LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით ჭაკუამ მითხრა, რომ პატიმრების დამცირების კადრები უნდა გადამეღო – მოწმე ლევან ფურცხვანიძე

174

“დავით ჭაკუამ მითხრა, რომ უნდა გადამეღო პატიმრების დამცირების კადრები, რის შემდეგაც დამაკავებდნენ და 3 თვეში გამომიშვებდნენ, რადგან ეს ყველაფერი ადეიშვილთან შეთანხმებული იყო,” – ამის შესახებ გლდანის ნომერ მერვე დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ყოფილმა უფროსმა, ლევან ფურცხვანიძემ, სასამართლოში დაკითხვისას განაცხადა.

ფურცხვანიძე პატიმრების ცემა-დამცირებისა და დანაშაულის პროვოცირების საქმეზე მოწმის სახით დაიკითხა. აღნიშნულ საქმეზე ბრალი იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, დავით ჭაკუას, აქვს წაყენებული.

“ღამის პირველი საათი იყო, დაახლოებით, როცა დამიკავშირდა დავით ჭაკუა და დეპარტამენტში მისვლა მთხოვა. როდესაც მივედით დეპარტამენტში, კაბინეტში ამიყვანა. მითხრა, რომ დახმარება სჭირდებოდა. მითხრა, უნდა გადამეღო პატიმრების დამცირების კადრები, რაზეც უარი განვაცხადე. მითხრა, მეც დამიჭერდა და სხვა თანამშრომლებსაც. თუ გავაკეთებდი, 3 თვეში გამოვიდოდი გარეთ. ადეიშვილთან შეთანხმებული იყო. დავთანხმდი, ვინაიდან ჩავთვალე, რომ საფრთხე რეალური იყო. ამის შემდეგ მეორე ოთახში გავედი, სადაც დამხვდა ჩემთვის უცნობი პირი და მომცა მაისური, რომელიც აღჭურვილი იყო ჩამწერი მოწყობილობით,” – განაცხადა მოწმემ.

ლევან ფურცხვანიძის თქმით, ჭაკუამ დაავალა, რომ პატიმრების დამცირებაში მონაწილეობა უნდა მიეღო დაწესებულების 2 თანამშრომელს, ფარულავას და ფხალაძეს. მოწმის თქმით, ასევე უნდა მომხდარიყო პატიმრების ცემა.

“როდესაც დავბრუნდი მერვე დაწესებულებაში, მეცვა ჩამწერით აღჭურვილი მაისური. დავუძახე ფარულავას და ფხალაძეს, რის შემდეგაც წავედით 37-ე საკანში. ვუთხარი ფარულავას და ფხალაძეს ჩხრეკა ჩაეტარებინათ და გაეშიშვლებინათ ორი პატიმარი, რომლებიც იმ საკანში იყვნენ. ვუთხარი გამოეყენებინათ ეს ტერმინები – “დუბინკას გაგიკეთებთ, სიგარეტს გაგიკეთებთ და ა.შ.” – აღნიშნა მოწმემ.

ფურცხვანიძის თქმით, გადაღებული მასალა უცნობმა პირმა გამოართვა, რის შემდეგაც ის შსს-ს შენობაში წაიყვანეს და დააკავეს. მოწმის განცხადებით, შსს-ში მას სთხოვდნენ ეღიარებინა ვლადიმერ ბედუკაძესთან კავშირი და ეთქვა, რომ ფულის სანაცვლოდ მას აწვდიდა პატიმრების დამცირებისა და წამების კადრებს. მოწმემ დაკითხვისას აღნიშნა, რომ მის ოთახში დადგეს სეიფი, საიდანაც ჩამწერით აღჭურვილი მაისური და 14 ათასამდე დოლარი ამოიღეს. მოწმის თქმით, დაკავების შემდეგ ის პროკურატურაში წაიყვანეს, სადაც დაწერილ ჩვენებაზე მოაწერინეს ხელი. ფურცხვანიძის ინფორმაციით, მას ჩვენების შედგენაში არავითარი მონაწილეობა არ მიუღია და არ იცნობს იმ პროკურორს, რომელმაც ჩვენებაზე ხელი მოაწერინა.