LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეზინფორმაციაა, თითქოს მერიის თანამშრომლები ძაღლებს ქალაქში დაყრილი საწამლავით ხოცავენ – კალაძე

92

შეიძლება მართლაც იხოცებიან ძაღლები, მე არ მაქვს ამაზე ინფორმაცია, მაგრამ თუ იხოცებიან დასადგენია რისგან იხოცებიან, რა არის პრობლემა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კალაძის თქმით, მიზანმიმართულად ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს მერიის სამსახურის თანამშრომლები ძაღლებს ქალაქში დაყრილი საწამლავით ხოცავენ.

„ეს არის დეზინფორმაცია. მე ზოგადად ორ ნაწილად დავყოფდი ამ ადამიანებს, ერთი არის ადამიანების ჯგუფი, რომლებსაც გული შესტკივათ ჩვენს ქალაქზე და ხშირია შემთხვევები, როცა ფოტოებით კონკრეტულ ინფორმაციას გავაწვდიან სად რა პრობლემაა. შემდეგ ჩვენ ვრეაგირებთ და ბევრი ცვლილება განხორციელდა ამ მიმართულებით. თუმცა, არის მეორე ჯგუფი, რომელიც მიზანმიმართულად ცდილობს საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში. შეიძლება მართლაც იხოცებიან ძაღლები, მე არ მაქვს ამაზე ინფორმაცია, მაგრამ თუ იხოცებიან, დასადგენია რისგან იხოცებიან, რა არის პრობლემა და არა ის, რომ ეს არის მერიის რომელიღაც სამსახურის მიერ მიზანმიმართულად გაკეთებული. ეს არის უპასუხისმგებლო განცხადებები“, – განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, ცხოველთა დაცვის კომიტეტის წევრების ინფორმაციით, ქალაქში მომწამლავი ნივთიერებით ძაღლები იხოცებიან.

„ქალაქში მთელი თბილისის და წყნეთის მასშტაბით, საერთოდ ყველა უბანში დაყრილია საწამლავი, რომლის გამოც უამრავი ძაღლი მოკვდა. თბილისის მერია ან მუნიციპალიტეტი ყრის საწამლავს და დაიწყეს ცხოველების მასობრივი ამოწყვეტა. ხალხო მიაქციეთ ყურადღება თქვენმა ძაღლმა რამე არ შეჭამოს გარეთ. არ შეიყვანოთ სტადიონებზე და მიაქციოს მედიამ ყურადღება ამ ყველაფერს, გააშუქოს და გამოიკვლიონ თუ რატომ მოკვდა ამდენი ძაღლი ერთი და იგივე სიმპტომებით ეზოდან შემოყვანის შემდეგ რამდენიმე საათში. ისეთი საწამლავია, რომ ძალიან დიდ, ფაქტიურად გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ძაღლებს და იხოცებიან“, – წერს ცხოველთა დაცვის კომიტეტის წევრი მარიამ კენჭოშვილი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები