LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან, 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების რეალიზაცია იკრძალება

134

დღეიდან 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია იკრძალება. ინიციატივა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეკუთვნის. უწყების ინფორმაციით, პლასტიკის პარკების მოხმარება გლობალური მასშტაბის პრობლემას წარმოადგენს.

მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, საგრძნობლად გაიზარდა პლასტიკისგან დამზადებული შესაფუთი მასალის მოხმარება, რაც მნიშვნელოვან პრობლემას უქმნის გარემოს, რომელიც ყველაზე მეტად სწორედ პლასტიკისგან დამზადებული პროდუქციით, განსაკუთრებით პლასტიკის ერთჯერადი პარკებით ბინძურდება.

„მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ პლასტიკის პარკი, თავისი ქიმიური შემადგენლობიდან გამომდინარე, არ ექვემდებარება ბიოლოგიურ დეგრადაციას, ხოლო მის დაშლას 100 წელზე მეტი სჭირდება. პლასტიკის პარკები, ერთჯერადად მოხმარებისთანავე, გადაიქცევა ნარჩენად, ხვდება გარემოში და საბოლოოდ იწვევს გარემოს (ნიადაგის/წყლის) დაბინძურებას. პლასტიკის ნაწარმის მოხმარების ზრდასთან ერთად, პრობლემის მასშტაბები მუდმივად მზარდია. არანაკლებ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ პლასტიკის ნარჩენების სრული გადამუშავება ვერ ხდება.

„საქართველოს მთავრობამ, ახალი გარემოსდაცვითი პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს გარემოს დაბინძურების შემცირებას და ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ინიციატივების წახალისებას, მიიღო რეგულაცია, რომლის მიხედვითაც: 2018 წლის 1 ოქტომბრიდან, იკრძალება 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია. 2019 წლის პირველი აპრილიდან კი აიკრძალება ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია. დაშვებული იქნება ნებისმიერი სისქის მხოლოდ ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია,“ – ნათქვამია ინფორმაციაში.