დაუფიქრებლად მოგვივიდა, ბოდიში: მოჭიდავეების მწვრთნელმა სკანდალურ ფოტოზე განმარტება გააკეთა

127

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოს, რომელზეც ჩანს, რომ საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ფოტო რუსეთის დროშის ფერებიან მაისურებში ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო დეპუტატთან, ჯამბულატ თადეევთან ერთად გადაიღეს, საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი იანტბელიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა.

გიორგი იანტბელიძე აცხადებს, რომ თადეევის გამოსახულებით მაისურის ჩაცმა საქართველოს ნაკრების წევრებს ევროპის ჩემპიონატის ორგანიზატორებმა სთხოვეს.

მისივე თქმით, ეს დაუფიქრებელი ნაბიჯი იყო, რის გამოც ბოდიშს იხდის.

„მოგესალმებით ყველას. დიდი გულისტკივილით მინდა გამოვეხმაურო სოციალურ ქსელში დღეს გავრცელებულ ფოტოს.

აღნიშნული ფოტო გადაღებულია დაღესტანში, 2018 წლის ევროპის ჩემპიონატზე, სადაც ორგანიზატორებმა გვთხოვეს ჩემპიონატის მაისურის ჩაცმა, რომელზეც გამოსახული იყო ჯაბო თედეევი.

სამწუხაროა ფაქტი ისაა რომ ეს ადამიანი სპორტის გარდა დაკავშირებულია პოლიტიკასთან. მითუმეტეს ჩვენს მოუშუშებელ ტკივილთან, რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამაჩაბლოსთან.

მერწმუნეთ, ეს ყველაფერი არის დაუფიქრებლობის შედეგი და არა მიზანმიმართული ქმედება. ჩვენ, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ყოველთვის ვაფიქსირებთ ჩვენს ურყევ პოზიციას – ვგმობთ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს ჩვენი ქვეყნის მიმართ. განსაკუთრებით მძიმეა ეს ყველაფერი ომის 10 წლისთავზე. მაშინ, როცა განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ ჩვენი, თქვენი თავისუფლებისთვის დაღუპული მებრძოლებისადმი.

თავის მართლებას არ ვაპირებთ. ვიხდით ბოდიშს დაუფიქრებელი ნაბიჯის გამო.

მეც და ჩვენი ნაკრების თითოეულ წევრს ისევე შესტკივა გული ჩვენს სამშობლოზე და დაკარგულ ტერიტორიებზე, როგორც ყველა ქართველს!“, – წერს გიორგი იანტბელიძე „ფეისბუქზე“.

 

 

 

„ფეისბუქზე“ განცხადება გაავრცელა გენო პეტრიაშვილმაც. მისი თქმით, ფოტოს გადაღება იყო მეგობრული ჟესტი და მაისურის ფერისთვის ყურადღება არ მიუქცევია.

“მოგესალმებით. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ჩემი და ჩემი თანაგუნდელების ფოტოსთან დაკავშირებით მინდა ვთქვა.

ფოტო გადაღებულია 2018 წლის ევროპის ჩემპიონატზე დაღესტანში, სადაც ჯაბო თედეევმა გვთხოვა ფოტოს გადაღება თავისივე გამოსახულებიანი მაისურით და ჩვენ მეგობრულად დავთანხმდით, რადგან ჩვენი დიდი გულშემატკივარია და ვმეგობრობთ.

მსგავსი მაისურები სუვენირების სახით არის ყველა ჩემპიონატზე. ამ მაისურზე გამოსახულია ჩვენი მეგობარი მოჭიდავე და მხოლოდ ამის გამო გადავიღეთ ეს ფოტო, ეს იყო მხოლოდ მეგობრული ჟესტი. მერწმუნეთ, არ მიმიქცევია ყურადღება მაისურის ფერისთვის“, – აცხადებს პეტრიაშვილი.

 

 

ინფორმაცია ამ ფაქტთან დაკავშირებით რადიო “თავისუფლებამ” გაავრცელა. ფოტოზე, რომელიც “რადიო თავისუფლებას” მიაწოდეს, ქართველი და რუსი მოჭიდავეები ერთად დგანან. მსოფლიოს ჩემპიონებს – გენო პეტრიაშვილს, ზურაბ იაკობიშვილს, ნაკრების თავკაც გიორგი იანტბელიძეს და ნაკრების ყოფილ მოჭიდავე მამუკა არევაძეს ერთნაირი მაისურები აცვიათ, რომელზეც რუსეთის დროშის ფონზე გამოსახულია ძამბოლატ თედეევის ფოტო.

თედეევი რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი და დე ფაქტო სამხრეთ ოსე­თის
პარლამენტის დეპუტატია.