LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს კამპანია “მშობლები ზრუნავენ ბავშვების უსაფრთხო გადაადგილებაზე” გაიმართა

94

დღეს ორგანიზაციამ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის”  პარლამენტის უმრავლესობის ლიდერთან – არჩილ თალაკვაძესთან ერთად საგანმანათლებლო კამპანიის  „მშობლები ზრუნავენ ბავშვების უსაფრთხო გადაადგილებაზე” ფარგლებში საგზაო უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი სასკოლო შეხვედრა გამართა.

კამპანიის ფარგლებში, თბილისში, „მომავლის სკოლაში“, მოზარდები  მგზავრობის დროს სამგზავრო სავარძლების გამოყენების საჭიროებასთან დაკავშირებით ინფორმირდნენ.

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის”  წარმომადგენლის, ეკა ლალიაშვილის, თქმით, კამპანიის მიზანია, საზოგადოებისთვის ცნობილმა მშობლებმა თავიანთი შვილების სკოლაში/ბაღში ცნობიერების ამაღლების მიზნით საგზაო უსაფრთხოების თავიანთი შვილების მეგობრებს ერთი გაკვეთილი ჩაუტარონ და სხვა მშობლებს საგზაო წესების დაცვის მაგალითი მისცენ.

„ეს ბავშვების ის ასაკობრივი კატეგორიაა, რომლებიც ჯერჯერობით საგზაო მოძრაობას მხოლოდ ქვეითის და მგზავრის ამპლუაში ევლინებიან. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ, ფეხით უსაფრთხოდ როგორ უნდა გადავჭრათ ქუჩა, მაგრამ ძალიან ცოტას, ან თითქმის არ ვსაუბრობთ, მგზავრის ამპლუაში მოზარდები უსაფრთხოდ როგორ უნდა იყვნენ. ამ შემთხვევაში, აქცენტს სამგზავრო სავარძლებზე ვაკეთებთ. სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევებისას არასრულწლოვანთა სიკვდილიანობის რიცხვი იმატებს. მთლიანობაში ეს ყველაფერი იმის თქმის საშუალებას გვაძლევს, რომ ჩვენი არასრულწლოვანი ბავშვები მგზავრობისას აბსოლუტურად დაუცველები არიან. როდესაც ვსაუბრობთ, რომ საგზაო კრიმინალის აღსაკვეთად მძღოლების მიმართ გარკვეული რეფორმები გატარდა, ასევე უმნიშვნელოვანესია კანონში ბავშვების უსაფრთხო გადაყვანასთან დაკავშირებით კონკრეტული მუხლი გაჩნდეს, რაც მშობლებს დაავალდებულებს, მოზარდები სამგზავრო სავარძლით გადაიყვანონ. ამაზე ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ცნობიერების ამაღლება, ასევე საკანონმდებლო საკითხებზე მსჯელობა,“ – განუცხადა „ფორტუნას“ ეკა ლალიაშვილმა.

ოქტომბერში თბილისის საბავშვო ბაღებთან, დაკვირვების მეთოდით, „ალიანსის“ მიერ ჩატარებული კვლევით გამოვლინდა, რომ 605 მძღოლიდან, მხოლოდ 6% იყენებს 6 წლამდე ბავშვებისთვის სამგზავრო სავარძელს, 23% კი წინა სავარძელზე სვამს მოზარდს. სამგზავრო სავარძელი ბავშვს შეჯახების დროს დაზიანებისგან და ფატალური შემთხვევისგან 40%-60%-ით იცავს. ევროპული კანონმდებლობით, 150 სმ-მდე სიმაღლის მოზარდისთვის სამგზავრო სავარძლის გამოყენება სავალდებულოა, საქართველოს კანონმდებლობა კი სავარძლის გამოყენებას მშობლებს არ ავალდებულებს.

ბოლო 3 წლის განმავლობაში, ავტოსაგზაო შემთხვევებისას, 7 წლამდე ასაკის 31 მოზარდი დაიღუპა და 988 დაშავდა.