LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დედა, მამა, წამიყვანეთ სახლში” – 11 წლის ბავშვი ოჯახში დაბრუნებას ითხოვს

სოციალურ ქსელში “თბილისი ცენტრალის” მიმდებარე ტერიტორიაზე გადაღებულ ვიდეოკადრებს უფლებადამცველებისა და საზოგადოების გამოხმაურება მოჰყვა.

მასალაში 11 წლის მოზარდი ტირის და მშობლებს სახლში წაყვანას სთხოვს.

“დღეს დილით ბავში მივიყვანე ბაღში და უკანა გზაზე “თბილისი ცენტრალის” ტერიტორიაზე გადავაწყდი ამ სურათს –  გული მომიკვდა ამ ბავშვის საცოდაობით, მშობლებს სთხოვს სახლში წაყვანას. თემქის ბავშვთა სახლიდან გამოიქცა, თუ არ ვცდები:( არ უნდა იქ დაბრუნება. დედას რომ ვკითხე, რატომ არ მიჰყავდა სახლში, პასუხი იყო: ნევროზიანია, მკურნალობა უნდა, იქ უკეთ უვლიანო. აქ ხალხს ხედავს და გასდის ასეთი საქციელიო. სახლში რომ მივიყვანო, დამილეწავს ყველაფერსო. ძალიან მომეშალა ნერვი და უფრო რომ ჩავეძიე, ჩემს ცხოვრებაში ნუ ერევი, თავს გაგიჩეჩქვავო. ღმერთო, რატომ ჰყავთ ასეთ მშობლებს შვილები?! რამდენს შვილი უნდა და ნატრობს. ყურებიდან არ ამომდის ამ ბავშვის განწირულ ხმა – დედიკო, მამიკო, წამიყვანეთ სახლში, იქ ნუ დამაბრუნებთ! “ – წერს პირად გვერდზე ვიდეოს ავტორი.

 

მომხდართან დაკავშირებით  “ფორტუნა ” სოციალური მომსახურების სააგენტოს დაუკავშირდა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ბავშვი მშობლების სურვილით თბილისის მე-200 სპეციალიზებულ დაწესებულებაში სწავლობს.

“მუდმივად ვართ ბავშვის ჯანმრთელობის და განათლების საკითხების ირგვლივ ინფორმირებულნი, ვფლობთ ინფორმაციას, რომ ის ადაპტირდა, მოერგო ახალ სასწავლო და საცხოვრებელ პირობებს. მოგეხსენებათ, რომ სკოლა-პანსიონს გააჩნია მედ-პერსონალი, ასევე სასწავლო სპეციალიზებული პედაგოგთა გუნდი რომელიც 24 საათიან რეჟიმში ზრუნავს ბავშვზე. დედას მუდმივი კომუნიკაცია აქვს შვილთან, ამჯერად გაიყვანა დაწესებულებიდან რამდენიმე დღით სააღდგომო არდადეგებზე.” – განუცხადეს “ფორტუნას” სოციალურ სამსახურში.

განათლების სამინისტროში ბავშვის სკოლიდან გაქცევის ფაქტს უარყოფენ.

მათი ინფორმაციით, რომელიც „ფორტუნასთან“ ბავშვის მშობლებმაც დაადასტურეს,  მოზარდი სააღდგომო არდადეგების შემდეგ ჩამოყვანილი ჰყავდათ ფსიქიატრთან და დაახლოებით ამ პერიოდში მოხდა ინციდენტი.

„მეორასე საჯარო სკოლა ინტელექტუალური დარღვევის მქონე  მოსწავლეებისთვის განსაზღვრული სასწავლო დაწესებულებაა, სადაც ბავშვების ჩარიცხვა  მხოლოდ ექსპერტების გადაწყვეტილების საფუძველზე ხდება.

“ბავშვი მანამდე სამტრედიის სკოლაში სწავლობდა,  სადაც ჰყავდა სპეციალური პედაგოგი, თუმცა, მისი მდგომარეობიდან გამომდინარე,  იქ ვერ მოხერხდა მოზარდის  ქცევის მართვა.

“ფსიქიატრებისა და სპეციალისტების დასკვნის საფუძველზე ბავშის გადმომისამართება მოხდა თბილისში. აქ ყოფნის 2 წლის განმავლობაში მას არცერთხელ აღარ დასჭირვებია ფსიქიატრთან გადამისამართება,“ – ამბობს „ფორტუნასთან“ განათლების სამინისტროს ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს უფროსი, ეკა დგებუაძე.

განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი თბილისის მე-200 სკოლაში  11 წლის მოზარდი სასწავლებლად 2 წლის წინ მშობლების სურვილით სამტრედიიდან გადმოიყვანეს. როგორც “ფორტუნას”  ბავშვის დედამ  განუმარტა, მოზარდი ფსიქოლოგებთან კონსულტაციის საფუძველზე გადმოიყვანეს სასწავლებლად თბილისში. ბავშვს სკოლაში მოსწონს  და ვიდეოში დაფიქსირებული ემოციურობა არდადეგების პერიოდში მომხდარმა ინციდენტმა გამოიწვია.

“ბავშვს აქვს გონებრივი ჩამორჩენა, ქცევითი აშლილობა, ეპილეფსია, სამტრედიის სკოლაში სწავლისას სპეციალიზებული პედაგოგი ჰყავდა,  მაგრამ ვერ ვახერხებდით მის კონტროლს, აგრესიული იყო, როგორც კლასელების,  ასევე ოჯახის წევრების მიმართაც, არ იღებდა წამლებს, ხშირად გვიხდებოდა თემქის ბავშვთა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მისი მოთავსება. მას შემდეგ,  რაც თბილისის სპეციალიზებულ სკოლაში გადმოვიყვანეთ, სიტუაცია მნიშვნელოვნად გამოსწორდა,  ბევრი რამ ისწავლა და აღარც ფსიქიატრის ჩარევა დასჭირვებია,“ – ამბობს ბავშვის დედა.

რაც შეეხება ვიდეოკადრებს,  დედა ყვება, რომ ბავშვი აღდგომის დღესასწაულზე სახლში წაიყვანეს, სადაც თანატოლებთან კონფლიქტი მოუვიდა, ინციდენტში  უფროსიც ჩაერია და „ ყური აუწია“, რამაც ბავშვის  გაღიზიანება გამოიწვია. ბავშვის დედა  გადაღებული ვიდეოს ავტორის წინააღმდეგ სარჩელის მომზადებას გეგმავს.

ოჯახი ბავშვის სამტრედიაში დაბრუნების და იქ  სწავლის გაგრძელების წინააღმდეგია.

უკვე შეეჩვია მასწავლებელბს, კლასელებს. მინდა, სკოლა იქ დაამთავროს, სადაც ახლა სწავლობს,” – ამბობს ბავშვის დედა.

როცა ბავშვიმ შობლებთან ყოფნას ითხოვს, მშობლები კი მის სპეციალიზებულ დაწესებულებაში ყოფნას ამჯობინებენ, რა არის ბავშვის საუკეთესო ინტერსი?   

„ყველა ბავშვის უფლებაა, იცხოვროს ოჯახში და არცერთ შემთხვევაში ბავშვთა სახლში,“ – ამბობს ბავშვთა უფლებადამცველი.

ანა არგანაშვილი „ფორტუნასთან“ იმ ნაბიჯებზე საუბრობს, რაც ბავშვის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად შეიძლება, გაკეთდეს,  როგორც სახელმწიფოს, ასევე ოჯახის მხრიდან.

„მისი უფლებაა, ყველა სერვისი სახელმწიფოსგან მიიღოს ოჯახში და დაუშვებელია, იძულებით უწევდეს ბავშვთა სახლში მოთავსება ნებისმიერი მიზით. ბავშვთა სახლი ბავშვისთვის შეუსაბამო გარემოა. ეს ბავშვი ითხოვს, რომ იცხოვროს ოჯახში და ეს მისი უფლებაა.

“სოციალურმა სამსახურმა უნდა შეისწავლოს ოჯახის პრობლემა.  იმ შემთხვევაში, თუ მშობელი უარს ამბობს ბავშვის დაბრუნებაზე,  შეისწავლოს, ეს რა მიზეზით ხდება და სწორედ ის პირობები შეუქმნას, ის სერვისები მიაწოდოს, რაც ბავშვს ოჯახში დააბრუნებს. არც ერთი ოჯახი არ უნდა იყოს იძულებული, დატოვოს ბავშვი.

“დასადგენია ბავშვის საუკეთესო ინტერესი.  შესაძლებელია, მშობელს სხვანაირად ესმოდეს საუკეთესო ინტერესი და ეს სულაც არ იყოს საუკეთესო ბავშვისთვის. სახელმწიფო ვალდებულია, საკითხი სამართლებრივად შეისწავლოს,“ – ამბობს ანა არგანაშვილი  “ფორტუნასთან“.

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ინციდენტის მოკვლევას იწყებს. არგანაშვილის ინფორმაციით, ორცანიზაცია სოციალურ სამსახურს მიმართავს და ბავშვის ინტერესების დასაცავად იბრძოლებენ.

ვიდეოკადრებში გადაღებული 11 წლის მოზარდი ამ დროისთვის, მშობლებთან ერთად, თემქის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იმყოფება. მშობლები ხვალ ბავშვის სკოლაში მიყვანას გეგმავენ.

 

 

თამუნა გოგუაძე

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები