LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით ზალკალიანი – ჩვენი პარტნიორების მხრიდან გვაქვს ძალიან მყარი მხარდაჭერა ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსთან მიმართებაში

89

ჩვენი პარტნიორების მხრიდან გვაქვს ძალიან მყარი მხარდაჭერა ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსთან მიმართებაში, რაც დადასტურდა ნატო-ს ბრიუსელის სამიტზეც, ასევე, გენერალური მდივნის მხრიდან აღინიშნა, რომ ეს არის საქართველოს სუვერენული არჩევანი, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ დასმულ კითხვაზე განუცხადა.

„ჩვენი ევროატლანტიკური კურსი არის გამყარებული იმ რეფორმებით, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში იმ ნაბიჯებით, რომელსაც ჩვენ ვდგამთ ორმხრივ ფორმატებში ნატოელ პარტნიორებთან. ჩვენ გავაგრძელებთ სვლას იქითკენ, რომ საქართველო კიდევ უფრო გაძლიერდეს. ასევე გაძლიერდეს ჩვენი თავდაცვისუნარიანობა, გამყარდეს სახელმწიფო და დემოკრატიული ინსტიტუტები, რადგანაც ძლიერი საგარეო პოლიტიკის თანმიმდევრული კურსის გამტარებელი ქვეყანა არის რეგიონში სტაბილურობის სერიოზული გარანტი“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა იმ პოლიტიკოსებს, ვინც საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში ჩართვას ცდილობენ, მოუწოდა ამ გადაწყვეტილების შედეგებზე დაფიქრდნენ. ამის შესახებ პუტინმა რუსეთის ელჩებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„ამგვარ აგრესიულ ნაბიჯებზე, რომლებიც პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენენ რუსეთისთვის, ჩვენ თანაზომიერი რეაგირება გვექნება. ჩვენმა კოლეგებმა, რომლებიც სიტუაციის გამწვავებაზე თამაშობენ, მათ შორის, საქართველოსა და უკრაინის ნატო-ს ორბიტაში ჩართვით, უნდა იფიქრონ ამგვარი უპასუხისმგებლო პოლიტიკის შესაძლო შედეგებზე“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. მისივე თქმით, ევროპის უსაფრთხოების საფუძველი თანამშრომლობისა და ნდობის განვითარებაშია.