LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავითაშვილი: ტყის სექტორის განვითარება ქვეყნის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს

73

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პროექტი „ტყის მდგრადი მართვა საქართველოში – ფაზა II“ შემაჯამებელი კონფერენცია გახსნა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, მინისტრმა მადლობა გადაუხადა „ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის“ (ADC) და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) წარმომადგენლებს პროექტის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის და საქართველოში ტყის მდგრადი მართვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ტყის სექტორის განვითარება ქვეყნის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. აღნიშნული მიმართულებით სახელმწიფომ ეფექტიანი ნაბიჯები გადადგა. ჩვენ შევიმუშავეთ სექტორის განვითარების ფუნდამენტური დოკუმენტი – ეროვნული სატყეო კონცეფცია და ვმუშაობთ ტყის კოდექსის კანონპროექტზე. როგორც იცით, ტყის ეროვნული ინვენტარიზაციის პროცესი უკვე დაწყებულია. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ტყის მდგრადი მართვის სისტემის ჩამოყალიბება და ვფიქრობ, ერთიანი ძალისხმევით ამას შევძლებთ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში არად ბენკომ აღნიშნა, საქართველოში ტყეების განვითარების, კონსერვაციისა და აღდგენის კუთხით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს საზოგადოების ცნობადობის ამაღლებას. დაუშვებელია ტყის გაჩეხვა – განადგურება, რადგან ტყე ყველას ეკუთვნის. ელჩის განცხადებით, ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისთვის (ADC) აქტიურად და ნაყოფიერად თანამშრომლობს საქართველოსთან, რაც მომავალშიც გაგრძელდება.

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) აღმასრულებელმა დირექტორმა, ნანა ჯანაშიამ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ პროექტის პირველი ფაზა 2012 წელს დაიწყო და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოში ტყის სექტორის განვითარების პროცესში.

კონფერენციაზე, ტყეების მართვის ინსტიტუციურ და ფინანსურ-ეკონომიკურ მოდელებთან ერთად, ტყეების საჯარო და ეკოსისტემური მომსახურების გამოყენების შესაძლებლობები განიხილეს. საერთაშორისო და ქართველმა ექსპერტებმა პროექტის ფარგლებში შემუშავებული სატყეო დარგის განვითარების ინიციატივები წარმოადგინეს.

კონფერენციაზე ასევე წარმოდგენილი იყო ბორჯომის ნახანძრალი ტყეების ნიადაგების აღდგენისა და სტიქიური პროცესების პრევენციის გეგმა, საქართველოს ტყეებში არსებული ბუნებრივი კატასტროფების საფრთხეებისა და ზონირების რუკა, თბილისის ახალი ტურისტული საფეხმავლო მარშრუტი და საგანმანათლებლო პროგრამა მდგრადი განვითარების მიზნების სათემო დონეზე დანერგვისათვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები