LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დიდი ბიჭები” საქმეს არჩევენ – ომიდან 10 წლის შემდეგ რუსეთი ისევ იმუქრება

2008 წლის აგვისტოს ომიდან 10 წლისთავზე რუსეთი საქართველოს კიდევ ერთხელ უქნევს თითს და ღიად ემუქრება. რუსეთის პრემიერმინისტრი დიმიტრი მედვედევი ვრცელ ინტერვიუში ამტკიცებს, რომ საქართველოს ნატოში შესვლას შესაძლოა, კატასტროფული შედეგები მოჰყვეს. რუსეთს ყველაზე მეტად აფრთხობს ნატოს გაფართოება, მეტიც, ის ნატოში გაწევრიანებას მშვიდობის მუქარასაც უწოდებს.

„საქართველოს ტერიტორიაზე არსებობს დაურეგულირებელი კონფლიქტი. ასეთი ქვეყანა სამხედრო ბლოკში უნდა მიიღონ? ამან შეიძლება გამოიწვიოს საშინელი კონფლიქტის პროვოცირება. გაუგებარია, ვის უნდა ეს,” – აცხადებს მედვედევი.

თუმცა, ეს არ არის ერთადერთი, რის გამოც მედვედევი საქართველოსკენ ხელს იშვერს, ის და ოფიციალური მოსკოვი 10 წლის განმავლობაში და დღესაც ჯიუტად ამტკიცებენ, რომ 2008 წლის კონფლიქტის დაწყება მიხეილ სააკაშვილისა და მისი გარემოცვის სუბიექტური არჩევანი იყო. რუსეთის მთავრობის მეთაური, გარდა ამ განცხადებებისა, ამაყობს იმის გამოც, რომ მისი პრეზიდენტობის დროს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყევტილება მიიღო.

ნატოში ინტეგრაციის შედეგებთან დაკავშირებით რუსეთის ლიდერები განსაკუთრებით, სწორედ ნატოს ბრიუსელის სამიტის შემდეგ გააქტიურდნენ. მოსალოდნელ შედეგებზე დაფიქრებისკენ ვლადიმერ პუტინმა საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანების მომხრეებს რამდენიმე კვირის წინ მოუწოდა და ისინი სიტუაციის გამწვავებაში დაადანაშაულა.

რუსეთის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისთვის საქართველო რომ კვლავ დის წესრიგშია, ფაქტია. სხვადასხვა დროს პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა სამინისტრო და მაღალჩინოსნები იხსენებენ და გვახსენებ, რომ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოები არიან და რომ მათი ფუნქცია ამ კონფლიქტში მცირეა.

ოპოზიციაში რუსეთის პრემიერმინისტრის ინტერვიუს მხოლოდ საქართველოს დაშინების მცდელობად აფასებენ და აცხადებენ, რომ ფსიქოლოგიური შეტევა რუსეთის ჰიბრიდული ომის შემადგენელი ნაწილია, რასაც საქართველომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია უნდა დაუპირისპიროს.

რუსეთი არის მტერი, უნდა ვინმეს თუ არ უნდა ამის არ დანახვა, არის ცუდი შეცდომა. ამიტომ, საჭიროა ამ მტრისგან თავდაცვის გზების პოვნა და ეს არის ნატო. სწორედ ამიტომ არის, რომ რუსეთს არ უნდა საქართველო იყოს დაცული. მას სურს, რომ ყოველთვის ვიყოთ მოწყვლადი, სუსტი ქვეყანა. ამდენად, ეს არის მუქარა. რუსეთს ყველაფერი, რაც შეეძლო უკვე დააშავა, რაც ცუდი შეეძლო გააკეთა. ეს არის მუქარა და გადასულია დაშინებისა და ფსიქოლოგიური ზემოქმედების ფაზაზე. ამიტომ, წარმოუდგენელია დავემორჩილოთ ამ შიშს,“ –  განუცხადა „ფორტუნას“ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა “ნიკა რურუამ.

ის, რომ რუსეთის ამ განცხადებაში ახალი არაფერია, თანხმდებიან „ევროპულ საქართველოში“. პარტიის წევრი სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ რუსეთის ამ განცხადებებს უნდა დავუპირისპიროთ საქართველოს მტკიცე პოზიცია, რასაც ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლები არ აკეთებენ.

„რუსეთი უბრალოდ იმუქრება და რეალურად, არაფრის გაკეთება არ შეუძლია. ამას სჭირდება კონტრგზავნილების დაპირისპირება და ჩვენ პარტნიორებთან მუდმივად მუშაობა. ეს არის მორიგი შეშინება ნატოს და საქართელოს ხელისუფლების. იციან, რომ ეს შეშინებები მოქმედებს საქართველოს ხელისუფლებაზე,“ –  აღნიშნა „ფორტუნასთან“ სერგი კაპანაძემ.

რუსეთის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების განცხადებები ახალი არ არის საქართველოს ხელისუფლებისთვის. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას შეფასებით, ყველა განცხადება, რაც რუსეთისგან კეთდება, ნიშნავს იმას, რომ ისინი არ სცემენ საქართველოს, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს პატივს.

„საკმაოდ ცინიკურია ეს განცხადებები, რაც გვესმის რუსეთის ხელისუფლებისგან. რუსეთის განზრახვები რა არის და მათი ხედვა საქართველოსთან მიმართებით, ნათელია. აქედან გამომდინარე, ეს განცხადება, რაც მოვისმინეთ მედვედევისგან, არ მგონია, რომ გასაკვირი იყოს ან სიახლე. რა თქმა უნდა, მწვავეა ამის მოსენა და არ არის სასიამოვნო, მაგრამ მათი ასეთი გააქტიურება გამომდინარეობს იქიდან, რომ ჩვენ გვაქვს პროგრესი და საერთაშორისო საზოგადოების აბსოლუტური მხარდაჭერა. რუსეთი არის სრულიად მარტო თავის ამ განცხადებებში,“ – განუცხადა „ფორტუნას“ თამარ ხულორდავამ.

პოლიტიკოსების განცხადებების მსგავსად, რომ რუსეთის მუქარა შესაძლოა იყოს საფრთხეც, არ გამორიცხავენ ექსპერტებიც, თუმცა, აქვე აცხადებენ, რომ ამან საქართველოს სწრაფვას ევროატლანტიკური კურსისკენ ხელი არ უნდა შეუშალოს.

„მედვედევი პუტინის სურვილების კარგი შემსრულებელია. ჩვენ გვახსოვს, რომ ანალოგიური პუტინმა ნატოსთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ განაცხადა და მედვედევმაც ამ განცხადებას თავის მხრივ, მხარი აუბა. ჯერჯერობით ეს განცხადებები მუქარის შთაბეჭდილებას ტოვებს და დაშინების სტილში უფრო ჯდება. თუმცა, აქ საგულისხმოა, გაუწევს თუ არა ამ დაშინებას ანგარიშს ხელისუფლება. რუსეთს ახლა თვითონ ეშინია, რომ საქართველომ ეს ნაბიჯი არ გადადგას ნატოსკენ და აქეთ გვაშინებს ნაბიჯის გადადგმაზე. საქართველომ უარი რომ თქვას თავის მიერ აღებულ კურსზე, რუსეთი დაუფარავად განაგრძობს დაშინებას. ეს იგივე ლოგიკაა, რაც აქვთ ტერორისტებს. ისინი ცდილობენ, რომ შიში გააჩინონ და ეს შიში გამოიყენონ თავის სასარგებლოდ. რეალურად, რუსეთის ნაბიჯები არის მხოლოდ დაშინებისთვის გადადგმული და მუქარას ვერ შეასრულებს,“ – აღნიშნა „ფორტუნასთან“ საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

რამაზ საყვარელიძისგან განსხვავებულად ფიქრობს ექსპერტი გია ხუხაშვილი. მისი თქმით, ეს არის ვითარება, როცა მსხვერპლს არავინ ეკითხება, “დიდი ბიჭები” საქმეს არჩევენ, მსხვერპლი კი გამოდის დაზარალებული, საბოლოო ჯამში. როგორც ის „ფორტუნასთან“ ამბობს, ეს მუქარა არის მიმართული, არა იმდენად საქართველოს მიმართ, არამედ ნატოსკენ.

„ჩვენ ვხედავთ, რომ დიდი გეოპოლიტიური ომი მიმდინარეობს მსოფლიოში. რუსეთი უფრო აგრესიული და ამბიციური ხდება. ეს არის მუქარა, თუ ამ მიმართულებით იქნა ნაბიჯები გადადგმული, ისინი ზომებს მიიღებენ და სავარაუდოდ, იქნება ეს ზომები ძალიან მაღალი რისკის ზონაში. ნატო და რუსეთი ერთმანეთთან რაღაცეებს არჩევენ და ჩვენ საზარბაზნე ხორცად გამოვდივართ. ეს არის რელაური საფრთხე და მუქარა ნატოს მიმართ,“ – აღნიშნავს გია ხუხაშვილი.

ამასთან, რუსეთის პრემიერმინისტრის განცხადებას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აფასებენ და აცხადებენ, რომ “მუდმივ დესტაბილიზაციაზე აქცენტის გაკეთება, მსოფლიოში გადაწყვეტილების მიმღებ ქვეყნებთან რუსეთის ურთიერთობის ძველი სტილია”.

პრემიერის შეფასებით, რუსულ აგრესიაზე საქართველოს პასუხი არის ძლიერი ქართული სახელმწიფოს მშენებლობა, საქართველოს შეუქცევადი ინტეგრაცია ევროპულ სივრცეში და ძლიერი საზოგადოების, კონკურენტუნარიანი ეკონომიკის ჩამოყალიბება.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კი მიიჩნევს, რომ რუსეთის განცხადებები და პოლიტიკა ძველია, რასაც საქართველომ ყველა ღონე უნდა იხმაროს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის.

ქეთი გიგოლაშვილი