არც არასოდეს შევიცვლები…

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები