LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დღეს კომისიისგან ცოტათი უფრო მეტს მოველოდი” – გიორგი გახარია

37

“მოდით, ასე შევთანხმდეთ – ჩვენ აქ არ მოვსულვართ დღეს ოპოზიციასთან, ჩვენ მოვედით კომისიის სხდომაზე,” – ამის შესახებ შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში ჟურნალისტებთან განაცხადა.

“ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო და მოქალაქეებს ვუთხრა, რომ გამოძიება გრძელდება, ეს არის პროცესი. სასამართლოში გრძელდება გამოზიების ძირითადი ნაწილი, რომელიც მეორე ინსტანციაშია. გამოყოფილი საქმე გრძელდება და ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვამბობთ, რომ ამ ტრაგიკული საქმის ფარგლებში ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის, რომ ვცხოვრობთ საპარლამენტო რესპუბლიკაში და საპარლამენტო კონტროლის მნიშვნელობას ჩვენთვის არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, სწორედ ამიტომ ვართ ჩვენ აქ დღეს და ამიტომ გავეცით ყველა კითხვაზე პასუხი, რომელიც იყო. ამას ჩვენ გავაგრძელებთ, რადგან ყველას კარგად გვესმის, რომ საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შეიქმნა იმის დასადგენად, გამოძიების პროცესში, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ჯერ არ დასრულებულა,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, ის საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც ჩამოთვალეს, კომისიას დადგენილი არ აქვს, არის თუ არა პირდაპირ კავშირში საბოლოო შედეგთან.

„თუ კომისია, რომელიც უკვე ორ თვეზე მეტია მუშაობს, დაადგენს, რომ ასეთი კავშირი იყო, რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის მთავარი იქნება. ჩვენ კომისიის დასკვნას ველოდებით. დღეს კომისიისგან ცოტათი უფრო მეტს მოველოდი,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში ახლა იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს უსმენენ.