LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დევნილების ნაწილს დახმარება შეუწყდება – უქმდება თუ არა მათი სტატუსი

189

„დევნილთა ოჯახებს, რომლებსაც აქვთ ყოველთვიურად გარკვეული შემოსავალი, სახელმწიფოს მხრიდან დახმარება შეუწყდებათ“ – ამის შესახებ „ფორტუნას“ დევნილთა და განსახლების მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ განუცხადა.
გიორგაძის თქმითვე, უსამართლობაა, როდესაც 100 ათას ლარიანი შემოსავლის მქონე ოჯახი და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახი ერთნაირად იღებდეს სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ პროტესტი 

დევნილებისთვის დახმარების შეწყვეტის თაობაზე განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა გაავრცელეს. ნუგზარ წიკლაურის თქმით, პარტიას აქვს დევნილთა სამინისტროს მიერ შემუშავებული დოკუმენტი, რომლის მიხედვით, დევნილებს, რომლებიც არ არიან დაბადებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში, ან დაქორწინებულები არიან არადევნილ პირებზე, შეუწყდებათ 45 ლარიანი დახმარება.

 

მთავრობის პასუხი ოპოზიციის ბრალდებებზე

აბსურდულს უწოდებს ამ განცხადებას დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და აცხადებს, რომ დახმარება  მხოლოდ იმ დევნილებს შეუწყდებათ, რომლებსაც აქვთ ყოველთვიური შემოსავალი და არ არიან გაჭირვების ზღვარს მიღმა.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, საბიუჯეტო სახსრების მიმართვას, გაჭირვებული ოჯახების ინტერესების სასარგებლოდ აპირებს. დევნილთა ნაწილისთვის შეწყვეტილი შემწეობა კვლავ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ დევნილ ოჯახებს მოხმარდება. მინისტრის მოადგილის განმარტებით,  გარკვეული კატეგორიისთვის 45 ლარიანი დახმარების გაუქმების შემდეგ, ეს თანხები ისევ დევნილების საჭიროებებისთვის გაიხარჯება.  ყოველი თეთრი დევნილი ოჯახებისთვის სახლების მშენებლობას და იმ საჭიროებებს მოხმარდება, რის წინაშეც გაჭირვებაში მყოფი დევნილები დღემდე არიან.

„არ ვართ ისეთი მდიდარი ხალხი, რომ თანხები ვარიგოთ. ჩვენ საბიუჯეტო რესურსები  აუცილებლად ყველაზე გაჭირვებულ კატეგორიაზე უნდა მივმართოთ. დღეს ათასობით დევნილი ადამიანი ისევ უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს, ამიტომ მოკლე დროში უნდა გადავუჭრათ საცხოვრებელი სახლის პრობლემები, ხელი შევუწყოთ შემოსავლის წყაროების გაჩენას. ვისაც დახმარება  სჭირდება მათ უნდა დავეხმაროთ“ – აცხადებს გრიგოლ გიორგაძე.

 

როდიდან შეწყდება დახმარება

გიორგაძის ინფორმაციით, აღნიშნული რეფორმა დაახლოებით ერთ თვეში განხორციელდება. რეფორმის განხორციელებაში ჩართულები არიან საერთაშორისო ორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორი და სახალხო დამცველის აპარატი.

რას ფიქრობენ დევნილები

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გადაწყვეტილებას,  დახმარების შეწყვეტის თაობაზე არასწორს უწოდებს აფხაზეთიდან დევნილი ცირა ჭაავა. მისი თქმით, თუ სახელმწიფო დევნილის სტატუსს განიჭებს, მაშინ კუთვნილი დახმარებაც უნდა მოგცეს.

„როგორც აფხაზეთიდან დევნილს, მიმაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება არასწორია. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ოჯახი გაჭირვების ზღვარს მიღმა არ არის, მე დიასახლისი ვარ, სამსახური არ მაქვს და ყოველთვე ველოდები ამ მიზერულ თანხას“ – აცხადებს „ფორტუნასთან“ აფხაზეთიდან დევნილი.

დევნილის სტატუსი არ გაუქმდება

„დევნილობა ეს არის ფაქტი და ამ სტატუსს ვერავინ შეეხება“ –  განაცხადა მინისტრის მოადგილემ  დეპუტატ ელენე ხოშტარიას ბრალდების საპასუხოდ.

„ნაციონალური მოძრაობის“  წევრ ელენე ხოშტარიას თქმით, ხელისუფლება დევნილთა ჯგუფის საერთოდ გაუქმებას აპირებს.

როგორც ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე აცხადებს, ელენე ხოშტარიას ეს განცხადება არის არაკომპეტენტური და მიზანმიმართულად გავრცელებული არასწორი ინფორმაცია.

„ელენე ხოშტარიას მხრიდან ასეთი განცხადების გაკეთება ან არაკომპეტენტურობის მაჩვენებელია, ან არასწორი ინფორმაციის შეგნებულად გავრცელებას ემსახურება. დევნილობის სტატუსის გადახედვა საერთოდ არ იგეგმება. ეს სტატუსი დაკავშირებულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაბრუნების უფლებასთან. დევნილობა ეს არის ფაქტი“ – აცხადებს გრიგოლ გიორგაძე. 

 

გვანცა ბზიავა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები