LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდი იმედით ვუყურებ საქართველოს სარაგბო მომავალს – კვირიკაშვილი

172

რაგბი არის ქართველების ხასიათში; ეს არის ისეთი თამაში, რომელიც ყველაზე მეტად შეისისხლხორცა ქართველმა კაცმა და მე ძალიან დიდი იმედით ვუყურებ საქართველოს სარაგბო მომავალს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში განაცხადა, სადაც ახლად გახსნილი, საერთაშორისო სტანდარტების სარაგბო ბაზა დაათვალიერა.

სარაგბო ბაზის მშენებლობა ფონდმა “ქართუმ” დააფინანსა და ის 7,5 მილიონ ლარამდე დაჯდა.

პრემიერმა მოედანზე შეკრებილ მორაგბეებს, მათ გულშემატკივრებს, ყველა ბათუმელსა და აჭარელს ახალი სარაგბო კომპლექსის აშენება მიულოცა.

გიორგი კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველო, როგორც რაგბის ქვეყანა, მსოფლიო მასშტაბით კიდევ უფრო დიდ სიმაღლეებს მიაღწევს.

“ეს არის ის ადგილი, სადაც პატარა ბათუმელები და აჭარლები მსოფლიო რაგბისთვის მოემზადებიან. საქართველო აუცილებლად გახდება მსოფლიო მასშტაბით ძალიან ცნობილი რაგბის ქვეყანა, კიდევ უფრო დიდ სიმაღლეებს აიღებს და ამის წინაპირობაა ის ინფრასტრუქტურა, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა. ეს სტადიონი დააფინანსა ფონდმა “ქართუმ”. ის 7,5 მილიონი ლარი დაჯდა და ქვეყნის მასშტაბით, ფონდ “ქართუს” მიერ დასრულებულია 76 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურა. შენდება კიდევ სამი სტადიონი და გარდა ამისა, დაახლოებით 25 მილიონი ლარის ფარგლებში, დახარჯულია ნაკრების შენახვაზე. მთელი ეს რესურსი, რომელიც დაიხარჯა, რა თქმა უნდა, დიდწილად გახდა იმის საწინდარი, რა წარმატებებსაც დღეს ქვეყანა აღწევს რაგბის მიმართულებით”,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა წარმატებები უსურვა მორაგბეებს და იმედი გამოთქვა, რომ “ბათუმი რაგბში თავის სიტყვას იტყვის”. ბათუმის მორაგბეთა გუნდმა გიორგი კვირიკაშვილს სამახსოვრო საჩუქარი – რაგბის ბურთი გადასცა.

ბათუმში, თანამედროვე სტანდარტების პირველი სარაგბო ბაზის ტერიტორია 4,5 ჰექტარს მოიცავს და სამ მოედანს აერთიანებს. ძირითადი, ბუნებრივსაფარიანი მოედანი – 2500 მაყურებელზე, ხოლო ხელოვნურსაფარიანი მოედანი 500 მაყურებელზეა გათვლილი; მესამე ქვიშის მოედანი კი გათვლილია ფიზიკური დატვირთვისა და მომზადებისთვის. სარაგბო ბაზას ევროპული სტანდარტების განათების სისტემა აქვს, რაც თამაშებისა და წვრთნების ღამის საათებში ჩატარების შესაძლებლობას იძლევა. კომპლექსი ადაპტირებულია შშმ პირთათვის. ფონდ „ქართუს” მიერ აშენებული სარაგბო ბაზები ჯამში 21 მოედანს მოიცავს.

ახლად გახსნილ სარაგბო ბაზაზე, პრემიერ-მინისტრთან ერთად ფონდ „ქართუს” გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე იმყოფებოდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები