დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვა – მოუწევს თუ არა კვირიკაშვილს პასუხისმგებლობის აღება

ყოფილი მინისტრები – ზურაბ ალავიძე და დიმიტრი ქუმსიშვილი პროკურატურაში გამოიკითხნენ. საქმე დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისებასა და გაფლანგვას ეხება. კულუარულად საუბრობენ იმაზეც, რომ შესაძლოა, ყოფილი პრემიერმინისტრი, გიორგი კვირიკაშვილიც დაკითხონ.

არასამთავრობო ორგანიზაციები რამდენიმე თვეა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროში შესაძლო დარღვევებსა და კორუფციულ სქემებზე საუბრობენ.

მთავარ პროკურატურაში ადასტურებენ, რომ გამოძიების ფარგლებში ქუმსიშვილი და ალავიძე დაკითხეს. უწყებაში განმარტავენ, რომ მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისება-გაფლანგვის ფაქტებზე.

თავად დიმიტრი ქუმსიშვილი აცხადებს, რომ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაახლოებით 20 დღის წინ იმყოფებოდა.

„პროკურატურაში გახლდით 20 დღის წინ. ეს იყო გამოკითხვის ფორმატი. მათ სურდათ, ჩემი აზრი დამეფიქსირებინა რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით. მათ შორის იყო ისეთი საკითხი, რომელიც ჩემი მინისტრობის დროს ჩვენვე გადავაგზავნეთ პროკურატურაში. აქედან გამომდინარე, ყველა იმ მოსაზრებაზე, რაც მე მქონდა, გავეცი ამომწურავი პასუხი,“ – განაცხადა ქუმსიშვილმა.

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ყოფილ ვიცე პრემიერს, დიმიტრი ქუმსიშვილს ქვეყნიდან გაუსვლელობის ხელწერილი დააწერინეს. ქუმსიშვილი ამ ინფორმაციას უარყოფს და ამბობს, რომ აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება.

„გუშინ ჩამოვფრინდი საზღვარგარეთიდან. შესაბამისად, არანაირი ხელწერილი არ მაქვს დადებული,“  განაცხადა ქუმსიშვილმა.

ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ალავიძე კი, გავრცელებული ცნობით, აეროპორტიდან უკან დააბრუნეს და საზღვარზე არ გაუშვეს.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურის სამინისტროს იმ პროექტებს, რასთან დაკავშირებითაც კითხვები გაჩნდა, უწყების ამჟამინდელი მინისტრი, მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ მას „გამოძიება არ ჩაუტარებია და არც პროექტების და მიღებული გადაწყვეტილებების შესწავლა დაუწყია“.

„ინფრასტრუქტურის სამინისტროს ახალი გუნდი ვმუშაობთ, პირველ რიგში იმაზე, რომ ყველა ის პროექტი, რომელიც დაწყებულია, სწრაფად, წარმატებულად და ხარისხიანად დავასრულოთ,“ – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ცქიტიშვილის თქმით, არ იცის, როდის იყვნენ ალავიძე და ქუმსიშვილი პროკურატურაში დაბარებული და აღნიშნული ინფორმაცია მედიით შეიტყო.

„სამწუხაროდ, მე არ ვიცი, როდის იყო დაბარებული და ჟურნალისტებთან ერთად ვნახე კომენტარები, რაც გაკეთდა. კითხვების დასმის უფლება და საშუალება ნებისმიერ საგამოძიებო ორგანოს აქვს. შესაბამისად, ეს იქნება პოლიტიკოსი, რიგითი მოქალაქე, პოლიტიკური თანამდებობის პირი, თუ რიგითი საჯარო მოხელე, ყველა ვალდებული ვართ, კანონის მიხედვით გავცეთ ამ კითხვებს პასუხი,“ – განაცხადა ცქიტიშვილმა.

პროკურატურის მიერ ქუმსიშვილი-ალავიძის გამოკითხვას საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები აფასებენ. პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „სამართალდამცავ ორგანოებს თუ აქვთ კითხვები, ეს კითხვები უნდა დაისვას“.

„საკითხთან დაკავშირებით იგივე ინფორმაცია მაქვს, რაც თქვენ გაქვთ. ეს სამართალდამცავი ორგანოების პრეროგატივაა. მათ თუ კითხვები აქვთ, ეს კითხვები უნდა დაისვას და კითხვებზე პასუხები იქნება. შესაბამისად, იმ პროცესებს უნდა დაველოდოთ, რომელიც სამართალდამცავ ორგანოებში განვითარდება,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი ტენდერი, რომელიც ინფრასტრუქტურის თუ ნებისმიერ სხვა სამინისტროში ხორციელდება, განსაკუთრებით მსხვილი ტენდერები, უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალედ განხორციელებული.

უმრავლესობის დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილიც დარწმუნებულია, რომ ყოფილ მინისტრებს კითხვებზე შესაბამისი პასუხები ექნებათ.

„დარწმუნებული ვარ, რომ მათ ექნებათ შესაბამისი პასუხები ამ შეკითხვებზე. რაც შეეხება ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ვფიქრობ, მისი სპეციფიკიდან გამომდინარე, მუდმივად დაკვირვების ქვეშ უნდა იყოს, რომ არც მაღალ და არც ქვედა დონეებზე კორუფციული საფრთხე არ გაჩნდეს,“ – განაცხადა ცქიტიშვილმა.

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი „ფორტუნასთან“ ამბობს, ჯერჯერობით მოვლენათა განვითარებას უნდა დაველოდოთ და მანამდე, უდანაშაულობის პრეზუმპცია უნდა დავიცვათ. რაც შეეხება პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, ხუხაშვილის თქმით, ეს ის შემთხვევაა, როცა სრული პასუხისმგებლობა ყოფილ პრემიერს, გიორგი კვირიკაშვილს ეკისრება.

„თუ ჩვენ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე ვსაუბრობთ, თავისთავად კითხვების არსებობა უკვე პოლიტიკური პასუხისმგებლობის ელემენტის შემცველია. სხვა საკითხია, როგორ განვითარდება ეს ყველაფერი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა გადაიზრდება თუ არა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში, რადგან ეს ორი სხვადასხვა დონის პასუხისმგებლობაა. ის, რომ ბუნდოვანია რაღაც, ბუნებრივია, უკვე ცუდია, ნებისმიერი სახელმწიფო მოღვაწისთვის. რეპუტაციული დანაკარგი უკვე სახეზე გვაქვს, დანარჩენს ალბათ სამომავლოდ ვიხილავთ. კვირიკაშვილის პრემიერმინისტრობის პერიოდში ხდებოდა თუ რამე ხდებოდა. თუ ამ ფაქტების შესახებ კვირიკაშვილმა არაფერი იცოდა, ცუდია, თუ იცოდა – ესეც ცუდია, ანუ ორივე შემთხვევაში ის არის პასუხისმგებელი. არც ეს არ არის ის შემთხვევა, როცა არცოდნა არცოდვის ტოლფასია, პრემიერმინისტრი იმის პრემიერმინისტრია, რომ მინიმუმ საკუთარი მინისტრები მაინც აკონტროლოს, რას და რატომ აკეთებენ,“ – განაცახადა „ფორტუნასთან“ გია ხუხაშვილმა.

ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის თქმით, გიორგი კვირიკაშვილის მხრიდან პოლიტიკური პასუხისმგებლობა უკვე აღებულია და ეს ყველაზე ნათლად ყოფილი პრემიერის პოსტის დატოვების შემდეგ გამოიკვეთა, რაც, ძაბირაძის აზრით, უკავშირდება როგორც აღნიშნულ – დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის, ასევე სხვა მრავალ საკითხს.

ძაბირაძე განმარტავს, რომ თუკი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი დადგება იქ, სადაც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, ეს ქვეყნის შიგნით ნეგატიურ პროცესებს გამოიწვევს.

“გიორგი კვირიკაშვილის პოლიტიკური პასუხისმგებლობა ისედაც დამდგარია, რადგან თანამდებობა დატოვა და გადადგა და ახლა თუ კიდევ საუბარია პასუხისმგებლობაზე, უნდა დადგეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი. კვირიკაშვილი გადადგა – ეს ნიშნავს, რომ მან პოლიტიკური პასუხისმგებლობა არა მარტო ამ საკითხზე, არამედ ზოგადად აიღო იმ პროცესებზე, რაც მისი პრემიერობის დროს ხდებოდა ქვეყანაში. რადგან დღის წესრიგში ეს საკითხი დადგა, რადგან ქუმსიშვილიც და ალავიძეც პროკურატურაში დაიბარეს და რაღაც კითხვები გაჩნდა, ამ კითხვებზე პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს. ეს პასუხი კი საჯარო უნდა იყოს, რომ მისაღები და გასაგები იყოს საზოგადოებისთვის. თუ აქ იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაული, პასუხი უნდა აგოს ყველამ. ეს არის ყველაზე რეალური რამ. “ქართული ოცნება” რას გააკეთებს და როგორ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებენ, არ ვიცი, თუმცა თუ წავალთ იმ გზით, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული და არა სამართლებრივი, ეს იქნება ძალიან ცუდი, პირველ რიგში, სწორედ “ქართული ოცნებისთვის” და ზოგადად, ქვეყნისთვის იმიტომ, რომ არ შეიძლება პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო იქ, სადაც არის სამართლებრივი გადაწყვეტილება მისაღები,” – განაცხადა “ფორტუნასთან” ვახტანგ ძაბირაძემ.

“ქართული ოცნების” უკვე ყოფილი წევრი, დავით ჭიჭინაძე ამბობს, რომ თუ ვინმე ხალხის ფულის მოპარვაშია ეჭვმიტანილი, რა თქმა უნდა, პასუხი უნდა აგოს. ჭიჭინაძის თქმით, მმართველმა გუნდმა საზოგადოებას უკვე ნათლად აჩვენა, რომ ის ხალხის ფულის მითვისებას არავის აპატიებს და ამაში გასაკვირი არაფერია.

“თუ კვირიკაშვილის დაკითხვაც გახდა აუცილებელი, რა თქმა უნდა, ისიც უნდა დაიკითხოს. გამოძიების შეკითხვებზე პასუხი უნდა იქნეს გაცემული. ხალხის ფულის მოპარვა არავის უნდა შერჩეს. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის – ქურდი ქურდია და ხალხს არ აინტერესებს, ვის რა თანამდებობა ეკავა. თუმცა, სწორად არც ის მიმაჩნია, რომ წასულ კაცზე მოხდეს ხელების შეწმენდა,” – ამბობს დავით ჭიჭინაძე.

ცნობისთვის, გუშინ “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნომ პარტიიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო, რასაც როგორც მმართველი გუნდის, ასევე ოპოზიციური პარტიების მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. ანალიტიკოსები ჭიჭინაძის “ქართული ოცნებიდან” გარიცხვას მმართველი პარტიის მიმართ მის კრიტიკულ განცხადებებს უკავშირებენ.

თათია კაკიაშვილი