LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაზიანებული ტვინი, სუიციდი… – სპეციალისტები ბავშვის დასჯის სასტიკი მეთოდების საგანგაშო შედეგებზე

კვლევის საგანგაშო შედეგები ბრიტანეთში – ბავშვის დასასჯელად ცემის მეთოდის გამოყენება თავის ტვინს აზიანებს, იწვევს მეტყველების პრობლემებს, სმენის, შეხების, მგრძნობელობის დაქვეითებას, ზრდასრულ ასაკში ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულებას და არცთუ იშვიათად – სუიციდს. კვლევა ბრიტანეთის საგანმანათლებლო ფსიქოლოგიის ასოციაციამ მოამზადა, სადაც საუბარია მენტალური ჯანმრთელობის დარღვევის იმ ძირითად მიზეზებზე, რომლის გამომწვევი მიზეზი ბავშვების დასასჯელად მათი ცემაა.

მიუხედავად საგანგაშო შედეგისა, გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ამერიკის ჯორჯიას შტატის სკოლებში დასჯის ფორმად კვლავ ფიზიკურ შეხებას, ცემას აბრუნებენ. ახალმა ამბავმა განსაკუთრებული მღელვარება გამოიწვია, რადგან არავინ ელოდა, რომ ბრიტანული ასოციაციის მიერ მომზადებული გახმაურებული კვლევის შემდეგ, სკოლებში ფიზიკური დასჯის ამ მეთოდს ისევ შემოიღებდნენ.

„მსოფლიოს მასშტაბით, არსებობს 60 ქვეყანა, სადაც ბავშვებს სახლში კვლავ ცემით სჯიან. ამ ქვეყნებს შორისაა: ბრაზილია, კენია, ახალი ზელანდია და შვედეთი. ეს უკანასკნელი ერთ-ერთი ის პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც ცემის პრაქტიკა 1979 წლიდან აკრძალა. ამასობაში უელსი და შოტლანდია მსგავსი დისციპლინის შეზღუდვის ან საერთოდ აკრძალვის დანერგვის პროცესშია,“ – წერია iflscience-ის სტატიაში.

ამერიკის 28 შტატი სკოლებში ბავშვის ფიზიკურ დასჯას ცემის სახით კრძალავს, 7 შტატი – არა. რჩება კიდევ 15 შტატი, სადაც აშკარად ნებადართულია ფიზიკური სასჯელი და ამ შტატების სიაშია ტეხასი, ფლორიდა და ჩრდილოეთ კაროლინა.

2017 წელს ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, სკოლებში ბავშვების ცემას მხარს აშშ-ის ზრდასრული მოსახლეობის მეოთხედი, 26% უჭერს, თუმცა 65%-ზე მეტი ზოგადად, ბავშვის დისციპლინური დასჯის მომხრეა იმ თვალსაზრისით, რომ მოზარდების დასჯის ეს მეთოდი მხოლოდ სახლში უნდა იყოს გამოყენებული.

დიდი ბრიტანეთის საგანმანათლებლო ფსიქოლოგიის ასოციაციის ექსპერტები ფიქრობენ, რომ რეგულარულად ბავშვის ფიზიკური დასჯა არა მხოლოდ არაეფექტურია (არსებობს რამდენიმე სანდო კვლევა, რომელიც აჩვენებს, რომ ბავშვის ცემა სამომავლოდ მის ცუდ ქცევას აუცილებლად განაპირობებს), არამედ ასეთ ქცევას შეუძლია, მოზარდის ჯანმრთელობა სასტიკად დააზიანოს.

„ეჭვგარეშეა, რომ გამოჩნდება ისეთი გუნდიც, რომელიც იფიქრებს, რომ მის შვილს მსგავსი პრობლემები არ შეექმნება, თუმცა მეცნიერული კვლევით, ეს საფრთხე აბსოლუტურად ყველა მოზარდს ემუქრება,“ – ამბობენ კვლევის ავტორები.

ერთ-ერთი უახლესი და ყველაზე დიდი, 75 გვერდიანი კვლევა, რომელიც ბოლო 50 წლის განმავლობაში მომხდარი მსგავსი შემთხვევების შესწავლა-განხილვას ეხება, წერს, რომ არსებობს 160 000-ზე მეტი ბავშვი, რომელიც წლების განმავლობაში მსგავსი დისციპლინური სასჯელით – ცემით ისჯებოდა. ასეთი ბავშვების უმრავლესობას ბავშვობაშივე გამოუვლინდა სუსტი მენტალური ჯანმრთელობა, ხოლო ზრდასრულობის პერიოდში მათ ანტისოციალური ქცევითი აშლილობის უმაღლესი მაჩვენებელი დაუფიქსირდათ.

თუმცა, ამავე კვლევის გარკვეული მიგნებები მეცნიერებისთვის დღემდე საკამათო თემად იქცა. პედიატრიის ამერიკულ კოლეჯში აცხადებენ, რომ ამ კვლევის ანალიზი „სამწუხაროდ არაადექვატურია“ და მკვლევარებს აკრიტიკებენ ძალიან ბევრი კორელაციური მონაცემის გაუთვალისწინებლობის და კვლევის სასარგებლო დასკვნების იგნორირების გამო, სადაც საუბარია ფიზიკური დასჯის სათანადო საბაბზე და ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ „მსგავსი დისციპლინური დასჯა ტრადიციული და გამართლებულია“.

მიუხედავად გამოთქმული მოსაზრებისა, მედიკოსები განმარტავენ, რომ ახალგაზრდა ტვინი საკმაოდ მოქნილია და მის ფორმირებას სწორედ ის ფაქტორი განსაზღვრავს, რამდენად ხშირად დაისჯებიან ბავშვები ცემის მეთოდით.

 

ძალადობა გავლილ ბავშვებს განვითარების შეფერხებები აქვთ!

 

„გლობალური ჯანმრთელობის“ ანალიტიკოსები ირწმუნებიან, რომ წლის დასაწყისში 74 წყვილი საკუთარ შვილებთან ერთად დაუკავშირდა სამედიცინო კომპანიებს და მედიკოსებს შვილების განვითარების შეფერხებებზე აცნობეს. მშობლები აცხადებდნენ, რომ დასჯის მეთოდად ბავშვის ცემას ირჩევდნენ. ყველაზე ხშირი მიმართვიანობა იყო ბავშვებში მეტყველების პრობლემებით – რიგ შემთხვევებში მოზარდებს საუბარი ძალიან უჭირდათ.

2009 წელს ჩატარებული კვლევით ირკვევა, რომ მსგავსი ტიპის ძალადობით მოზარდებს მნიშვნელოვნად უჭირდათ მუქი ფერის ნივთების ერთმანეთისგან გარჩევა და მათი დასახელება. ბავშვებს დაზიანებული ჰქონდათ თავის ტვინში არსებული ქსოვილი, რომელიც პასუხისმგებელია სენსორული ინფორმაციის აღქმაზე, უჭირდათ მოსმენა, საუბარი, ემოციების და ქცევის კონტროლი. მედიკოსების თქმით, ძალადობაგამოვლილი ბავშვების ტვინის ფუნქციასთან ერთად, იცვლება მისი ფორმაც – მოზრდილობისას ასეთ ადამიანებს აღენიშნებათ შუბლის მარჯვენა მხარეს ამობურცვები და ტვინის მარცხენა ჰემისფეროს შეფერხებული მუშაობა.

რაც შეეხება ყველაზე ხშირად გამოვლენილ სუსტი მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებს, კვლევის მიხედვით, დადგინდა, რომ 7-დან 2 ქეისში ასეთი შემთხვევები სწორედ ბავშვობაში დასასჯელად ცემის მეთოდის გამოყენებას უკავშირდება. მედიკოსები განმარტავენ, რომ მენტალური ჯანმრთელობის დარღვევის ყველაზე ხშირი სიმპტომებია ძლიერი დეპრესია, ბრაზი და პარანოია. კვლევის პროცესში გამოკითხული რესპონდენტების 6% ამბობს, რომ მათ ბავშვობაში მშობლები ცემდნენ, არც ისე იშვიათად თავის არეში და ხანდახან მშობლები მათ „კედელზეც ანარცხებდნენ“.

„ასეთი ბავშვები მოზრდილობის ასაკში ხშირად ხდებიან ალკოჰოლზე დამოკიდებული, უვითარდებათ მწვავე დეპრესია და პანიკური შემოტევები, განსაკუთრებით ხშირია ნარკოტიკების მოხმარების, თვითმკვლელობის მცდელობის და თვითმკვლელობის შემთხვევები,“ – განმარტავენ მედიკოსები.

კვლევა ცხადყოფს, რომ ძალადობაგამოვლილი ბავშვები ზრდასრულ ასაკში თავადაც ხშირად ძალადობენ პარტნიორებსა და საკუთარ შვილებზე. კვლევის მონაწილეები ამბობენ, რომ მსგავსი შემთხვევების შემდეგ, მუდმივად უჩნდებათ სინანულის გრძნობა და სურთ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულონ. კვლევაში წერია, რომ ძალადობა იწვევს ძალადობას, მოძალადე მშობელი ბავშვობაში თავადაც ძალადობის მსხვერპლი იყო და სავარაუდოდ, მისი შვილიც საკუთარ შთამომავლობას უკვე კარგად ნაცნობი, „ტრადიციული“ მეთოდით დასჯის.

თათია კაკიაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები