LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დევნის საფუძვლად შეწყალების უფლების კონსტიტუციური მუხლის გამოყენება შემაშფოთებელია – პრეზიდენტი

41

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, შემაშფოთებელია, რომ პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის დევნის საფუძვლად შეწყალების უფლების კონსტიტუციური მუხლი გამოიყენა. გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ შესაძალოა, ეს პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის მცდელობას ემსახურებოდეს.

ამასთან, გიორგი მარგველაშვილმა პროკურატურა პოლიტიკური განცხადების გაკეთებაშიც დაანაშაულა.

“ხელისუფლების ცვლილების შემდეგ სისტემურ დანაშაულში მონაწილე ზოგიერთი ადამიანი, სამწუხაროდ, დაწინაურებულ იქნა, რამაც საზოგადოებაში ბუნებრივად კიდევ ერთხელ უნდობლობა გააჩინა სამართალდამცავი სისტემის მიმართ.

“დღეს როცა ვუყურებთ საზოგადოებისთვის ასეთი მნიშნელოვანი საქმის განხილვას, შემაშფოთებელია, რომ პროკურატურამ დევნის საფუძვლად გამოიყენა შეწყალების უფლების კონსტიტუციური მუხლი. ამის შემდეგ მოხდა პროკურატურის მიერ პოლიტიკური განცხადების გაკეთებაც, რამაც კიდევ უფრო გააღრმავა ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ არის მცდელობა კონსტიტუციური უფლების არასწორი ინტერპრეტაციისა და ამ თვალსაზრისით კონსტიტუციური ბალანსისათვის პრობლემების შექმნის მცდელობა.

“საერთაშორისო თვალსაზრისით, კონსტიტუციური მუხლით დევნის წამოწყება ბადებს ბევრ კითხვას და საქართველოს საგარეო პოლიტიკურ იმიჯს აყენებს სეიოზულ ზიანს.

“ყურადღებით დავაკვირდებით პროცესს, რადგან გვიჩნდება ეჭვი, რომ ამ მუხლით დევნის განხორცილება ემსახურება კიდევ ერთხელ პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვას,” – აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

ჟურნალისტების კითხვას, იყო თუ არა სასამართლო პოლიტიზირებული, მარგველაშვილი პასუხობს, რომ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

“მიმდინარე სასამართლო პროცესთან დაკავშირებით კონკრეტულად ამ საქმესთან დაკავშირებით არ ვაკეთებ კომენტარს,” – განაცხადა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, მათ ვერ აღმოაჩინეს ვერც ერთი შემთხვევა როცა ამ უფლების გამოყენებისთვის განეხორციელებინათ დევნა ვინმეს მიმართ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები