„დღეს მე ოჯახი დამინგრიეთ და მომკალით“ – კიდევ ერთი სექტა თუ ძალადობა ბავშვზე

ახალგაზრდების კიდევ ერთი საშიში დაჯგუფება თუ ოჯახში ძალადობა? – ეს საკითხი მას შემდეგ წამოიჭრა, რაც დუშეთში მცხოვრებმა თამთა ონოფრიშვილმა მისი შვილის ისტორიის გასაჯაროვება გადაწყვიტა.

თამთა წერს, რომ მის გოგონაზე (რომელიც სრულწლოვანია) 15 წლიდან ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ.

მრავალწლიანი ბრძოლის შემდეგ კი საქმეში სხვადასხვა უწყება ჩაერთო და 8 თებერვალს, ანა გოგიშვილის მიმართ ოჯახში ძალადობის ბრალდებით, გამოძიება დაიწყო, მშობლებზე კი შემაკავებელი შემაკავებელი ორდერი გამოიცა.

რაც შეეხება საქმის დეტალებს, როგორც ბავშვის მშობელი წერს, ერთგვარი სექტა, რომელშიც რამდენიმე ახალგაზრდაა ჩართული, მის შვილს მშობლების წინააღმდეგ განაწყობდა. მისი თქმით, ვინმე გოგი ნარეკლიშვილის გარშემო გაერთიანებულ ჯგუფს საკუთარი შეხედულებები, რიტუალები და წესები აქვს.

თამთა საუბრობს გოგის არაადეკვატურ ქცევებზე და ასაჯაროვებს მესიჯებს, რომელსაც ბიჭი მის შვილს წერდა. მესიჯებში კი იკითხება, რომ გოგი ანა გოგიშვილს მშობლებზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების მოხდენას ასწავლიდა.

როგორც თამთა ამბობს, ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა მისმა შვილმა ერთ-ერთი კონკურსის ჯილდო მოიგო (2000 ლარი). სწორედ მაშინ გაიცნო გოგი და მას შემდეგ, აკრძალვების მიუხედავად, მასთან მუდმივი კონტაქტი ჰქონდა.

იმის მიუხედავად, რომ უცხოეთში წაყვანით ანა გოგიშვილი დროებით ჩამოაშორეს ახალგაზრდების ამ ჯგუფს, თამთა ონოფრიშვილი ამბობს, რომ მისი შვილი საქართველში დაბრუნებისთანავე ისევ მათი გავლენის ქვეშ მოექცა.

მშობლის თქმით, სწორედ გოგის და მისი “სექტის” დამსახურებით გაარიდეს ანა გოგიშვილი ოჯახს. დედა ითხოვს, რომ ბავშვის ადგილსამყოფელი გააგებინონ, თუმცა უშედეგოდ.

“ფსიქიატრიულიდან ანა პირდაპირ წავიყვანე ზღვაზე დასასვენებლად, შემდეგ კი წავედით მალევე გერმანიაში. იქ მთლიანად გამოვიდა მდგომარეობიდან. ძველი, მხიარული და საყვარელი ანა იყო. მოეწონა იქაურობა, მოისურვა დარჩენა და იქ სწავლა თეატრალურზე, რაც მისი ოცნება იყო და დავბრუნდით, რომ აეღო ვიზა სასწავლო და წასულიყო ისევ იქ.

“ჩამოსვლის დღიდან დაიწყო კოშმარი.

“შემოვდივარ სახლში ანა გაფითრებული ზის და მეუბნება, მე არსად არ წავალ აქ უნდა ვიყოო. რატომ, რა მოხდა? არაფერი, აქ უნდა ვიყო… ვნახე ნომრები, იმ ლიკას დაურეკავს. რა უთხრა, რა გაუკეთა, რით შეაშინა თუ გააგიჟა ისევ, არ ვიცი, ეს ჩემი შვილი. ნუ, კარგი, არ წახვალ, ნუ წახვალ… მეორე დღეს პოლიცია დაგვადგა, ავუხსენით, რა ხდება… ერთი კვირის მერე ისე დაგვადგა, ისევ ავუხსენით…

“კვირა არ გასულა, ხალხო, რომ პოლიცია არ შემომვარდნოდა… ვეუბნები, ხომ იცით ყველაფერი, რას აკეთებთ, ვიცითო… სამსახური გვაქვს და რა ვქნათო… ყოველი მათი მოსვლა ჩემს შვილს ძალიან დიდ სტრესს აყენებდა და ისევ იმ ცუდ მდგომარეობაში აბრუნებდა… ვერ გავაგებინე პოლიციას ეს…

“პოლიციას დაემატა სოციალური, არიქა, ძალადობენო. ოჯახში მოვიდა ვიღაც ფსიქოლოგი შორენა მ. ფსიქოლოგიო, რომ თქვეს, გამიხარდა, რაა. მეთქი, დაეხმარება ჩემს შვილს გამოჯანმრთელებაში. ისე, დავდიოდით სოფო ვერულაშვილთანაც… ვესაუბრე ამ ფსიქოლოგს, მოვუყევი ყველაფერი, ესაუბრა ჩემს შვილსაც და წავიდა და ისეთი საშინელებები დაუწერია – თურმე, ვძალადობთ, საშინელი ოჯახი ვართ… რატომ, არ ვიცი.

“მოკლედ, დღეს მოგვადგა სახალხო დაცვის ორი გოგო (ავტორის შენიშვნა: სახალხო დამცველის აპარატი ამ ფაქტს არ ადასტურებს) და პოლიცია. წაგვიყვანეს ჩვენ. ვითომ, კითხვებს დაგისმევთო, სინამდვილეში არაფერიც არ გვკითხეს და, რომ მოვედით, ამ პერიოდის განმავლობაში რა მოხდა, არ ვიცი. ხალხო, ჩემი შვილი უკეთ იყო, დაუწერიათ ისევ შემაკავებელი ოქმი ჩვენთვის. როგორც პოლიცია მეუბნება, ჩვენ ყველაფერი ვიცით, მაგრამ სახალხო დამცველებს ვერაფერს ვერ ვაგებინებთო… და ჩემი შვილი წაიყვანეს სადღაც, არ მეუბნებიან, სად,”  – წერს თამთა ონოფრიშვილი.

როგორც თამთა ამბობს, პროკურატურასაც და პოლიციასაც მთელი ეს ინფორმაცია და ფაქტები აქვთ, თუმცა, გამოძიება მაინც მშობლების წინააღმდეგ მიმდინარეობს.

მისი ნაამბობიდან ირკვევა ისიც, რომ საქმეში სხვა დაზარალებული გოგონებიც ფიგურირებენ.

სოციალური ქსელის პოსტებით დასტურდება ისიც, რომ გოგი ნარეკლიშვილი ანა გოგიშვილის მშობლებს, კონკრეტულად კი მამამისს, ბავშვზე ძალადობაში ადანაშაულებდა.

2017 წლის 10 სექტემბერს გოგი ნარეკლიშვილის პოსტი, რომელიც ანას და მის მიმართ ოჯახში განხორციელებულ ძალადობას ეხება.

 

შსს-ში და სახალხო დამცველი საქმის დეტალებზე არ საუბრობენ

ანა გოგიშვილის განცხადების საფუძველზე შემაკავებელი ორდერია გამოწერილი. როგორც „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, მშობლების მიმართ შემაკავებელი ორდერი 8 თებერვალს გამოიწერა.

საქმეზე გამოძიება კი 126-ე მუხლითაა დაწყებული, რაც  ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას, სისტემატურ შეურაცხყოფას, შანტაჟს, დამცირებას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა.

სახალხო დამცველის აპარატმა „ფორტუნასთან“ განმარტა, რომ საქმის შესწავლა მიმდინარეობს, თუმცა, დეტალებზე არ საუბრობენ.

„ვსწავლობთ საქმეს, თუმცა, არ გვაქვს ამ გოგონას წერილობითი თანხმობა, ამიტომ ამ საქმეზე საუბარს ვერ შევძლებთ,“ – აცხადებენ ომბუდსმენის აპარატში.

რაც შეეხება ბრალდებებს მათ მიმართ, სახალხო დამცველის აპარატის პრესასთან ურთიერთობის სამსახურში ამბობენ, რომ ბავშვის ოჯახიდან გაყვანა მათი კომპეტენცია არაა და შესაბამისად, მშობლის ბრალდებები მათ მიმართ უადგილოა.

 

 

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები