LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს გაჩაღებული პროპაგანდა, რომ მსუბუქი ნარკოტიკი მავნე არაა, უსინდისო ტყუილია“ – პროვიზორის მოსაზრება

174

პროვიზორი რუსუდან კონჯარია ნარკოტიკებთან და მათ მოხმარებასთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას სოციალურ ქსელში ავრცელებს. ის აღნიშნავს, რომ დღეს გაჩაღებული პროპაგანდა იმის შესახებ, თითქოს მსუბუქი ნარკოტიკი არაა მაცნე, სიმართლეს არ შეესაბამება.

რუსუდან კონჯარია წერს:

„…ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩემი, როგორც მოქალაქის, დედის, პროვიზორის (რომელსაც სააფთიაქო საქმიანობასთან იმაზე მეტი შემხებლობა ჰქონია, ვიდრე იყიდე-გაყიდეა), პოზიცია არის შემდეგი:

ფარმაცია არ ახარისხებს ოპოიდურ საშუალებებს „მსუბუქად“ და „მძიმედ“.

„ნარკოტიკული საშუალების“ განმარტება ეფუძნება ამ საშუალების მიმართ ადამიანის ორგანიზმის მყარი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას, რაც, უმრავლეს შემთხვევაში, მუდმივია და სიცოცხლის ბოლომდე არის შენარჩუნებული.

რატომაა მუდმივი, ამის ახსნას ამ სივრცეში ვერ და არ დავიწყებ და სპეციფიკური ტერმინოლოგიითა და მოქმედების რთული მექანიზმის ახსნის კეკლუცობით არ გადაგღლით. ვიტყვი მხოლოდ ერთი ექსპერიმენტის შედეგს:

40 წლის წინ გარდაცვლილი, ნარკოდამოკიდებული ადამიანის ექსჰუმაციისას, გვამის ძვლების ფრაგმენტებში, ოპოიდური ალკალოიდები სრულად და უცვლელად იქნა აღმოჩენილი (მეორე კურსის სტუდენტისთვის – ანალიზური ქიმიის მინიმალური ცოდნა).

ეს არის ოპოიდებზე მთელი სიცოცხლის მანძილზე შენარჩუნებული ფიზიკური დამოკიდებულების უთვალსაჩინოესი მაგალითი.

ფსიქიკურ დამოკიდებულებაზე არაფერს ვიტყვი. ამის შესახებ კვალიფიციურმა კლინიცისტებმა, ფსიქიატრებმა და სამედიცინო ფსიქოლოგიის სპეციალისტებმა ილაპარაკონ.

ზემოთქმული ჩემთვის ნიშნავს ერთადერთს:

დღეს გაჩაღებული ბულინგი (არ მიყვარს ეს სიტყვა) – „მსუბუქი ნარკოტიკი არაა მავნე, განტვირთვის საშუალებაა“, არის უსინდისო ტყუილის შესაღება საქმეში ჩაუხედავი (ან, რატომ უნდა იყოს ყველა ჩახედული?!) ადამიანებისთვის.

სრულიად და საერთოდ (!), არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რომელ ალკალოიდზე, ან ნივთიერებაზე გახდება ადამიანი დამოკიდებული, რამდენ ხანში და როგორი ინტენსივობით მოხდება მისი პიროვნების შეცვლა, დეგრადაცია, ასოციალიზაცია და სიკვდილი.

თუ, „მსუბუქ ნარკოტიკში“ იგულისხმება „ფინიშამდე“ შედარებით ნელი ტემპით სვლა და აღსასრულის „გადავადება“, მაშინ, ჩემთვის, ასეთი ბულინგი კიდევ უფრო ამაზრზენი ხდება.

კაცობრიობა დიდი ხანია შეთანხმდა, რომ ნარკომანია (ტოქსიკომანია), დანაშაულზე მეტად, ავადმყოფობაა და მას მკურნალობა სჭირდება.

მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზმის ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებულება მუდმივად რჩება, სწორი მიდგომების შემთხვევაში, ფსიქიატრების, ფსიქოლოგების, საზოგადოების ჯანსაღი პოზიციის, ცხოვრების ნირის შეცვლის და ა.შ. ფაქტორების კეთილსაიმედო თანხვედრისას, შესაძლებელია ასეთი ადამიანების რესოციალიზაცია – მათი დაბრუნება ჩვენ გვერდით.

ამის უზრუნველყოფა შეუძლია ჯანმრთელ, ფეხზე მდგარ, სწორი ორიენტირებითა და საშუალებებით აღჭურვილ სახელმწიფოს.

ათასი, თუნდაც, ასიათასი პლანაქეშის ისტერიებით, პიროვნების თავისუფლების უმშვენიერეს იდეაზე ამისი გამობმითა და აპელირებით, მდაბიო რეპერტუარის ყმუილით (ოთახში მესმოდა), თვალების კარკვლით, „ჩემი სხეულია და რასაც მინდა, იმას ვუზამ!“, „ლეგალიზაცია მო@ვით, ბიჭო!“ -თი (ესენიც მესმოდა და აივნიდან ვხედავდი), ასეთი საკითხის გადაწყვეტა საკანონმდებლო დონეზე, არის სახელმწიფოებრივი ქაჯობა, რბილსაჯდომიანი სავარძლის ხამობა და საკუთარი შვილების მომავლისადმი „ორშაურიანი“ დამოკიდებულება, – მთელი თავისი ადვილად პროგნოზირებადი შედეგით.

პრობლემა უკიდურესად მძიმე, სერიოზული და ფაქიზია და ყველა მოცლილის საღეჭი არაა.

სასაფლაოები გადავსებულია, ხოლო ქუჩებში „დენთის“ (აქ შეგვიძლია სხვა სიტყვა დავწეროთ, გემოვნებისა და კომპეტენციის გათვალისწინებით: შემთხვევით არ ჩამისვამს ბრჭყალებში) სუნი დგას.

წერტილი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები