LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით ხოჭოლავა უკრაინულ გადაცემაში: “ჰალსტუხის გარეშე” და ხაჭაპური

192

საქართველოს ეროვნული ნაკრების და დონეცკის “შახტარის” მცველი დავით ხოჭოლავა უკრაინულ გადაცემაში მიიწვიეს.

გადაცემას ჰქვია “ჰალსტუხის გარეშე” და ხოჭოლავას მასპინძელი ულამაზესი უკრაინელი ტელეწამყვანი ივანა ონოფრიიჩუკი გახლდათ. დავითმა ისაუბრა როგორც ფეხბურთზე, ისე სხვადასხვა საინტერესო საკითხზე, თქვენ წარმოიდგინეთ, ხაჭაპურიც მოამზადა…

“ასეთ სილამაზეს და ბუნებას ვერსად ნახავთ. ნამყოფი ვარ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, მაგრამ მსგავი არსად შემხვედრია. საქართველოში ცხოვრობს კეთილი და ძალიან სტუმართმოყვარე ხალხი…

…ქართულ სამზარეულოს, ჩემი აზრით, აქვს ორი მხარე – როგორც კარგი, ისე ცუდი. ქართული კერძები არის უგემრიელესი, მაგრამ ჩემთვის საზიანოა. მე ხომ ფეხბურთელი ვარ. ავიღოთ ხინკალი – ერთ ხინკალს ნამდვილად ვერ იკმარებ, ასე რომ…

…ხაჭაპური, ალბათ, ყველაზე ცნობილი ქართული კერძია. მას შემდეგ, რაც “შახტარში” მოვედი, სულ მეკითხებიან თანაგუნდელები, თუ სად შეიძლება ხაჭაპურის ყიდვა, ან შეკვეთა. ოღონდ, ხაჭაპური კარგი იყოს და, ზოგიერთი ჩემი თანაგუნდელი მზადაა, მის საყიდლად 20 კილომეტრიც გაიაროს…

 

 

…ჩვენ მებრძოლები და ტემპერამენტიანები ვართ. საქართველო სულ გადარჩენისთვის იბრძოდა და ეს, ალბათ, ამიტომაც არის ასე. მწვრთნელები მხოლოდ იმის თაობაზე მაძლევენ შენიშვნას, რომ ბევრ გაფრთხილებას ვიღებ. ხდება ისე, რომ ზოგ შემთხვევებში კონტროლს ვკარგავ და ჩემს თამაშში აგრესია ჭარბობს…

…ყველამ კარგად იცის, რომ მინდორზე უფრო შემტევი ფეხბურთელის თამაშია შესამჩნევი. ჩემი საქმე კი დაცვაა, დაცვაში კარგად თამაში. ჩემი ერთადერთი მიზანი ყოველთვის ის არის, რომ რაც შეიძლება, მეტი სარგებლობა მოვუტანო გუნდს…

…ვერ ვიტყვი, რომ განუხრელად ვიცავ რეჟიმს. მაგალითად, ჩემთვის პრობლემაა 11 საათზე დაძინება. გარდა ამისა, როგორც ბევრ ქართველს, მიდრეკილება მაქვს ჭარბი წონისკენ. ეს მაიძულებს, გავაკონტროლო ჩემი კვების რაციონი. როცა შვებულების დრო დგება, პირველი ერთი კვირის განმავლობაში კარგად ვჭამ, მერე კი…

…რაც შეეხება “შახტარის” რეჟიმს. რეჟიმი ფეხბურთში ყველგან ერთნაირია. უბრალოდ, “შახტარში” დიდი დატვირთვებია, თან ყველაფერი სწრაფად უნდა გაკეთდეს…

…იუმორის მხრივ გუნდში ყველაფერი რიგზეა. რაც შეეხება იმას, რომ “სიტისთან” მატჩის შემდეგ ჩვენი მწვრთნელი “ზოროს” კოსტიუმით მოვიდა პრესკონფერენციაზე – როცა მოვიდა ჰელოუინი და პაოლო ფონსეკას კითხეს – რას ჩაიცვამდა, თუ “შახტარი” გავიდოდა პლეი ოფში, მან თქვა, რომ “ზოროს” ფორმას აირჩევდა.

ასეც მოხდა. ყველაზე სასაცილო ამ ამბავში ის არის, რომ ფონსეკას ძალიან მოეწონა ეს ფორმა. როცა კიევში მოვფრინავდით უკანა გზაზე, აეროპორტშიც და თვითმფრინავშიც ეს კოსტიუმი ეცვა…

…ბავშვობა? ჩემს ოჯახში თითქმის ყველა სპორტსმენია. უბრალოდ, ფეხბურთზე არავინ დადიოდა. 6 წლის ვიყავი, როცა მამას მეგობარმა მწვრთნელობა გადაწყვიტა.

მას უნდოდა ბავშვების შეკრება და გაწვრთნა. 1992-93 წლებში დაბადებული ბავშვები შევიკრიბეთ. სულ მეგობრების შვილები ვიყავით. მამა და მისი მეგობრები თავად იხდიდნენ თანხას სტადიონის არენდისთვის. რამდენიმე წლის შემდეგ მე მივხვდი, რომ ფეხბურთის გარდა, სხვა არაფერი მინდოდა…

…”რეალს” ვქომაგობ, მაგრამ მიმაჩნია, რომ მესი ბევრად ძლიერია, ვიდრე რონალდო. ამის გაგება ჩემგან ალბათ უცნაურია… ჩემი აზრით, საუკეთესო მცველი არის სერხიო რამოსი. არ არის რაღაც ისეთი, რაც მას არ შეუძლია. ის ერთვება შეტევებში, დაცვაში საიმედოა, გუნდის ნამდვილი ლიდერია, გააქვს უმნიშვნელოვანესი გოლები…

…არ შემიძლია, მთელი დღეების განმავლობაში ვიჯდე ტელევიზორთან და ვუყურო ფეხბურთს. თუმცა ჩემპიონთა ლიგისა და პრემიერლიგის საინტერესო მატჩებს არ ვტოვებ…

…ვთამაშობ “შახტარში”, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი გამორჩეული გუნდია, ხოლო უკრაინაში – პირველი. აქ ძალიან ძლიერი მოთამაშეები არიან. ვერ ვიტყვი, რომ ვინმეზე უკეთესი ვარ, ან უარესი.

…მას შემდეგ, რაც “ჩერნომორეციდან” დონეცკურ კლუბში მოვედი, თანდათან ვეჩვეოდი “შახტარის” განლაგებას და ტაქტიკას. ამისთვის საჭირო გახდა რამდენიმე თვე. ახლა ამ მხრივ ყველაფერი კარგადაა…

…თუ შევხედავთ იმას, სად ვიყავი ორი წლის წინ, ჩემპიონთა ლიგაში დებიუტი მართლაც რომ ზღაპარივით იყო. ყველა ფეხბურთელის ოცნებაა ევროპის უპირველეს საკლუბო ტურნირში თამაში. ასე ვიყავი მეც. ახლა ცოტა სხვანაირია ემოცია…

…ზოგადად, მატჩის მიმდინარეობისას იშვიათად ვნერვიულობ და ეს ჩემს დადებით მხარედ შეიძლება მივიჩნიოთ. ცოტა ძნელია, როცა მინდორზე შედიხარ სათადარიგოთა სკამიდან. ასეთ დროს გიწევს მომენტალური გარდასახვა – უკვე იყო არა ქომაგი, არამედ – ფეხბურთელი…

…ამჟამად, არ მყავს მეგობარი გოგო. ექვსი თვის წინ უკრაინაში გვქონდა ურთიერთობა, მაგრამ არ აეწყო რაღაც… ასე რომ, ახლა თავისუფალი ვარ…

…როგორია ჩემი გადასახედიდან იდეალური ქალი? რაც მთავარია, მასთან თავს კარგად უნდა გრძნობდე. კარგი გარეგნობა თავისთავად კარგია, მაგრამ, ჩემი აზრით, მთავარი არ არის. მთავარი ისაა, ყოველდღიური ურთიერთობა იყოს კომფორტული…

…ძალიან მიყვარს ჩოგბურთი. შეიძლება ითქვას, ეს არის ჩემი ჰობი. “დიდი სლემის” მატჩებს თავიდან ბოლომდე შემიძლია მივადევნო თვალი…

…რაც შეეხება მანქანას, უკრაინაში მყავს ავტომობილი, რომელიც “შახტარმა” გამოყო ჩემთვის. ზოგადად, ყველაზე მეტად “ლამბორგინი” მხიბლავს.

…ფეხბურთელობა რომ არა, ალბათ, მედიცინას ავირჩევდი. ეს სფერო ჩემთვის ძალიან საინტერესოა…

…საქართველო და უკრაინა მეგობარი ქვეყნები არიან. ბევრი ქართველია უკრაინაში. საქართველოშიც მინახავს არაერთი უკრაინელი…

სადღეგრძელო? ჩემი აზრით, ცხოვრებაში მთავარია ადამიანებს შორის ურთიერთობა. თუ ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი და ერთმანეთს პატივს ვცემთ, მაშინ ყველაფერი კარგად გამოდის.

მინდა ვთქვა სიყვარულის სადღეგრძელო (ხოჭოლავამ ეს სადღეგრძელო ჩაით მიირთვა გასაგები მიზეზების გამო – ავტ). ეს არის გრძნობა, რომელიც ყველას გვამოძრავებს! თუნდაც ცუდ მომენტებში სიყვარული გვშველის! ყველაფერი უკეთესობისკენ იცვლება!..

 

ლელო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები