LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაუთვლელი უსახლკაროები – რა ელით მიუსაფარ ადამიანებს ზამთარში

მიწისქვეშა გადასასვლელები, მეტროს ჩასასვლელები,  ქუჩის ბორდიურები და ბაღის სკამები – თბილისში ღამის საათებში ამ ადგილებში არაერთი მძინარე, მიუსაფარი ადამიანის ნახვა შეიძლება. ქუჩაში მცხოვრები ადამიანების პრობლემას ზამთრის სიცივეები განსაკუთრებით ამწვავებს. ქუჩაში გაყინვის და გარდაცვალების ფაქტები ყოველწლიურად ფიქსირდება.

რამდენი მიუსაფარი ადამიანია ქვეყანაში, ამის შესახებ ერთიანი  ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს. რეგიონებში ადგილობრივი მუნიციპალიტეტები თავად აღრიცხავენ ასეთ პირებს, ხოლო თბილისში საკითხს მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სააგენტო კურირებს. სააგენტოს დაქვემდებარებაშია ქალაქის მასშტაბით მოქმედი ერთადერთი მუნიციპალური თავშესაფარიც, რომელიც ლილოში მდებარეობს.

 

ლილოს თავშესაფარი

ლილოს მიუსაფართა თავშესაფარი, ე.წ. კარვების დასახლების ნაცვლად, 2 წლის წინ აშენდა და 240 ბენეფიციარზეა გათვლილი. დღეისთვის ლილოს მუნიციპალურ თავშესაფარში 99 ბენეფიციარი ცხოვრობს, მათგან 46 ქალი და 53 მამაკაცია.

თავშესაფარში მოსახვედრად პირი რამდენიმე კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს – არ უნდა გააჩნდეს რაიმე სახის ქონება, არ უნდა ჰქონდეს გადამდები დაავადება და  რეგისტრირებული უნდა იყოს თბილისში. 

ზამთარში დაიშვება  გამონაკლისები – თავშესაფარი ყველა იმ ადამიანს იღებენ,  ვისაც ღამის გასათევი არ გააჩნია. თაშესაფარში არ მიიღებიან ბავშვები, ისინი ბავშვთა სახლებში გადამისამართდებიან

მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ბენეფიციარები უზრუნველყოფილი არიან  ორჯერადი კვებით,  პირველადი მედიკამენტებით,  ჰიგიენური ნივთებით,  ექიმის  და ფსიქოლოგის მომსახურებით.

„თავშესაფარში ცხოვრების ვადა 18 თვეა.  თუ პირს  ამ პერიოდში საცხოვრებელი არ გამოუჩნდა, ის კვლავ რჩება ჩვენთან. აქ ჯერ კიდევ  2 წლის წინ  კარვების თავშესაფრიდან გადმოყვანილი ადამიანებიც ცხოვრობენ. თავშესაფარში მოსვლა მიუსაფარ ადამიანს თავად შეუძლია. ხშირად საპატრულო პოლიციას შემოჰყავს ან გამგეობებიდან შემოსული ინფორმაციის საფუძველზე კონკრეტული მისამართიდან გადმოგვყავს. სამივე შემთხვევაში თავშესაფარში საცხოვრებლად დარჩენა ნებაყოფლობითია. ადგილები საკმარისია. 240 ადამიანზე გათვლილ თავშესაფარში ერთდროულად , მაქსიმუმ, 170 ადამიანზე მეტი არ დაფიქსირებულა,“ – განუცხადეს „ფორტუნას“ მერიის სოციალური მომსახურების სააგენტოში.

 

ურეხის თავშესაფარი

გარდა ლილოს თავშესაფრისა, ქვეყანაში კიდევ ერთი,  ბათუმის მუნიციპალური თავშესაფარი ფუნქციონირებს.

ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტოს დირექტორის, ბადრი გოგიძის, ინფორმაციით, თავშესაფარი  50 ბენეფიციარზეა გათვლილი და ზამთრისთვის სრულ მზადყოფნაშია.  

„თავშესაფარი 50 ადამიანზეა გათვლილი,  თუმცა ფორსმაჟორულ სიტუაციაში შესაძლებელია, დამატებითი ბენეფიციარების მიღებაც. წინა წლების გამოცდილებით, ზამთრის პერიოდში 45-46 მიუსაფარზე მეტი არ შემოსულა თავშესაფარში,“ –  განმარტავს ბადრი გოგიძე.

ბათუმის თავშესაფარში ბენეფიციარებს უვადოდ შეუძლიათ დაყოვნება.

 

რა ხდება რეგიონებში?

ქუჩაში მცხოვრებ პირებთან  მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ,  რომ ქვეყანაში მოქმედი ორი მუნიციპალური  თავშესაფარი  ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნას  და მსგავსი სახის მაშტაბურ პრობლემას კომპლექსური მიდგომა სჭირდება. 

მიუსაფარი ადამიანების საკითხი პრობლემატურია მსოფლიოს დიდ ქალაქებშიც.

BBC-ის ინფორმაციით, ჰოლივუდის სიკაშკაშის მიღმა,  ლოს- ანჯელესში უსახლკაროთა რიცხვი ყოველწლიურად მზარდია. უსახლკაროთა რაოდენობა 2017 წელს ლოს-ანჯელესში, წინა წელთან შედარებით, 23%-ით  არის გაზრდილი და 58 ათასამდეა.

გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიის თანახმად, მსოფლიოში 100 მილიონი მიუსაფარი ადამიანი ცხოვრობს.  

 

 

თამუნა გოგუაძე 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები