LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედის დღეს ქართველი ვარსკვლავები „იავნანას“ მხარდასაჭერად გალაკონცერტს მართავენ

119

3 მარტს ქართველი ვარსკვლავების ინიციატივითა და ხელოვანთა გაერთიანების ორგანიზებით,  ფონდ „იავნანას“ მხარდასაჭერად გალაკონცერტი გაიმართება!

3 მარტს, დედის დღეს, თბილისის საკონცერტო დარბაზში ქართველი ვარსკვლავები ქველმოქმედების იდეის გარშემო ერთიანდებიან. 14 წლის განმავლობაში ამ დღეს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „იავნანა“ აერთიანებდა საზოგადოებას, წელს კი „იავნანას“ და კეთილ საქმეს ფონდის მეგობრები მიუძღვნიან გალაკონცერტს.

გალაკონცერტის ორგანიზატორები არიან თავად არტისტები, რომელთაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ამ კონცერტით გამოხატონ თავიანთი მხარდაჭერა როგორც ფონდ „იავნანას“, ასევე  ქველმოქმედებისა და კულტურის იდეის მიმართ.

კონცერტში მონაწილეობისთვის მეტროპოლიტენ ოპერაში ტრიუმფის შემდეგ, ნიუ-იორკიდან ჩამოვა აღიარებული ქართველი მეცოსოპრანო ანიტა რაჭველიშვილი. რამდენიმე დღეში შემოქმედებით გუნდს ამსტერდამიდან  შემოუერთდება დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი. კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი,  კლასიკურ ნაწარმოებებთან ერთად, შესრულდება ნიკოლოზ რაჭველის ორიგინალური საავტორო ვერსიები.

3 მარტს ერთ სცენაზე იდგებიან – მსოფლიოში აღიარებული საოპერო მომღერლები თამარ ივერი, გიორგი ონიანი, გოჩა დათუსანი, აღიარებული პიანისტი ვალერიან შიუკაშვილი, განუმეორებელი ნინო ქათამაძე, ნატო მეტონიძე, სოფო ნიჟარაძე, ზვიად ბოლქვაძე, ანსამბლი “შვიდკაცა”, ზაზა მარჯანიშვილი, გიგი გეგელაშვილი და ჯგუფი “სინათლის წელიწადი”,  თეა დარჩია და თედასი, ქართული ნაციონალური ბალეტი “სუხიშვილები“.

წლევანდელი მარათონის ბენეფიციარები იქნებიან ის დედები, რომელთა შვილები განსხავებულნი დაიბადნენ და ამის გამო, მათ უწევთ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობა. ასევე, იმ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე, რაც მათ შვილებს უნარების გამოვლენის შესაძლებლობას მისცემს და თავს აგრძნობინებს საზოგადოების სრულფასოვან წევრებად.

ნინო ჟვანიას მიერ დაარსებული ფონდი „პირველი ნაბიჯი“ სწორედ დედებს ეხმარება და უმსუბუქებს ცხოვრებას. ფონდს საკმაოდ მძიმე ეკონომიკურ ვითარებაში რთული ეტაპების გავლა მოუწია. წელს “პირველ ნაბიჯს” 20 წელი უსრულდება და ფონდის მზრუნველობის ქვეშ 450 ბავშვი იმყოფება.

წლევანდელ მარათონზე საზოგადოება კიდევ ერთხელ მოისმენს მშობლების მიერ დაარსებული „აუტიზმის კვლევისა და ხელიშეწყობის ფონდის“ ინიციატივას აუტიზმის ეროვნული ცენტრის დაარსების შესახებ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები